„21 დღე საქართველოში“ - ამ სახელწოდების წიგნი ისრაელში ერთ-ერთმა პრესტიჟულმა გამომცემლობამ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის მხარდაჭერით გამოსცა. წიგნის ავტორი ებრაელი სტუდენტი კორალ კრატენშტეინია.
წიგნის ავტორმა ფეხით მოიარა საქართველო, გაეცნო ხალხს, მის ყოფას. წიგნი სწორედ ტურისტის თვალით დანახულ საქართველოზე მოგვითხრობს.
„21 დღე საქართველოში“ საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს მხარდაჭრით გამოიცა. როგორც მოშემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობის ჯაჭვი ცალკეული რგოლებისგან იქმნება.
„ამ დღეებში საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის მხარდაჭერით, კიდევ ერთი ასეთი რგოლი შეიკრა. როდესაც საქართველოდან ასული ებრაელი აკეთებს ქართულ საქმეს – ეს ოდენ ნოსტალგიაა და ნაკლებად პასუხობს ბიზნეს-პალატის ფორმატს, ხოლო როდესაც საქართველოსთვის უცხო, ისრაელში დაბადებული ებრაელი იმავე საქმეს აკეთებს, იგი უკვე თვისობრივად ახალი რგოლია, რომელიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და პასუხობს საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის საქმიანობის ძირითად პრინციპებს. ისრაელელი გოგონას ეს ნამუშევარიც სწორედ ასეთი რგოლთაგანია, ჩაბმული საქართველო-ისრაელის სახელმწიფოებრივი კავშირის ხვალინდელი დღის ერთიანი ჯაჭვში“, - განაცხადა საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ.
საქართველოში წიგნის „21 დღე საქართველოში“ პრეზენტაცია 20 ოქტომბერს, ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ისრაელის სახლში გაიმართება.
(მოამზადა ანა ნოდიამ)