reportiori.ge - უცხო ჩიტი, რომელიც ქალაქის თავზე გამოჩნდა... (რეზო გაბრიაძე)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:22
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
უცხო ჩიტი, რომელიც ქალაქის თავზე გამოჩნდა... (რეზო გაბრიაძე)
29 სექტემბერი, 2014. 17:35

 

 

რეზო გაბრიაძემ თავისი ახალი წიგნი მაჩუქა, ქართული საქმის მკეთებელი მაგთის სპონსორობით გამოცემული:


„კილე

შერები".


ავტორი და მხატვარი რეზოა, ბატონი რეზო, დიდი და მრავალმხრივი შემოქმედი (ეს თქვენ იცით), აღიარებული მეტრი (ესეც იცით), ვისთან ერთად ნახევარ საუკუნეზე გაცილებით მეტი ხნის წინათ სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტური წლები უფლებას მაძლევს, შენობით ველაპარაკო.


ამად გავბედე ამ ჩანაწერების გამოქვეყნება და - არავითარი შეთამამება...


გულწრფელად გილოცავ, ბატონო რეზო, შენი ახალი შედევრის „ხალხში გამოსვლას!"


„მელახოლია სენი" რომ არ დაგვემართოს, „მელანქოლიისნაირი"


„კილე

შერები"


- აბა, სხვანაირად როგორ უნდა წაეწერა მხატვარს იმ წიგნის ყდაზე, რომელიც ფანტაზიორი შერეკილების თავგადასავალზე მოგვითხრობს, ჩვენებური კულიბინების - „ვიღაც სუხარებით მეხრამუნე ნასტუდენტარი ფიზიკოსის" - ქრისტეფორე მგალობლიშვილისა და „სიბნელიდან სინათლისკენ" დაძრულ ოკრიბელ ერთაოზ ბრეგვაძის, მიზანას შვილის მიერ საგიჟეში აგებულ ცათმფრენზე, მათ გაცუდებულ სიყვარულზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე, სადაც მარგალიტა, ნოშრევან კუჭუხიძე და ხუტა უფროსი მთავარ როლებს თამაშობენ. ყველა თავ-თავის სასიყვარულო სამკუთხედში ტრიალებს, რომელთა მიზიდულობის ცენტრი მარგალიტაა:


„- ქალბატონო მარგალიტა! - ჩურჩულით დაუძახა ციხის უფროსმა.

 

- რომელი ხარ? - მოისმა ოთახიდან.

 

- ოდიშარია.

 

- რომელი ოდიშარია, ხუსკივაძე?"


ობერკონდუქტორი ტრიფონია ეპიზოდურ როლზეა მიწვეული.


თამუნია ყიფიანი კი მოგონებად დარჩება...


ღიმილიანი განწყობილება, მკითხველს თავიდან რომ დაეუფლება, ბოლომდე გაჰყვება - 99-ე გვერდამდე და იმის იქითაც, როცა რეზო გაბრიაძის „ნავსაყუდელში - სახვით ხელოვნებაში" აღმოჩნდება შემოქმედების ტალღების მიერ ნაფოტივით ატაცებული: „საბჭოთა ჩემოდნის ნაზი ძირიდან" გადმოვარდნილი უნიკალური ნახატების საგამოფენო დარბაზში.


მთავარი ნავსაყუდელი ცაშია, მეცხრე ცის ზემოთ, „ზემოთ და მაღლა", სადაც მკითხველი მოხვდება, როგორც ცათმფრენის უბილეთო მგზავრი.


იმოგზაურებს კოსმოსური უსასრულობის შავეთში ვარსკვლავებად გარდასახული თეთრი ჩხიკვების გუნდის საპატიო ექსკორტის თანხლებით, აჩაჩა ურემზე დაბრძანებული, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში დამზადებულ ვერტმფრენზე მრავალძარღვა ტროსით არის დაკიდებული (ასე გადაიღეს ფილმი), აქვს ორი ბორბალი, რვაფრთიანი პროპელერი და არყის სახდელი ქვაბის გასაიდუმლებული რაოდენობის ცხენისძალიანი ძრავა:


„ხანდახან ვიღაც-ვიღაცებს დაუნახავთ ვარსკვლავებში აჩაჩა ურემი.

 

ურემზე თითებით ნაძერწი მოღუნული სანთელი ანათებდა, უსასრულობაში რაღაცას ეძებდა"...

 

ვეძებდი სიტყვებს ა-4-ის ფორმატის თაბახის ქაღალდის სიცარიელეზე იმ შთაბეჭდილების გადმოსატანად, მაინცდამაინც რეზო გაბრიაძის შედევრები რომ ახდენს მკითხველზე.


ამაოდ.


თუნდაც იმიტომ, რომ თავს ვერ აღწევ ასოცირების მორევს, რომელშიც გითრევს გაბრიაძის ფანტაზიით შექმნილი რეალობის იდენტურობა ჩვენი უახლესი ისტორიის მწარე სინამდვილესთან, „ფსიქიატრიულ ახალშენში" მდგარ აგურის შენობას რომ ჰგავს:


„ამ შენობას ორი კარი ჰქონდა და ერთი წარწერა - „საოყნე".

 

მარჯვენა კარი განკუთვნილი იყო თავადაზნაურთათვის, მარცხენა - უბრალო ხალხისთვის".


მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკურ ძალებზე მიგვანიშნა, მგონი, ავტორმა, ორპარტიულ, ანტაგონისტურ სიყალბეზე, რომელსაც ხალხისთვის არც არასდროს მოუტანია რამ სარგებელი, რადგან:


„...ორივე კარს ერთსა და იმავე ოთახში შევყავდით, ერთსა და იმავე ოყნასთან".

 

უპოვართა და ამა ქვეყნის ძლიერთა გამაერთიანებელი მუდმივა - ოყნა!


„ეს ორი კარი უსამართლოდ ეჩვენებოდა მდაბიოებს".

 

გავიზიაროთ მათი პროტესტანტული განწყობილება.


გაბრიაძე არაფერზე არ მიგვანიშნებს. არავითარი პოლიტიკა! ეს კი, დღევანდელი გაგებით, არაპროდუქტიულია. მაგრამ კონიუნქტურისგან ამგვარი გარიდებით მაღლდება ეს წიგნი ნებისმიერ პოლიტიკაზე მაღლა, დროზეც მაღლა და ამით უზრუნველყოფს გაუცვეთელ ღირებულებათა სიმყარეს - დღესაც და პერსპექტივაშიც.


კლასიკის ბუნებაა ასეთი.


ხოლო ის პარალელი ნაცნობ სიტუაციასთან ჩემით გავავლე. სხვა არაფერი. თორემ „შერეკილების" ქვეტექსტებში იმდენი პარალელია, თქვენ რომ გაგიხარდებათ.


ორმაგი სიმდიდრეა: ის, რაც არის, პლიუს ის, რაც იგულისხმება.


წაიკითხავთ, მაგალითად, რომ გვალვიან ზაფხულს მოყოლილ შემოდგომაზე ნეო-ნერვო-კლინიკის პაციენტებმა „გნოლიძემ, ლორიამ, ჩილაჩავამ, სიმონგულოვმა და ტყეშელაშვილმა ჩალის კარავში შეთქმულება მოაწყვეს, - „ტყვილა ვყავართ აქანეო, მეფემ თუ გოუგო ნოშრევანს, დედის ცრემლი არ ეყოფაო".


წაიკითხავთ და არ შეიძლება არ გაგახსენდეთ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მომზადების პერიოდში ოხრანკის თვალყურს გარიდებული ლენინის ჩალის კარავი რაზლივში.


„რევოლუციური კარვებისადმი" ავტორის დამოკიდებულება ორიოდ წინადადებით არის გადმოცემული - მსუბუქი იუმორით მიწასთან გასწორებული „რევოლუციონერობა":


„კარპეზა დენიაგმა (ნოშრევანის კაცმა) დროზე უცვალა გეზი შეთქმულებას, სხვა მსვლელობა მისცა და ოყნებს დაუკავშირა - ამ საქმეში თავადაზნაურობასთან გათანაბრება მოითხოვა.

 

ამასობაში ალმასას და მაისას კარავი შემოეჭამთ.

 

თავსხმა წვიმაში კი შეთქმულება ჩვენში ინტერესს კარგავს".

კარგად მეყოლეთ!

 

„რაჭველები გუბერნატორის როიალით კედლებს

ანგრევდნენ უსიტყვოდ"

 

შეთქმულება უინტერესო ხდება, ცხოვრება მოსაწყენი და უძრაობის ღრუბლების გასაფანტად, გასართობად ხალხი თავის თავთან ჯიგრიან დაპირისპირებას იწყებს. ნებისმიერი მიზეზით. თუმცა პროვინციულ ქალაქში საჩხუბრად, ერთმანეთისთვის თავის გასატეხად და ხუტას ცხენისთვის კბილებით ნალის ასაგლეჯად მიზეზი სულაც არ არის აუცილებელი.


მაგრამ მიზეზი მაინც არის იქ, სადაც არის თუნდაც ნემეცების ქუჩის „მის მარგალიტა" - „შესანიშნავი გულმკერდით! ოდნავ მოელამო! ზომიერად პამადიანი!"


კიდევ ერთი პარალელი, უფრო ზუსტად, პარალელი შედარებისთვის, სადაც ერთ მხარეს პირველი საბჭოთა მუსიკალური კინოკომედიის შედევრი, ალექსანდროვის „ვესიოლიე რებიატა" იქნება - რეპეტიციის დროს ორკესტრანტებს შორის ატეხილი ჩხუბი, ექსპრესია და ენერგეტიკა, მიკროკადრებიდან ამოფრქვეული ცეცხლოვანი იუმორი, მუსიკალური და გამოსახვითი რიგების ზუსტი თანხვედრა, მოკლედ, სინთეზური ხელოვნების ზეიმი, და მეორე მხარეს - მხოლოდ სიტყვა, მაგრამ სიტყვა რეზო გაბრიაძისა.


ხუთ გვერდზე გრძელდება ჩხუბის აღწერა, ტრიფონიას „ეზოში მეხი რომ გასკდება", იქიდან მოყოლებული, ვიდრე საკვამურიდან იმავე ტრიფონის თავის ამოყოფამდე.


არა მგონია, ეს სცენა ჩამოუვარდებოდეს კინოკომედიის ბრწყინვალე კადრებს.


მხოლოდ ერთი პასაჟი „შერეკილებიდან", არა ელდარ შენგელაიას ელვარე ფილმიდან, არამედ ამ ფილმის ლიტერატურული „წინაპირობიდან":


„ორი რაზმი ერთმანეთს ეკვეთა!

ატყდა ვაი-უშველებელი!

შერბენ-გამორბენა!

აშლი-მაშლი!

მალ-მალ გინება!

მათრახების ფსტვენა!

ბაგა-ბუგი გოდოგნური!

გაიღვიძა ქალაქმა!

აკიაფდა ჭრაქები!

ყველამ ნემეცის ქუჩას მიაშურა!

იფეთქა საუკუნეობით დაგროვილმა სტიქიურმა ძალამ.

არავინ კითხულობდა ვინ - ვის რატომ ან რისთვის ურტყამდა!

მამის, პატარის, დიდის, ქალის გარჩევა მოიშალა!

მოცელეს ღობეები!

გათელეს ბაღები! ბოსტნები!

ბორცვ-გორები!

თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა!

ჩიტმა ცა გამოიცვალა!

გახურდა ჩხუბი!

აღდგა იმერეთი!

გაწიეს გვერდზე საქართველო!

გაიღო კარი ლხინისა!"

 

დანარჩენს თქვენ წაიკითხავთ. მაგრამ ეს ამონარიდიც საკმარისია იმ პლანეტარულდი აპოკალიფსისის წარმოსადგენად, რომელიც ნეო-ნერვო-კლინიკის შმაგებისა და სანიტრების რაზმისა და ციხის ჯარის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას მოჰყვა.


ამ დროს „ბულვარდში ბუზიკამ დასცხო ვალსი ჩქარული! ჩვენებური! ვაჟკაცური!", ხოლო „იაშა ფლეიშმანი პანჩურით დირიჟორობდა ორკესტრს!"


წავიდა ის დრო, როცა „ქიმია არ იყო, ვაშლში ჭია ბუდობდა, რძე ქვაბიდან გადადიოდა, გიჟი გიჟობდა და შმაგი შმაგობდა"...


 

„მანათობელი ვარსკვლავი"

 

ელდარ შენგელაიას ფილმი ვახსენე ზემოთ და მისი ლიტერატურული „წინაპირობა". ჩინგიზ აითმატოვს აქვს ნათქვამი (თუ არ ვცდები), რომ კარგი ფილმი იქმნება იმ შემთხვევაში, როცა საფუძვლად ლიტერატურა უდევს.


ხელოვნების ორი განსხვავებული დარგის ერთ სულ და ერთ ხორც შერწყმაა ფილმი და წიგნი „შერეკილები". ამასთან, ორივეს დამოუკიდებლად არსებობის უფლება აქვს მოპოვებული, როგორც დიდი ეკრანისა და სიტყვაკაზმული მწერლობის სრულყოფილ ნიმუშებს.


დღეს რეზო გაბრიაძის პროზაზე ვლაპარაკობ, მწერალ კაცზე, რომლის შემოქმედება პლანეტის წარმოქმნის თეორიასავითაა - აფეთქდა და იშვა დედამიწა, რომელიც ადამიანებითაა დასახლებული, სადაც წვიმს, თოვს, გვალვაც იცის. ბუნების ჩვეულებრივი მოვლენებია, მაგრამ რეზო გაბრიაძის კალმის ერთი მონახაზით ჭეშმარიტი ხელოვნების განზომილებაში გადადის.


წვიმს.


ჯერ მის „რამონაში" „ორ საცერში გატარებული წვიმა" რად ღირს, აქ კი „გვიანი შემოქმედის დღეს" მოსული წვიმა გაგაოცებთ, რომელიც ისეთი მოულოდნელი შტრიხებითაა გადმოცემული, როგორიცაა „თაგვის ულვაშით" განსაზღვრული ამინდის პროგნოზი:


„გვიანი შემოდგომის დღე იდგა, ჩუმი, მკრთალი, ბევრჯერ გარეცხილ მიტკალს ჰგავდა.

 

ნიავმა კურკანტელის ტოტს მესკიელა ჩიტი მოწყვიტა და ჩალის კარავში უკუღმა შეაფრინა. ჩალის ღეროდან თაგვმა თავი გამოყო, ამინდს ყური დაუგდო ულვაშით, წვიმა მოესმა და ისევ ღეროში ყოფნა არჩია. ხიდან პატარა კურკანტელი ჩამოვარდა, ზრდილობიანად.

 

წამოწვიმა კიდეც, გამოზომილად.

 

ქვა და ფოთოლი სისველემ ააპრიალა".


ნოველაა თავისთავად, დამოუკიდებელი, თბილი და ჩუმი სევდის სინესტედაკრული. მაგრამ ეს მხოლოდ ექსპოზიციაა, რომელზეც აღმოცენდება პეპელას წაღებული კაცის სულის, სიმღერაში მიცვალებული მიზანა ბრეგვაძის სევდიანი ამბავი, რომელმაც „აუშვა ცაში ხმა და ვეღარ დაიბრუნა. ამოისუნთქა და ვეღარ ჩაისუნთქა. ისესხა ღვინო და ვეღარ ჩაასესხა".


მიზანა სახეა ღატაკი იმერეთის, რომლის მკვიდრი ქართველების სულიერი სიმრთელის, სილამაზისა და დახვავებული პრობლემების განუმეორებელი იუმორითა და სიყვარულით აღწერა დავით კლდიაშვილის შემდეგ მხოლოდ რეზო გაბრიაძემ თუ შეძლო, და არა მხოლოდ „შერეკილებში".


ეს ცნობილია.


უცნაური შედარება მიტრიალებს თავში: „შერეკილები", ისევე, როგორც გაბრიაძის შემოქმედება სრულად - მარიონეტების თეატრი, კინოსცენარები, მხატვრობა, პროზა - სერვანტესის „დონ კიხოტის" თანაზიარია სიწმინდით, სულისკვეთებით,  რაინდობით (თუ რაინდებით), არისტოკრატიზმით და, რაც მთავარია, კეთილშობილებით.


მსოფლიო შედევრის დონეზეა.


არ გამიჯავრდე, ბატონო რეზო, ასეთი პარალელისთვის! მაგრამ არ მეთქვა, არ შემეძლო.


ერთ ინტერვიუში კახი კავსაძემ გაიხსენა დონ კიხოტის გზამკვლევი (თუ გზის მანათობელი) ვარსკვლავის მიხაილ ჩეხოვისეული (დიდი რუსი მსახიობის) შედარება მეფისტოფელის ვარსკვლავთან, რომელიც თვალების გუგებშია, ჰამლეტისა - გულშია, ლირის - გონებაში, ტვინში, სანჩო პანსასი - დუნდულებში, დონ კიხოტის გზის მანათობელი ვარსკვლავი კი თავზე ოდნავ ზემოთაა.


და არა უსასრულო ზეცაში.


თავს ზემოთ, მაგრამ მიწასთან ახლოს.


შენს გმირებსაც ეს ვარსკვლავი უნათებს გზას, ბატონო რეზო.



„თოვლი თოვს, თეთრი ქარია"


ფიფქებით კოდირებული თეთრი გზა ადამიანის ბედისწერის.

„ხელახლად მოსული" თოვლი ილიას „ოთარაანთ ქვრივში" ტრაგედიის მომასწავებელია, უვერტიურაა უბედურების, რომელიც სიმყუდროვის თეთრ სივრცეში გულის სიმის ჩაწყვეტას ჰგავს, ძაღლის ყმუილით აფორიაქებული გულის:


„სწორედ შობის ღამეს ხელახლად მოვიდა დიდი თოვლი და სოფლის გზებსა და ორღობეებში თეთრ უმტვერო სუფრასავით დაეგო და დაეფინა... ორღობის ღობეები, ზოგან ჯარჯით, ზოგან წალმით დახურული, სქელ დადებულ თოვლქვეშ ისე სჩანდა, თითქო თეთრი საფარავი აქვთ გადაჭედილი ზემოდამო".


„უცოდველი თოვლით" დაფარულ სასაფლაოზე სწორედ იმ ღამეს დაეწია სიკვდილი ოთარაანთ ქვრივს.


თეთრი სუფრა თეთრ სუდარად იქცა.


გლოვის ზარმა ჩამოჰკრა.


სულ სხვა ზარები გუგუნებს ალექსანდრე საჯაიას, კახური ზამთრით გაოცებული კოლხი პოეტის ლექსში:


„ღამე არ ტირის ქარი ობოლი,

ბაკურციხეში ღამეც არ ცივა,

გვიან დაჰბერს და ცივი გომბორი

დაიგუგუნებს: „ბერი კაცი ვარ..."


და აღფრთოვანებული, ღვინის მადლით დალოცვილი კაცის ემოციური შეძახილი:


„რა ღვინო იყო ის დალოცვილი,

რა ღვინისფერი თოვლი მოსულა!"


ჯანსუღ ჩარკვიანის „შეურაცხყოფილი თოვლიც" გავიხსენოთ და ჯეკ ლონდონის „თეთრი მდუმარება". კიდევ - სხვაც ბევრი.


სითეთრის მრავალფეროვნება.


და მივადექით გაბრიაძის მიერ დახატული ზამთრის სურათს, თბილსა და ფაფუკს, ყინვაში, შემცივნებულ მხრებზე მოგდებული თეთრი მელიის ბეწვივით, მოულოდნელი სტუმარივით იმერული ეზოს ჭიშკარს რომ მიადგება:


- მასპინძელოო!

- მობრძანდი, ბატონო...


მას შემდეგ, რაც „ჭინკამ ნიორი ჭამა, ნივრის ჩალა ნიავმა წაიღო ჭინკიანად", ნოშრევან კუჭუხიძის ნეო-ნერვო-კლინიკაშიც დადგა ზამთარი:


„მოვიდა იმერეთის ზრდილი სტუმარი - თოვლი და ყველაფერი გადათეთრდა".


კონტრასტულად იცვლება ლირიკული განწყობილება:


„შმაგები რომ შმაგებია, ისინიც დაწყნარდნენ, დალევდნენ დილით წაქს და საღამომდე ეძინათ..."

 

და კვლავ თხრობის ლირიკული მდინარება:


„დამთავრდა ზამთარი, ჩაწვა ფოთლებში ჩრდილი, ღობის ძირას. ფოთლებმა ერთიც გაიშრიალეს, თქვეს ერთმანეთში რაღაცა ჩურჩულით და გარიჟრაჟზე წაიშალნენ.

 

მის მერე ის ზამთარი არავის უნახავს".


საოცრებაა!


ამ საოცრებაზე იმ ფოთლებივით მეც ჩურჩულით, ჩემთვის უნდა მელაპარაკა, ჩემთვის უნდა წამეჩურჩულებინა „შერეკილების" წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილების შესახებ, რაიც, იმ ფოთლებისგან განსხვავებით, არც ერთ გარიჟრაჟზე არასოდეს წაიშლება.


მაგრამ რა დროს ჩურჩულია, როცა მაგიდაზე გიდევს რეზო გაბრიაძის წიგნი - „კილე

შერები"


და თენდება 22 სექტემბრის დილა.


ექვსის ნახევარია.


დაზამთრებამდე ჯერ ძალიან შორია. იმ ზამთრამდე, ბატონო რეზო!


 

 

(გაზეთი "საქართველო და მსოფლიო")

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016