კერძო იპოთეკარებსა და მსესხებლებს შორის ურთიერთობაზე რეგულაციები მკაცრდება და უახლოეს მომავალში ურთიერთობა უნაღდო ანგარიშსწორებით მოუწევთ. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ „ალიასთან" ისაუბრა.
„ იდეა სწორია, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობას მხარეებს შორის და, ფაქტობრივად, ხილულს ხდის ყველა იმ ოპერაციას, რომელიც კერძო იპოთეკარსა და კერძო გამსესხებელს შორის კონტრაქტით იქნება დადგენილი. ცხადია, ინტერპრეტაციის თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ამას სხვანაირადაც შევხედოთ. არგადახდის შემთხვევაში ჩნდება ბერკეტი მსესხებლის მიმართ ყველა ანგარიშზე არსებული თანხის მობილიზაციისა და გადახდისკენ მიმართვისა, მაგრამ ასეთ უკიდურეს ინტერპრეტაციაზე საუბარს, სჯობია, ვიმსჯელოთ დადებით კონტექსტზე. ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ლეგალურად უნდა ხორციელდებოდეს, და რაღა დროს ნაღდი ფულით სიარული და ანგარიშსწორებაა. ერთი თვალსაზრისით ეს კარგია, მაგრამ მეორე თვალსაზრისით რაღაც იზღუდება. ის, რომ კაბალური პირობებია კერძო სესხის აღებისას, ის, რომ აბსოლუტურად შეუსაბამო პროცენტები და ჯარიმებია და 5-6 ათასი დოლარისთვის უხდებათ 10 ათასობით ღირებულების სახლის გაყიდვა, ეს უკვე სხვა საკითხია და ამ კანონთან კავშირში არ არის,"- განაცხადა ექსპერტმა.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)