ქართული სცენის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ვერიკო ივლიანეს ასული ანჯაფარიძე დაიბადა 1900 წლის 23 სექტემბერს (6 ოქტომბერი) ქალაქ ქუთაისში, ნოტარიუსის ოჯახში.
ჯერ კიდევ პატარა ვერიკოს სამუდამოდ დაამახსოვრდა დიდი აკაკის სიტყვები: „შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეში. კარგად დაიმახსოვრე".
ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის ს. აიდაროვის (1916-1917 წწ) და თბილისის გ. ჯაბადარის დრამატულ სტუდიებში (1918-1920 წწ). 1920-1926 წლებში თბილისის რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. 1926-1928 წლებში - ბათუმის თეატრისა და თბილისის „მუშათა თეატრის", ხოლო 1928-1932 წლებში - ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის (ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი) მსახიობი. ერთი წელი მუშაობდა მოსკოვის „რეალისტურ თეატრში" (1932-1933 წწ), სადაც მ. გორკის „დედაში" სოფიას როლი შეასრულა. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში და სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
ვერიკო ანჯაფარიძე ძირითადად იყო ტრაგიკულ-დრამატული ჟანრის მსახიობი, გამოირჩეოდა საოცარი სცენური მომხიბვლელობით, მეტყველი საშუალებების სიუხვით. მის მიერ შექმნილ ტრაგიკულ და დრამატულ სახეებს ახასიათებდა მაღალი პათეტიკურობა, უდიდესი ლირიზმი, უშუალობა, სცენური ნახაზის მკაფიობა, დიდი კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა.
ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ვერიკო ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მათ შორის: ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი"), ივდითი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა"), დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო"), ლიზი (ნ. შიუკაშვილის „სულელი"), გინატრე (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია"), მარგარიტა (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე"), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"), აიშე (ი. ვაკელის „შური"), ლარისა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი"), მაყვალა (ა. ყაზბეგის „მოძღვარი"), კლეოპატრა ( უ. შექსპირის „ანტონიოს და კლეოპატრა"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), გრაფინია (პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება"), შეჰმენე ბანუ (ნ. ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე"), მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი"), მედეა (ევრიპიდეს „მედეა"), ბებია (ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი"), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი"), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა"), ნენი (პ. ზინდელის „გვირილა"), ლედი მაკბეტი (უ. შექსპირის „მაკბეტი"), დედოფალი (მ. მრევლიშვილის „წამება დედოფლისა"), მისის ჰიგინზი (ბ. შოუს „პიგმალიონი") და სხვა.
ანჯაფარიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კინოს განვითარებაში. 1925 წლიდან შექმნა განუმეორებელი ეკრანული სახეები: მარო („საბა", 1929), ლუიზა („კომუნარის ჩიბუხი", 1929), კნეინა ბარათაშვილისა („არსენა", 1937), რუსუდანი („გიორგი სააკაძე", სსრკ სახელმწიფო პრემია 1943, 1946), ჰანსის დედა („ბერლინის დაცემა", 1949), დაფინა („სკანდერბეგი", 1956), ოთარაანთ ქვრივი („ოთარაანთ ქვრივი", 1958), ნინო („ბედნიერი შეხვედრა", 1949), კნეინა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), პელაგია („შეხვედრა წარსულთან", 1966), მგზავრი („მონანიება", 1984) და სხვა.
კოტე მარჯანიშვილი მას ადარებდა მუსიკის იმ მელოდიას, რომელსაც რაც უფრო ხშირად ისმენ, მით უფრო გეძალება მოსმენის სურვილი.
ვერიკო მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა სპექტაკლები: ვ. როკის „ინჟინერი სერგეევი", ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან", ა. აღლაძის „მღელვარე დღეები".
ვერიკო ანჯაფარიძე საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება(1977). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)