reportiori.ge - დღეს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:32
რელიგია
დღეს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს
ავტორი:
22 სექტემბერი, 2014. 12:33


 

22 სექტემბერს (ახ. სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის შემდგომ დღესასწაულს, წმინდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა - იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს.


წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა იუდეის პატარა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმინდა იოაკიმე წმინდა დავით მეფის შთამომავალი იყო, ანა კი - მღვდელმთავარ აარონისა. ერთი - მეფეთა გვარიდან, მეორე - მღვდელმთავართა გვარიდან.


ისინი მართლმრწმუნე ადამიანები იყვნენ. თავიანთი ნაშრომის ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდნენ, მეორეს გაჭირვებულებს ურიგებდნენ, მხოლოდ მესამე ნაწილს იტოვებდნენ ოჯახის შესანახად.


მორწმუნე ცოლ-ქმარმა ისე მიაღწია ხანდაზმულობამდე, რომ შვილი არ შეეძინათ. იმ დროს უშვილობა ითვლებოდა ღვთის სასჯელად ცოდვების გამო. წმინდა იოაკიმეს ძველი აღთქმის სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლეს გაშორებოდა და სხვა შეერთო, მაგრამ ეს არ გააკეთა.


დიდ დღესასწაულებზე ისინი იერუსალიმში ადიოდნენ. ერთხელაც, როცა იოაკიმე ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილისა. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.


როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანა ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალი ჰკიდა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: „ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო".


უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: „ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასული, სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა".


ანგელოსი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა და მასაც აუწყა სასიხარულო ამბავი. გახარებულმა იოაკიმემ და ანამ ტაძარს მიაშურეს, ისინი იერუსალიმის კარიბჭესთან შეხვდნენ ერთმანეთს და სიხარულით გადაეხვივნენ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ქალწულს ღმერთს შესწირავდნენ.


მართლაც, ანამ მუცლად იღო და შვა ქალწული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, სამი წლისა კი, აღთქმისაებრ, იოაკიმემ და ანამ ტაძარში წაიყვანეს და იქ აღიზრდებოდა სხვა ქალწულებთან ერთად. მარიამის დაბადებიდან მალე იოკიმე გარდაიცვალა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში 79 წლის ასაკში ღვთისმშობლის ხარებამდე ცოტა ხნით ადრე.


წმიდანი იოაკიმე და ანა, როგორც ქრისტეს ხორციელი წინაპრები, იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა".


   ფარავდეს სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი!


(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016