საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
„მის აღმატებულებას, სომხეთის პრეზიდენტს ბატონ სერჟ სარგსიანს
თქვენო აღმატებულებავ!
პირადად ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა სახელით, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - სომხეთის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს და ვუერთდები სომეხი ხალხის დღევანდელ ზეიმს.
ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა ათასწლეულობით იზომება. საქართველოში პატივს მიაგებენ თქვენი ქვეყნის დიდ კულტურასა და ისტორიას, მის თანამედროვეობას. ჩვენი ურთიერთობა არამხოლოდ ძმობისა და მეგობრობის მაგალითია, არამედ - მნიშვნელოვანი წინაპირობა რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.
მსურს დაგარწმუნოთ, რომ მზად ვარ დაუღალავად ვიშრომო ამ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო სურვილები მოძმე სომეხ ხალხს.
პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი"- ნათქვამია განცხადებაში.