სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა. მისი თქმით, „საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია და უპირველეს ყოვლისა უნდა აღიაროს და ადიდოს შობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა". პატრიარქმა გაიხსენა ისტორიაც, რომელიც დედამისს შეემთხვა.
"მე მახსენდება ჩემი ბავშვობა. ბავშვობაში ჩვენ დავდიოდით წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში, ვლადიკავკაზში. იქ არის საფლავი წმინდა ანასტასიასი. ერთ კვირა დღეს, ჩვენ წავედით ტაძარში. შუა წირვის დროს დედაჩემი გამოვიდა ტაძრიდან, ჩვენ დაგვტოვა ეკლესიაში და წმინდა ანასტასიას საფლავთან მივიდა. იქ იდგა თექვსმეტი ადამიანი და ტიროდა. დედაჩემს უკვირდა რატომ ტიროდა ყველა და ჰკითხა მათ. ისინი კი ასევე შეეკითხნენ ვერაფერი დაინახეო? შემდეგ კი უთხრეს, რომ პირჯვარი გადაეწერა და მუხლებზე დამდგარიყო. დადგა მუხლებზე დედაჩემი, გადაიწერა პირჯვარი და დაინახა, რომ საფლავზე დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრით ხელში. დაიწყო ტირილი დედაჩემმა და დაიხარა, რომ ფეხებზე მთხვეოდა, თუმცა გაქრა ღვთისმშობელი, შემდეგ კი ისევ გამოჩნდა. ეს იყო დღე, წირვის დროს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა აჩვენა ხალხს, რომ ის მფარველობდა იმ ქალაქს, ვლადიკავკაზს", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღეს ჩატარებულ ერთობლივ ლოცვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს „ძალიან მნიშვნელოვანი" და „დიდი ძალის მიმცემი" იყო.
უწმინდესმა მღვდელ-მონაზონი პეტრე წულაძე და მღვდელმონაზონი ნიკოლოზ ჯაფარიძე დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა. პატრიარქმა, ბავშვთა სოლიდურ სიმსივნესთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბავშვებიც დალოცა. ასევე, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდი დალოცა, რომელმაც მოსკოვში პრემიერლიგის ჩემპიონობა მოიპოვა.
ილია მეორემ მრევლს ღვთისმშობლისადმი ყოველდღე ლოცვისკენაც მოუწოდა.