reportiori.ge - "სულ დიმას თვალები მიდგას თვალწინ... გული მტკივა, ასე რომ წავიდა"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:47
პრეს-დაიჯესტი
"სულ დიმას თვალები მიდგას თვალწინ... გული მტკივა, ასე რომ წავიდა"
ავტორი:
19 სექტემბერი, 2014. 12:16


"ფილმშიც ისეა, რომ ტბაში თევზებთან მიდის და ამ ცხოვრებამაც არ მისცა საშუალება, ზემოთ ეტივტივა..." 


"მხატვრული ფილმი "ტბა" ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი, დიმა ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებდა (მთავარი გმირის, ზურას როლშია დიმა..)...ერთი წუთია ეს ცხოვრება... გუშინ ჩემი ძმა, დიმა შველიძე დაიღუპა" - ეს სიტყვები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დიმა შველიძის ძმობილმა - კოკა კვინიკაძემ გამოაქვეყნა...


კოკა საფრანგეთიდან გვესაუბრა...


- ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ჯამრთელობის ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა და ჩვენ არაფერი ვიცოდით. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თავში ჰქონდა სიმსივნე. ვერც კი მოასწრეს ნორმალურად გამოკვლევა, ისე გარდაიცვალა. სრულიად ახალგაზრდა - 39 წლის წავიდა ამ ქვეყნიდან... 

მისი ცხოვრება მეგობრებით შემოფარგლებოდა... ყოველი დღე მათთან ერთად იწყებოდა და ღამდებოდა. ცდილობდა, სულ მათთან ერთად ყოფილიყო. ისეთი ხასიათი ჰქონდა, გაბრაზებაც იცოდა და შეიძლება ზედმეტადაც გამოეხატა გაბრაზება, მაგრამ წყენას გულში არ იტოვებდა. თუ უთანხმოება მოუვიდოდა სხვასთან, ცამდე მართალიც რომ ყოფილიყო, ამას ძალიან განიცდიდა... დიმა ჩვეულებრივი ახალგაზრდა თბილისელი ბიჭი იყო, რომელსაც ქუჩაც უყვარდა, ახლობლებიც და ყველაფერი თბილისური...


- ოჯახი ჰყავდა?


- მეუღლეს გაშორებული იყო. ერთი შვილი ჰყავს -ელენე. ელენე ახლა 11 წლისაა და თბილისში ცხოვრობს...


ნათია გოგოჭური (ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, რომელმაც ფილმში "ტბა" დიმას დედა განასახიერა):


სულ დიმას თვალები მიდგას თვალწინ, წამი არ არის, მასზე არ ვფიქრობდე და იმდენად მტკივა გული, ასე რომ წავიდა, რომ მგონია, რაღაც ნაწილი დამაკლდა...მასთან სულ მქონდა ურთიერთობა, მაშინაც როდესაც პრობლემური პერიოდები ჰქონდა. 


თეატრალურ უნივერსიტეტში რეზო ჩხეიძის ჯგუფში სწავლობდა, შემდეგ უცებ ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა. ამერიკაში ვიღაც შავკანიანმა თავში ჩაარტყა და ტრამვა მიიღო. შემდეგ ისევ საქართველოში ჩამოვიდა...


თავიდანვე სევდიანი ბიოგრაფია ჰქონდა: მშობლები ადრე დაეღუპა. დიმას მეზობელ, უკეთილშობილეს ქალბატონს მისი ტოლა ბიჭი - კოკა კვინიკაძე ჰყავდა და ფაქტიურად მარტოხელა დედამ დიმაც შეიკედლა და ზრდიდა. კოკა ხომ ფანტასტიური პიროვნებაა, მაგრამ დიმა ბავშვობიდან "ხულიგანი" იყო. ფილმში გადაღებისას სრულიად ახალი სამყარო ნახა. შემდეგ სამწუხაროდ ძალიან დაიძაბა მისი ცხოვრება. ამერიკაში წავიდა, მაგრამ იქ ვერ აეწყო. საქართველოში რომ დაბრუნდა, დაოჯახდა, მაგრამ ვერც პირადი ცხოვრება აეწყო. სულ ვფიქრობდით მე და ზაზა, რამე ფილმში გადაგვეღო და ეს ბიჭი ისევ მსახიობობისკენ შემოგვებრუნებინა.. შემდეგ გავიგე, რომ დაიჭირეს და ძალიან გული მეტკინა...

"ტბაში" დედის როლს ვთამაშობდი.. ყველაფერს ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა. სულ დაძაბულად და კაცურად იქცეოდა, ვინმეს მისთვის ცუდი არ ეთქვა, ან მის წინააღმდეგ ცუდი არ გაეკეთებინა. ისე გამოდიოდა, რომ ამ ცხოვრებაში ვინც ადვილად ეგუება რაღაც-რაღაცეებს, ამ ბიჭს ვერ ეგუებოდნენ. ფილმშიც ისეა, რომ ტბაში თევზებთან მიდის და ამ ცხოვრებამაც არ მისცა საშუალება, ზემოთ ეტივტივა... 


დამნაშავედაც კი ვგრძნობ თავს, რატომ უფრო არ ჩავერთეთ მის ცხოვრებაში.ამერიკაში რომ წავიდა, იქედან ფაქტიურად დაინვალიდებული ჩამოვიდა. აქაც სამუშაო ვერ ნახა, არადა უნიჭიერესი ბიჭი იყო. კიდევ ერთხელ ვინც უყურებს "ტბას", ყველა დარწმუნდება, რომ დიმა განსაკუთრებული იყო. 




 

(მანანა გაბრიჭიძე, კვირისპალიტრა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016