მომავალი წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დღეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში შრომის, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კომიტეტის წარმომადგენლები, საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" პრეზიდიუმის წევრები და სამამულო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ.
დღევანდელ შეხვედრაზე შეიქმნა შრომის, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კომიტეტისა და საზოგადოება „სტალინის" ერთობლივი კომისია, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავი იუბილისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.
ვეტერანებმა იმედი გამოთქვეს, რომ ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საქართველოს მთავრობაც აქტიურად ჩაერთვება და კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე საქართველოში სათანადო პატივით აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი.