27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ.
მაცხოვრის წამებიდან თითქმის სამი საუკუნე იყო გასული, როცა კაცობრიობამ მისი პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ძალა გაიგო და ირწმუნა. სამი საუკუნის მანძილზე არავინ იცოდა, სად ინახებოდა ჯვარი, რომელზეც იესო ქრისტე გააკრეს, IV საუკუნეში, როცა კონსტანტინე დიდის მიერ გამოცემული ედიქტების შედეგად სახელმწიფოს მხრიდან ქრისტიანობის დევნა შეწყდა, კონსტანტინეს დედამ, დედოფალმა ელენემ იერუსალიმში წასვლა და მაცხოვრის ჯვრის მოძებნა გადაწყვიტა. დედოფალს ბეთლემშიც, სადაც უფალი ჩვენი იშვა და გოლგოთაზეც, სადაც მისი საფლავი იყო, წარმართული ტაძრები დახვდა, რომელნიც იმპერატორი ადრიანეს ბრძანებით ქრისტიანობის კვალის წასაშლელად აეშენებინათ. ელენეს ბრძანებით წარმართული ტაძრები დაანგრიეს და დაიწყეს ძებნა მაცხოვრის ჯვრისა. დედოფალს აცნობეს, რომ ჯვრის ადგილ-სამყოფელი მხოლოდ ერთმა მოხუცმა ებრაელმა იცოდა, რომელსაც იუდა ერქვა. თავდაპირველად იუდამ უარი განაცხადა დაესახელებინა ადგილი, სადაც ჯვარი ინახებოდა, მაგრამ შემდეგ იგი იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა. მაცხოვრის ჯვარი იმ ორ ჯვართან ერთად, რომელზეც ქრისტესთან ერთად ავაზაკები აწამეს, გოლგოთის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში იყო დაცული. გამოქვაბულში მართლაც აღმოაჩინეს სამი ჯვარი, მაგრამ წარწერა, რომელიც უფლის ჯვარს ჰქონდა: „იესო ნაზარეველი მეფე ჰურიათა", განცალკვვებით იდო. ამიტომ ამ სამი ჯვრიდან საჭირო გახდა ამოეცნოთ პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა. როცა დედოფლის ბრძანებით ეს ჯვრები სათითაოდ შეახეს ავადმყოფ ქვრივ ქალს, ერთ-ერთმა მათგანმა იგი განკურნა, ხოლო როცა ამ ჯვრის შეხებამ მკვდარი გააცოცხლა, სასწაულის მხილველნი დაარწმუნა, რომ სწორედ იგი იყო ჯვარი უფლისა. სასწაულმოქმედი ჯვრის სანახავად გოლგოთაზე არა მხოლოდ იერუსალიმის მკვიდრნი, არამედ ახლო-მახლო ქალაქების მოსახლეობაც შეიკრიბა. ყველას სურდა საკუთარი თვალით ეხილა ჯვარი უფლისა. მაშინ ელენე დედოფალმა და იერუსალიმის ეპისკოპოსმა ჯვარი მაღლა ასწიეს, რათა იგი ყველას დაენახა. აქედან მოყოლებული დაწესდა დღესასწაული პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის აღმოჩენისა და ამაღლებისა - ჯვართამაღლება. მოხუცმა ებრაელმა იუდამ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ჯვრით განკურნება სნეულისა და გაცოცხლება მკვდრისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იწამა და მოინათლა, რის შედეგაც მას კვირიაკე უწოდეს. როგორც ისტორია გვამცნობს, შემდეგში იუდა იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა.
ჯვარი უპირველესი იარაღია მორწმუნისა, იგი იცავს მას ხილული და უხილავი მტრების შემოტევისაგან. როგორც წმიდა მამები ამბობენ, ამ ქვეყნის არსებობაც ჯვარმა უნდა დაასრულოს. იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ურწმუნოთა სამხილებლად ცაზე ისევ ჯვარი გამოისახება.
ჯვარი უნდა გადასახოთ თქვენს სახლს, სამოსს, საწოლს, საჭმელს, საქმეს, რომელსაც აკეთებთ და მისი ძალა დაგიცავთ თქვენ. ჯვრის ძალა გიცავდეთ აწ და მარადის თქვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთი იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი, ამინ!
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)