21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს სახალხო დამცველი და მისი აპარატი უერთდება და აღნიშნავს მშვიდობის საერთაშორის დღეს. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.
მშვიდობა ყოველთვის აქტუალური თემა იყო ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის. დღემდე მტკივნეულ საკითხად რჩება მოუგვარებელი კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა და რომელმაც მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს.
ნათელია, რომ მხოლოდ ომისგან თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი მდგრადი განვითარების მიღწევა, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვაზე, სოციალურ კეთილდღეობაზე, თანასწორობასა და ეკონომიკურ აღმავლობაზე.
დიახ, მშვიდობა ჩვენი უფლება და ხელისუფლების ვალდებულებაა. მშვიდობა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება, როგორც ხელისუფლებისაგან, ისე საზოგადოებისაგან დაუღალავ შრომას, თანმიმდევრობას, მოქნილობას, მიმტევებლობასა და მშვიდობის იდეის ერთგულებას მოითხოვს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და დე ფაქტო მთავრობებს სოხუმსა და ცხინვალში, შეუერთდნენ დღევანდელ დღეს, ძალისხმევა არ დაიშურონ, რათა მოლაპარაკებების დროს ადამიანის უფლებები და მოქალაქეების კეთილდღეობა პოლიტიკურ უთანხმოებაზე პრიორიტეტული გახდეს და უერთგულონ მშვიდობის იდეას", - ნათქვამია განცხადებაში.