პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კარდენახში მევენახე სოსო ტურიაშვილის ოჯახს ესტუმრა. მან ინფორმაცია რთველის მიმდინარეობის შესახებ ოჯახის უფროსისგან მიიღო. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წელს დამატებით 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა, რაც იმის დასტურია, რომ მეღვინეობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
პრემიერის თქმით, მეღვინეობის განვითარება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის აღორძინებას, რაც ფეხზე დააყენებს ქართულ სოფელს, ქართველ გლეხს, გაზრდის ხალხის შემოსავალს, კეთილდღეობას და საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლას.
პრემიერის განმარტებით, შარშანდელი რთველის შედეგად კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ღვინის კომპანიებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ბევრი - 92 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს.
ასევე, მევენახემ კმაყოფილება გამოთქვა ყურძნის ფასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გასულ წელს ერთი კილოგრამი საფერავი ერთ ლარად ჩააბარა, წელს კი - 1,50 ლარად.
(მოამზადა ანა ნოდიამ)