reportiori.ge - „გამორიცხულია, სააკაშვილის მობრუნებას ამერიკამ მხარი დაუჭიროს!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:01
პრეს-დაიჯესტი
„გამორიცხულია, სააკაშვილის მობრუნებას ამერიკამ მხარი დაუჭიროს!“
ავტორი:
22 სექტემბერი, 2014. 21:31



დევნილი მეშვიდე ქუჩაზე... ნიუ-იორკ თაიმსში ამ სათაურით გამოქვეყნებული წერილიდან ვიგებთ, სად და როგორ ცხოვრობს უქონელი ექსპრეზიდენტი, რომელიც თურმე მეტროთი გაჭირვების გამო გადაადგილდება: 

 

გასული წლის ნოემბერში თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯორჯ ბუშის ფავორიტმა, რომლის კონფრონტაციამ ვლადიმერ პუტინთან 2008 წლის დამანგრეველი ომი გამოიწვია, მოახდინა თავისი ბიძის ბინის ოკუპაცია ერთ-ერთ კოშკში უილიამსბურგის სანაპიროზე, გაურკვეველი წარმომავლობის სიმდიდრით ცნობილ რაიონში, სადაც დღეს ფუფუნებაში ატარებს დროს. 

 

სააკაშვილი იმყოფება ნებაყოფლობით დევნილობაში მეშვიდე ქუჩაზე და გეგმავს ტრიუმფალურ დაბრუნებას მიუხედავად იმისა, რომ დიდების მწვერვალებიდან მისი მყისიერი დაცემა გაფრთხილებაა ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისთვის, რომლებსაც ჰქონდათ იმედი, რომ ის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის სამაგალითო ექსპორტიორად იქცეოდა. 

 

ბატონი სააკაშვილი, რომელიც ბევრად უფრო ჩასუქებულია, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამტკიცებს, რომ ამ კონფლიქტის კვალდაკვალ უნდა მოხდეს მისი, როგორც შეუპოვარი ლიდერის, რეპუტაციის გადაფასება, რომლის მშვიდობიანი ვარდების რევოლუცია და რეფორმებისადმი ერთგულება მოექცა ოპონენტების სასტიკი დევნისა და კანონის უზენაესობის გაუკუღმართების წლების, ასევე ბატონი პუტინის ომისკენ პროვოცირების ჩრდილში, რამაც შედეგად მოიტანა საქართველოს ათასობით მოქალაქის სიკვდილი, დევნილობა და გაღატაკება.

 

გავლენიანი გამოცემა წერს, რომ  სააკაშვილის პირადი რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას ართულებს მისი პოპულარობის დაცემა შინ, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები. სააკაშვილი ქედმაღლურად უგულებელყოფს პროკურორებს, როგორც მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებულ ფინიებს. 

 

სტატიაში ნათქვამია, რომ აგვისტოში პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი წაუყენა ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში, რომელიც მოხმარდა პირადი სტილისტის სასტუმროს, ორი მოდელის სასტუმროსა და მოგზაურობას, ბოტოქსსა და ეპილაციას, იტალიაში იახტის დაქირავების, ლონდონელი მხატვრის მერედიტ ოსტრომის (რომელიც ტილოზე თავისი შიშველი სხეულის ანაბეჭდებით ქმნის ნახატებს) ნამუშევრების შესყიდვისა და სხვა ხარჯების დაფარვას. ასევე, ბრალად ედება 2007 წელს პოლიტიკური საპროტესტო აქციის დარბევა. 

 

ბატონ სააკაშვილს ასევე ედავებიან საჯარო სახსრების გამოყენებას 2009 წელს მისი მასაჟისტის, დოროტი სტაინის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. სააკაშვილის მონაყოლის თანახმად, ქალბატონმა სტაინმა მხოლოდ ერთხელ ჩაუტარა მას მასაჟის სეანსი, თუმცა თავად ქალბატონი სტაინი აცხადებს, რომ მას გადაუხადეს 2000 ევრო მასაჟის რამდენიმე სეანსში, საფირმო კბენის მასაჟის ჩათვლით. 

 

ნიუ-იორკ თაიმსი წერს, რომ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სააკაშვილის 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

 

ნიუ-იორკ თაიმსიდან ვიგებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, ტაფტის უნივერსიტეტში ლექტორობას აპირებდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან უნივერსიტეტმა ურთიერთობა დაასრულა. 

 

სტატიიდან ასევე ირკვევა, რომ ლინკოლნ მიტჩელი, სააკაშვილის კრიტიკოსი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ იურიდიული სკოლის ლიდერები შეშფოთებულნი არიან: საერთაშორისო ტრიბუნალს არ უნდა გაესამართლებინა? 

 

შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკ თაიმსმა სააკაშვილს სერიოზული დარტყმა მიაყენა, მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე, ქრონიკასთან საუბარში სააკაშვილის ინტერვიუს აფასებს და აი, რას აცხადებს: 

 

მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილი აშშ- პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან, კერძოდპრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციიდან მთლიანად გარიყულია. მას სულ რამდენიმე საკონტაქტო პიროვნება დარჩა სენატორი მაკკეინი, ნულანდი და ბილ კლინტონი. შეგახსენებთ, ბილ კლინტონმა თავის დროზე თქვა, ჩვენი კოლუმბია უნივერსიტეტდამთავრებული სტუდენტი ქვეყნის პრეზიდენტია და დემოკრატიას ნერგავს ახალ დამოუკიდებელ ქვეყანაშიო, ხოლო ცოტა ხნის წინ თბილისში გამართული ლგბტ აქციების შემდეგ შეხვდა კლინტონს და უთხრა, თქვენ ამხელა როლი შეასრულეთ უმცირესობების დაცვაში, ხოლო ჩვენთან საქართველოში ბარბაროსობა ხდებაო. სხვათა შორის, მახსოვს როგორი სკანდალი ატყდა აშშ-ში, როცა ბილ კლინტონმა მეუღლესთან ერთად გეი-აღლუმებზე დაიწყო სიარული, ხოლო ვიეტნამის ომის ვეტერანების შეკრებებზე არ ცხადდებოდა. ამერიკული პრესა წერდა, მათ იანგარიშეს, სად მეტ ხმას მიიღებდნენ და იმის მიხედვით დადიოდნენ გეი-აღლუმებზეო. მეგობრობაცაა და მეგობრობაც, მაკკეინი იყო 2012 წლის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსული, პოლიტიკური სილა რომ გააწნა სააკაშვილს. როცა სააკაშვილი ყვიროდა, ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, მის უკან რუსული ფულია და ივანიშვილი როგორც მეხუთე კოლონა პუტინის გამოგზავნილიაო, მაკკეინმა პრესკონფერენციაზე ძალიან მშვიდად და მტკიცედ თქვა: ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ, არავითარი რუსული ფული და მით უმეტეს პუტინის ხელი ივანიშვილის უკან არ დგას. ასე გააწნა მაშინ პოლიტიკური სილა სააკაშვილს მაკკეინმა. ახლა რაც შეეხება ნიუ-იორკ თაიმსში სააკაშვილის ინტერვიუს... პატარა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები არცთუ ისე ხშირად დადიან მანჰეტენზე ასე ეგზოტიკურად ჩაცმულები, მოკლედ, წითელი შარვლითა და მწვანე ბოტასებით, თანაც ველოსიპედით, რომლებიც ასე ეპატაჟურად იქცევიან. ეს უკვე ნებისმიერი კორესპონდენტისთვის მასალაა. სტატიაში ისიც აღნიშნულია, რომ სააკაშვილი ძალიან დამრგვალდა, ღიპი დაედო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა. ვინც კი ნიუ-იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ ამ წერილს წაიკითხავს, ეს არანაირად არ არის სააკაშვილის მხარდასაჭერი წერილი. რაც შეეხება რეალურ ვითარებას, თავის დროზე კონდოლიზა რაისს ჰკითხეს, სააკაშვილს ვადა რომ ამოეწურება პრეზიდენტობის, რას იზამსო? მან განაცხადა: ჯორჯ ბუშს ცენტრი აქვს, ჩამოვა ჩვენთან და ლექციებს წაიკითხავსო. წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ბუშის სარეკლამო ბიჭუნა იყო, ფერადი რევოლუციები ყველგან დაჭკნა, ერთადერთი საქართველოში იყო რევოლუციური ხელისუფლება, რომელმაც თავი პიარით გაიტანა, ამის გამო ბუშის ადმინისტრაცია და პირადად ბუში, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა. გამოქვეყნებულია ბუშის საუბარი მერკელთან, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ... არ დამიწყოთ სააკაშვილის ავტორიტარიზმზე ლაპარაკი, ამბობს ბუში, ისედაც ყველაფერი ვიცი... ის გადადგა, სხვაგან უამრავი ცემა-ტყეპაც მომხდარა, მსხვერპლიც ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტები არ წასულან. ასე ამართლებდა ბუში თავის პროექტს, სახელად სააკაშვილი. ვინც მაშინ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობაში იყო, ეს ჯგუფი იძულებულია, ბევრ რამეზე თვალი დახუჭოს. ამერიკის ადმინისტრაციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც უნდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ყველამ შესანიშნავად იცის, რომ სააკაშვილმა ისინი მოატყუა 2008 წლის ზაფხულში, მოატყუა ღალატის დონეზე, როცა შენ სტრატეგიულ პარტნიორს ფიცს დაუდებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ წამოეგები პროვოკაციაზე, არ დაიწყებ სამხედრო ოპერაციებს და შენ ამ ნაბიჯს მაინც დგამ და თანაც ღრმად ტოპავ, ბუშმა ეს მიიღო, როგორც სააკაშვილის მხრიდან ღალატი, შემთხვევითი არ იყო, რომ 12 აგვისტოს ბუშმა სარკოზის სატელეფონო საუბრისას უთხრა: ნიკოლა, არ წახვიდე საქართველოში, აზრი არა აქვს, რუსებს შეუძლიათ, ერთ საათში ყველაფერი დაასრულონ და თბილისიც აიღონ. 

 

თუმცა სარკოზი ჩამოვიდა და მან ცეცხლის შეწყვეტის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამბობენ, რომ სააკაშვილმა ის აეროპორტში არ გააცილა, რატომ? 

 

ახლა ძალიან საინტერესო ამბავს გეტყვით, როცა აგვისტოს ომის დროს სარკოზი საქართველოში ჩამოვიდა, მან ამოაშლევინა ის მთავარი პუნქტი, რომელიც საქართველოს იცავდა იმისგან, რომ რუსეთი ვერ ცნობდა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას. მაშინ სარკოზიმ საქართველოს გულისთვის პირდაპირი გაგებით, იბრძოლა, ხმასაც აუწია და თქვა, ეს არის მნიშვნელოვანი პუნქტი, შენ ეს გიცავს საფრთხისგან... ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ამაზე ხელს აწერსო... ნიშანდობლივია, როცა სააკაშვილმა ისტერიკა მოაწყო და ამოაშლევინა ეს პუნქტი, სარკოზი იმ ღამითვე დაუკავშირდა თბილისიდან სააკაშვილის რეზიდენციიდან მედვედევს, გააღვიძა და მედვედევმა, რომელიც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, მყისიერად უპასუხა: ამოშალე, აბა რა!.. მაგრამ შემდეგ, როცა სარკოზი სიტყვით გამოვიდა, ორი ხელი აწია და თქვა: ბატონო პრეზიდენტო, რუსეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი... შემდეგ ნახევარი გამოსვლა მიუძღვნა იმის ახსნას, რატომ არის რუსეთი საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარკოზი აეროპორტში არავინ გააცილა. ეს ხომ დიდი შეურაცხყოფაა, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი ქვეყნის და ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტს ასე რომ მოექცევიან?.. 

 

რატომ თქვა უარი სააკაშვილმა ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღებაზე? 

 

ის ხომ ფსიქოპათია, როცა შეტევა ეწყება, ხდება შეურაცხადი, ირაციონალური, მას შეუძლია ნებისმიერი რამ გააკეთოს. მიშა ყვიროდა გაუშვით სარკოზი, არავინ გააცილოთ!!!, მისი ბრძანებები ავტომატურად სრულდებოდა. კაციშვილი აღარ იყო მის გარშემო დარჩენილი, ვინც მიშას ჭკუაზე მოიყვანდა. ადრე მხოლოდ რამდენიმეს შეეძლო სააკაშვილის შეჩერება, პირველ რიგში ეს იყო ჟვანია, მე მოწმე ვარ და საჯაროდაც მომიყოლია, როგორ უყვიროდა ბურჯანაძე 2007 წლის 7 ნოემბერს სიტყვა გიჟის ხშირ-ხშირი გამოყენებით. ასევე, შეეძლოთ ბოკერიასა და რურუას მისი შეჩერება. 

 

თქვენ თვლით, რომ ის პუტინის თამაშს თამაშობდა? 

 

სააკაშვილი პუტინისთვის ნამდვილი იდიოტი იყო, ეს არ არის სალანძღავი სიტყვა, არამედ გავლენის აგენტის ის ფორმაა, როცა უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს რომელიმე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირს და ისე იყენებს, რომ ის უბედური ვერც ხვდება. ანუ ადამიანს ჰგონია, რომ ის პატრიოტულ საქმეს აკეთებს, სინამდვილეში მანიპულირებადია და აკეთებს სხვა სპეცსამსახურების საქმეს ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნობილია რომ სააკაშვილს საკუთარმა გუნდმა უთხრა, რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ხელისუფლებაში დიდხანს ვერ გავძლებთ და შემდეგ უკვე დაიწყეს რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირების მოძებნა. სააკაშვილს მერაბიშვილმა უთხრა: თუკი პუტინთან და მის ხალხთან კონფრონტაციას გავაგრძელებთ, დაგვამხობენ. ამიტომ პირადი ურთიერთობები უნდა დავარეგულიროთ. ამის შემდეგ მერაბიშვილი დადიოდა ყალბი პასპორტებით, ხან მინსკში, ხან ბაქოში, თეა თუთბერიძე რომ თეა თუთბერიძეა, იმანაც კი თქვა საჯაროდ, რომ მერაბიშვილი მუშაობდა რუსეთის სპეცსამსახურის სამსახურებზე. სააკაშვილმა ეს იცოდა და ეთანხმებოდა, რადგან მისი პრეზიდენტობა ამ ურთიერთობებზე იყო დამოკიდებული. მაგრამ ეს ურთიერთობები არ ითვალისწინებდა ლანძღვაზე მორატორიუმის გამოცხადებას, ჩვენმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკაში საკმაოდ ხშირად ხდება, რომ მხარეები თანხმდებიან ხალხის დასანახად ლანძღვაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პირად ურთიერთობებში პრობლემები აქვთ. ვინმემ რომ ნახოს, რა ობიექტები გადაეცა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთს, ისე იცვლებოდა ჩვენი საზღვარი, რომ ესენი ხმას არ იღებდნენ. მავთულხლართების უდიდესი ნაწილი სააკაშვილის დროს იყო გაკეთებული რუსი მესაზღვრეების მიერ სამხრეთ ოსეთში. ერთი აქცია არ ჩაუტარებიათ, ხმა არ ამოუღიათ იმიტომ, რომ არ აწყობდათ. ამაზე ყვირილი მაშინ დაიწყეს ნაციონალებმა, როცა ოცნებამ გაიმარჯვა. ასეთ ორმაგ თამაშს ჰქონდა ადგილი. 

 

სააკაშვილმა დააანონსა, რომ მისი დაბრუნების შემთხვევაში შურისძიება არ იქნება. თქვენ გჯერათ, რომ სააკაშვილი დაბრუნდება? 

 

ეს არის გამორიცხული, დღეს სააკაშვილი აშშ-ში ყოფნის მიზანია ის, რომ ამტკიცოს, აი, ხომ ხედავთ, ქვეყანაში სტაგნაციაა, ფაქტობრივად, ხელი აიღეს პროდასავლურ კურსზე, ღიად ამას არ ამბობენ, მაგრამ საქმით სხვა რამეს აკეთებენ, ეკონომიკაში სტაგნაციაა, მთელ საქართველოს ყადაღა დაადეს, მე თვითონ არ ველოდი, რომ ასე მალე მოგვიწევს დაბრუნებაო. მაქსიმალურად იყენებს იმას, რომ სააკაშვილის წინაშე აღძრულია საქმე, რომ "ცნობილი რეფორმატორის" პოლიტიკური დევნაა, ამას ამერიკული პოლიტისტებლიშმენტი არ ჭამს, გამორიცხულია, სააკაშვილის მობრუნებას ამერიკამ მხარი დაუჭიროს! 

 

ნინო სამხარაძე 

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016