reportiori.ge - მამუკა არეშიძე: არ გამოვრიცხავ, თუ მიხეილ მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ წევრი აღარ იქნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:49
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: არ გამოვრიცხავ, თუ მიხეილ მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ წევრი აღარ იქნება!
ავტორი:
24 სექტემბერი, 2014. 22:24



„ნაციონალური მოძრაობა" გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს, - მითია თუ რეალობა?!. უფლებადამცველი კოტე ინაშვილი აცხადებს, რომ მარგველაშვილის ლიკვიდაციის მიზანია ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბოს და უმართავ ქაოსში გადაიზარდოს. „ნაციონალები" უკვე ღიად დაუპირისპირდნენ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს, გიორგი მღებრიშვილის უწყებასა და პროკურატურას... „ნაციონალები" აპირებენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას. სავარაუდოდ, ეს იქნება ლიტვინენკოს გარდაცვალების სცენარი, მას მოწამლავენ. გიორგი მარგველაშვილს პრობლემა აქვს ხელისუფლებასთან და შესაბამისად, პრეზიდენტის გარდაცვალება დაბრალდება არა „ნაცმოძრაობას", არამედ „ქართულ ოცნებას".

 


ის, რაც უფლებადამცველმა ინაშვილმა განაცხადა, ამის შესახებ „ალიას" რამდენიმე კვირის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა ეს მორიგ პროვოკაციად ჩავთვალეთ და შესაბამისად, სიფრთხილიდან გამომდინარე, ინფორმაციის ტირაჟირება არ მოვახდინეთ... მაგრამ ვინაიდან ინფორმაცია უკვე საჯაროა და ამაზე კონკრეტული წყარო ღიად საუბრობს, „ალია" გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, რომელიც ამ და სხვა მიმდინარე საკითხებზე გვესაუბრება...

 

 

- რამდენად რეალური გეჩვენებათ ინფორმაცია მარგველაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ?

 

 

- თუ ეს ინფორმაცია რეალურია და თუ ვინმეს აქვს ეს გეგმა, ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ, პირველ რიგში, ხაზი გაუსვას იმ დაპირისპირებას, რაც ხელისუფლებაშია, მოხდება ხელისუფლების დისკრედიტაცია, ამით მის უნიათობას გაუსვას ხაზი და მიზანია, ქვეყანაში არიოს სიტუაცია. ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც მომხდარა ზუსტად იგივე მიზეზების გამო. თუ პრეზიდენტი და ხელისუფლება ამას სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ხარვეზი იყო, შეშინებულები არიან და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახდება დამატებითი გაღიზიანების წყარო. თუ ამ ინფორმაციას ყურადღებას არ მიაქცევენ, შეიძლება ამდაგვარი რაღაც მაინც მოხდეს, ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტზე თავდასხმის იმიტაცია მაინც, რაც ყველა ვარიანტში ხელისუფლებას დაბრალდება. ასე რომ, ხელისუფლება დილემის წინაშე აღმოჩნდა ასეთი ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ.

 

 

- დგას თუ არა საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე? „ნაციონალების" არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ზონას" მიუვარდა „თავისუფალი თაობა", დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და ეს ხდება პრემიერის გაეროში ვიზიტის დროს. ეს არ აზარალებს ქვეყნის იმიჯს?

 

 

- თქვენს გაზეთში გამოქვეყნდა გიგი უგულავას წერილი, იმ წერილში ეს ყველაფერი გაწერილია, ამას შეიძლება დავარქვათ ერთგვარი „შპარგალკა", ზუსტად ამ გეგმის მიხედვით მოქმედებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს წერილი ხელისუფლებას კარგად არა აქვს წაკითხული.  ეს წერილი რომ ყურადღებით წაეკითხათ, პრევენციულ ზომებს გაატარებდნენ და ასეთ ინციდენტს, არ დაუშვებდნენ, მით უფრო, ასეთ საპასუხისმგებლო დროს, როცა პრემიერი ვიზიტით იმყოფება გაეროში. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, დგას თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე, ჯერჯერობით ამ ფონს ვერ ვხედავ, მაგრამ საფრთხე არის. რაც ხდებოდა 2003 წელს, დაახლოებით იმ გზით მიდიან დღეს. თუ მათი ქმედება 2003 წელს იყო ორიენტირებული შიდა პოლიტიკაზე, ახლა „ნაციონალები" ორიენტირებული არიან უცხოეთზე. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ადგილობრივი ელექტორატი მათ არ გულშემატკივრობს, საერთოდ, მე ვხედავ, რომ „ნაცმოძრაობის" მუშაობის გეგმა შეიცვალა.

 

 

- მიხეილ მაჭავარიანი „ნაცმოძრაობიდან" გასვლას აპირებს და ამ ინფორმაციას აანონსებს მათი გუნდის წევრი, მამუკა გამყრელიძე. ასევე ითქვა, რომ „ნაციონალების" წამყვანი ფიგურა გიორგი ვაშაძეც აპირებს გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას", უკვე აშკარაა, რომ მათი გეგმები შეიცვალა. თუმცა თქვენ რა გაქვთ მხედველობაში, როცა მათ შეცვლილ გეგმებზე საუბრობთ?

 

 

-  მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობაში" არის ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეტაპობრივად გააძლიერონ თავისი პარტია, გააკეთონ რებრენდინგი და ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოლონ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მაგრამ არის მეორე ნაწილი, რომელიც არ იცდის და თვლიან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა იყოს მყისიერი. ისინი ფიქრობენ, არათუ 2016 წლის შემდეგ, არამედ რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ეს ხელისუფლება, შეიძლება მომავალ წელსაც კი. ამის გამოა, რომ მათ ტაქტიკა შეიცვალეს და პოლიტიკურ ოპონენტებთან უფრო აგრესიულ თავდასხმაზე გადავიდნენ, თუმცა ამას აკეთებენ ის ადამიანები, ვისაც „ნაცმოძრაობაში" უარყოფითი პოლიტიკური წარსული არა აქვთ და ბოლოს ჩაერთვნენ პროცესებში, ასეთია ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც პირდაპირ ვერ დავაბრალებთ იმ უბედურებას, რაც ჩვენ 9 წლის განმავლობაში გვჭირდა. „ნაციონალების" გეგმის შეცვლა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მინდა ამაზე ყურადღება იყოს გამახვილებული, მათ გეგმებში პირველი ადგილი არ უკავია ხელისუფლებაში მოსვლას, ეს არის რიგით მეორე ნომერი. მათი გეგმის პირველი ნომერი არის დესტაბილიზაციის მოწყობა ქვეყანაში და „ნანგრევებზე დროშის აფრიალება", ამ შემთხვევაში ეს არის ხატოვანი გამოთქმა, მე ფიზიკურად დანგრეულ ქალაქს არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ დანგრეულ სახელმწიფო სტრუქტურებს, საზოგადოების გაღიზიანებას, ნიჰილიზმს პოლიტიკური ძალების მიმართ. სხვათა შორის, ხალხის გაღიზიანება ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ, შედის „ნაციონალების" ინტერესში, რომ ახალმა ფიგურებმა, ვინც პოლიტიკასთან ნაკლებად ასოცირდება, მარტივად მოიპოვონ ლიდერების პოზიციები ხალხში. დაუკვირდით, როგორ გააქტიურდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ლიდერების სელექცია სწორედ აქედან მოხდება. 2003 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩანდნენ პოლიტიკური ძალები, „ნაცმოძრაობისა" და „დემოკრატების" აქტივობის ფონზე მიდიოდა პროცესები, ახლა უკვე, მთავარი წამყვანი ძალა გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც რეალურად „ნაციონალები" აფინანსებენ და საფარქვეშ მოქმედებენ. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაც მომენტში ჩამოყალიბდება პოლიტიკურ ფრონტად. აი, ეს არის გეგმა, „ნანგრევებზე დროშის აფრიალება", ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოება, განაწყენებული ადამიანები, ჟურნალისტები, ისევ გააგრძელებენ ბრძოლას „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ, მაგრამ ამის პარალელურად მოხდება ის, რაზეც მე ახლა გესაუბრეთ, არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო მეტად გააქტიურება და პროცესებში დომინანტის როლის აღება. რაც შეეხება „ნაცმოძრაობიდან" წამყვანი ფიგურების სავარაუდო წასვლას, მე არ ვიცი, რას უკავშირდება გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, თუ ეს გადაწყვეტილება მან მიიღო, რომ დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა", ფაქტი ერთია, რომ ვაშაძე ძალიან ღირებული ფიგურაა „ნაციონალებისთვის". სააკაშვილისგან განსხვავებით, მას ბევრად უფრო სუფთა ბიოგრაფია აქვს და ქარიზმით უტოლდება მიშას. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ვაშაძემ დატოვოს პარტია „ნაციონალური მოძრაობა" და გახდეს არასამთავრობო ჯგუფების ლიდერი. რამდენადაც მე ვიცი, ამ არაფორმალური ჯგუფების ლიდერი, კერძოდ კი სტუდენტების, უნდა ყოფილიყო სერგო რატიანი, მაგრამ რატიანი თავს რამდენად გაართმევს ლიდერობას, ეს რთული სათქმელია. მას რომ ვაშაძისნაირი ენერგიული პიროვნება სჯობს, ეს ფაქტია, შესაძლოა ეს ყველაფერი ამისთვისაც კეთდება. რაც შეეხება მიხეილ მაჭავარიანს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი იყო, ის მაინც კონსტრუქციული ადამიანია, მიუხედავად თავისი კატეგორიული გამოსვლებისა. ასეთი ფიგურა შეიძლება იყოს პოლიტსაბჭოში, მაგრამ არ უნდა იყოს ერთ-ერთი ლიდერი, ჩაანაცვლეს ზურაბ ჯაფარიძით, როგორც ჩანს, მას აქვს მიზეზი, დატოვოს პარტია და არ გამოვრიცხავ, თუ მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის" წევრი აღარ იქნება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბევრი საუბარია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ახალი პარტიის ჩამოყალიბებასაც აპირებს. როცა „ნაცმოძრაობა" რებრენდინგზე ლაპარაკობს, სწორედ ახალ პარტიას გულისხმობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ თითოეული მათგანი იმ პოლიტიკური ფრონტის უკან იდგება, მაგრამ ამ პოლიტიკურ ფრონტამდე გასავლელია გზა. ეს გასავლელი გზა, უკვე უნდა იტვირთონ მათ მიერ შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისინი მაქსიმალურად გააქტიურდებიან.

 


- გაეროში მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ლიდერები სტუმრობენ, კულუარულ საუბრებში ღარიბაშვილს, ალბათ, ჰკითხავენ, რა ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მოახერხებს პრემიერი, დაუმტკიცოს მსოფლიოს წამყვან ლიდერებს, რომ ის არის დამნაშავე და მასზე და მის რეჟიმზე პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება?

 

 

- ღარიბაშვილის გაეროში ჩასვლის მიზანი, ეს თემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, ამაზე უნდა იზრუნონ სელჩოებმა, ჟურნალისტებმა და ლობისტურმა კომპანიებმა. უნდა ყოფილიყო კომპლექსური შეტევა, მთელი ეს პროცესი უნდა ყოფილიყო ახსნილი, მარტო ღარიბაშვილი გაეროს კედლებში, ამას ვერ გააკეთებს და მე თუ მკითხავთ, არც კი იქნება ეფექტური ღარიბაშვილმა დაიწყოს იმის მტკიცება, რომ სააკაშვილზე პოლიტიკური ანგარიშსწორება და დევნა არ მიმდინარეობსო.

 

 

- ზვიად ძიძიგურის განცხადება იყო ძალიან საინტერესო, რომელიც პირადად ორჯერ წავიკითხე, ვიფიქრე, რამე ხომ არ მეჩვენება, „მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრების შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილის მხრიდან მისი შეწყალების მექანიზმი ამოქმედდება".

 

 

- მე გამიჭირდება ზვიად ძიძიგურის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, თქვენ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, მას შემდეგ, რაც მან დაიახლოვა და პარტიის კარი გაუღო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვებრძოდა,  გვდევნიდა, ჩვენი პარტიის წევრებს საწამლავს ასხამდა თვალებში და ა.შ. ეს არის ვაჟა ლელუაშვილი და მისი კლანი. არ ვიცი, რა გითხრათ, კონსტიტუციურად მარგველაშვილს აქვს უფლება, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი, მაგრამ მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამ ნაბიჯზე წავიდეს... როგორც მე ვიცნობ მარგველაშვილს, მან შეიძლება პირადი ურთიერთობა მაქიმალურად გაამწვავოს, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობების გამწვავებას მოერიდება.

 

 

- რატომ გახდა აუცილებელი „ქართული ოცნების" წარმომადგენელს გაეკეთებინა ასეთი განცხადება, რომ თუკი პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს პრეზიდენტი მარგველაშვილი შეიწყალებს.

 

 

- ზვიად ძიძიგური ჩემთვის არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მთლიანად „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. ერთი კი ფაქტია, გარკვეულწილად შიშები გაჩნდა „ქართულ ოცნებაში", რომ გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება არაორდინარული ნაბიჯი გადადგას. ზუსტად ვიცი, მარგველაშვილის განცხადებას, თუ პოლიტიკური კრიზისი დაიწყება, ის დაითხოვს პარლამენტს, დეპუტატების სერიოზული ისტერიკები და შიში მოჰყვა, ისინი პანიკაში არიან. მე ეს დავინახე ძიძიგურის განცხადებაში და არა ის, რაც მან რეალურად იგულისხმა. წავა თუ არა მარგველაშვილი ამ ნაბიჯზე და დაითხოვს თუ არა პარლამენტს, ეს ცაკლე თემაა, მაგრამ მმართველი პოლიტიკური ძალის სულ უფრო მეტი  წარმომადგენელი რომ ლაპარაკობს იმაზე, რომ მარგველაშვილი უნდა გადადგეს, ეს ფაქტია. მარგველაშვილი კონტრღონისძიებებზე მიდის, ჯერჯერობით ერთმანეთს აშინებენ და ორივე მხარე კონსტიტუციას იშველიებს. საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში უნიკალური რამ ხდება, კერძოდ, უმრავლესობის რიგებში. მათ კულუარების თემა მოსპეს და ყველაფერიგამოაქვთ საჯაროდ. უთანხმოება რომ არსებობს მმართველ კოალიციაში, ეს ძალიან ცუდია. ნებისმიერი ასეთი ტიპის უთანხმოება იწვევს ფეხზე დაუმდგარი სახელმწიფოს დაკნინებას.

 


- „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად ინიშნება ზვიად ჯანყარაშვილი. ეს არის პრემიერის მესიჯი, რომ ის ემზადება 2016 წლის არჩევნებისთვის და იბრძოლებს, მისმა პარტიამ მოიპოვოს უმრავლესობა. გააძლიეროს თავისი პარტია და ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვნახავთ, ვინც დატოვებს „ოცნების" რიგებს. არის ინფორმაცია, რომ ჯანყარაშვილის კანდიდატურას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა პარტიაში, როგორ ფიქრობთ, შეძლებს ის ძლიერი პარტიის მშენებლობას?

 

 

- მე ერთხელ ვარ შეხვედრილი ჯანყარაშვილს და ხაზს ვუსვამ, ის ითვლება ძალიან კარგ ორგანიზატორად, ძალიან რთულია იმ პარტიის მშენებლობა, რომლის ფუნდამენტიც არასწორადაა ჩაყრილი. მით უფრო, როცა ამ პარტიის წევრ ლიდერს თავისი ინტერესები აქვს და ამდენი ხნის განმავლობაში დაკავებული იყო თავისი ხალხის თანამდებობებზე გადანაწილების პროცესით. საკმარისია შეეხო ამ ხალხს, რომელსაც „ქართული ოცნების" წევრი ჰქვია და დაიწყება საშინელი შიდა დაპირისპირება, აჭარა და დუმბაძის ისტორია ამის ნათელი მაგალითია. ჯანყარაშვილს გაუჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებს და გააკეთებს. „ქართული ოცნების" დეპუტატებში ჯანყარაშვილის სახელმა შეშფოთება რომ გამოიწვია, ეს ფაქტია, მათთვის მოულოდნელი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი. ეს სვლა ზუსტად იმაზეა გათვლილი, რომ პარტიაში ისეთი კაცია, რომელიც არ შეეპუება არაფერს. ეს არის ეფექტური ჩანაფიქრი, თუმცა ამის რეალიზება უაღრესად რთული იქნება. ღმერთმა ხელი მოუმართოს ზვიად ჯანყარაშვილს ამ საქმეში.

 

 

- „ნაციონალმა" აქტივისტებმა დაიწყეს კამპანია, „გამოვისყიდოთ ყადაღადადებული სანდრა რულოვსის სახლი", რეჟისორმა რობერტ სტურუამ ამ აქციას სტატუსი მიუძღვნა: „მკვლელებო, საკუთარი დედის მტ-ელებო, ბოზებო, მექრთამეებო, მოღალატეებო, შანელის კაბებში გამოწყობილნო, წესიერებო სტუმრებთან და საკუთარ ოჯახებში ზნედაცემულნო, სულით გლეხებო და გლეხთა მჩაგვრელნო, ტრ...ის აქეთ-იქით მოქანანენო, შეუგროვეთ, შეუგროვეთ სანდრას, იმ „კაგებეს" და „საიას" აგენტს. ვინც საქართველოს ვერ იტანს დღემდე, დროზე შეუგროვეთ ფული, სანამ შიმშილით არ გასძვრა სული, იმ ლამაზ მატა ხარის..."

 

 

- ეს აქცია ძალიან გამაღიზიანებელია, მით უფრო იმ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც „ნაციონალებმა" და სააკაშვილმა სახლებიდან გამოყარა და უსახლკაროდ დატოვა. ეს ადამიანები ჩვენი სახლების გამოსყიდვაზე, რატომ არ ზრუნავენ, ქუჩაში რომ გამოგვყარეს? ასეთი ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში, მაშინ რატომ არავინ უგროვებდა ამ ადამიანებს ფულს? საქმე ისაა, რომ ამათ განგაშის ზარები შემოსცხეს ტყუილად, იმ სანდრას სახლიდან არავინ აგდებს, ყადაღის დადება ნიშნავს, რომ იზღუდება მფლობელობის უფლება, ყადაღის დროს არ შეიძლება ქონება გაასხვისო, იპოთეკაში ჩადო და ა.შ. ეს აჟიოტაჟი, რაც „ნაციონალებმა" ატეხეს ზუსტად იმისთვისაა საჭირო, რომ შექმნან ისეთი განწყობა, თითქოს ვიღაცა, ვიღაცას სახლიდან აგდებს. „ნაციონალებს" ეს პროცესები ბუმერანგივით დაუბრუნდებათ, მე ვიცი, რომ გარკვეული ჯგუფი აპირებს, იმ ადამიანებს მიადგეს, ვინც სანდრასთვის ფულს აგროვებს და უთხრას, რომ ჩვენც სახლებიდან ვართ გამოყრილები სააკაშვილის რეჟიმის დროს და მოგვეცით ფულიო. ეს ხელისუფლება კი არ გაგიჟდა, ისინი ასრულებენ იმ კანონს, რომელიც, სხვათა შორის, „ნაციონალებმა" შემოიღეს იმისთვის, რომ უფრო მარტივად ემოქმედათ და ადამიანების მეტი სოციალური შრე მოეცვათ, არა მხოლოდ კონკრეტული ბიზნესმენებისთვის გაეძროთ ტყავი, არამედ მათი ნათესავებისთვისაც. ეს კანონი მათ ბუმერანგივით დაუბრუნდათ, რატომ უკვირთ. ვერ გავიგე.

 

 

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016