reportiori.ge - პაატა იმნაძე: არსებობს საფრთხე, რომ ებოლას ვირუსი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:41
ინტერვიუ
პაატა იმნაძე: არსებობს საფრთხე, რომ ებოლას ვირუსი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს
30 სექტემბერი, 2014. 19:18


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის ებოლას ვირუსით ინფიცირების  6500-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. ეპიდემია მძვინვარებს გვინეაში,  სიერა-ლეონესა და ლიბერიაში, გარდაცვლილთა რიცხვი 3000-ს გადასცდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლიბერიაში ფიქსირდება, სადაც 1800-მდე დასნებოვნებული გარდაიცვალა. ვირუსის პირველი იდენტიფიცირება მოხდა ზაირში, მდინარე ებოლას ხეობაში, საიდანაც გაჩნდა ვირუსის სახელწოდება.


ებოლას ვირუსის გავრცელების საშიშროებასა და მისგან თავდაცვის  შესაძლებლობაზე გვესაუბრება  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.



- რა არის ზოგადად  ებოლა და რა სიმპტომებით ხდება მისი გამოვლენა?

- ეს  არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე  ვირუსი, რომელსაც ჰემორაგიული ცხელება ეწოდება და სახელიდან გამომდინარე, ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ცხელება, ასევე თავისა და მუცლის ძლიერი ტკივილები, დიარეა და ანგინა და შემდეგ უკვე ჰემორაგია ანუ  სისხლჩაქცევები და სისხლდენები თითქმის ყველა ორგანოდან, რის შემდეგადაც ავადმყოფი იღუპება. ეს დასნებოვნებიდან დაახლოებით მეორე კვირას ხდება.



-როგორ ვრცელდება ებოლას ვირუსი და  ეპიდემიის აფეთქების ადგილებში თუ  ხდება სათანადო  ღონისძიებების შემუშავება ებოლას გადადებისგან თავის დასაცავად?

 

-ვირუსი ძირითადად ვრცელდება დაავადებულის სისხლთან, ლორწოსთან და ორგანოებთან კონტაქტით, რის შემდეგადაც მიკრობული სახით ხდება დაინფიცირება, თუმცა, შესაძლოა ვირუსი უშუალო კონტაქტის გარეშეც  გადაეცეს.  რაც შეეხება პრევენციას, არ არსებობს ამ ვირუსისგან თავდაცვა და არც სპეციფიკური მკურნალობის კურსი, გადადებისგან თავის არიდების  ერთადერთი გზაა- არ მოხდეს კონტაქტი დაავადებულთან და გარდაცვლილთან. სხვათაშორის, ყველაზე ხშირად მიცვალებულის განბანვის დროს ავადდებიან. სამივე აფრიკული ქვეყანა, სადაც ებოლას ეპიდემიაა, ღარიბი ქვეყნებია ძალიან მძიმე სოციალური პირობებით, თითქმის არ აქვთ სამედიცინო დაწესებულებები და დაავადებულის მოთავსება ხდება კარვებში. ადგილობრივი ექიმების უმრავლესობა დაიღუპა, ამიტომ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან ექიმები, მოძრავი ლაბორატორიები აქვთ ჩატანილი, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი. შეერთებულმა შტატებმა 3000-ზე მეტი სპეციალურად მომზადებული ჯარისკაცი გაგზავნა ლიბერიაში სამედიცინო დახმარების გასაწევად და ავადმყოფის გადასაყვანად.  მსოფლიო საზოგადოება ცდილობს, დაეხმაროს ამ ქვეყნებს და გაუმკლავდნენ დაავადებას.


-რამდენად შესაძლებელია ეპიდემიის გავრცელება სხვა ქვეყნებში?  კონკრეტულად საქართველოში თუ უტარდებათ შემოწმება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საზღვრის გადმოკვეთისას?

 

-საფრთხე, რომ ეპიდემია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს, არის, თუმცა საფრთხე ძირითადად მეზობელ ქვეყნებს ემუქრება, სადაც, როგორც აღვნიშნე, სუსტი ჯანდაცვის სისტემაა ან საერთოდ არ გააჩნიათ. მაგალითად ნიგერიაში უკვე 22 შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე სენეგალში იყო ერთი შემთხვევა.  რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, ისინი ყველანაირად ცდილობენ, თავიდან აიცილონ ეპიდემიის გავრცელება. იმ ქვეყნებთან,  სადაც ეპიდემია მძვინვარებს, მიმოსვლა თითქმის არ არის და აშშ თავად  უზრუნველყოფს მომარაგების სისტემას. ხდება მგზავრების ინფორმირება და გამკაცრებულია მათი შემოწმება.



რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან იღებს ყველა იმ  რეკომენდაციას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს  იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ვირუსის შემოტანას და შემდგომ გავრცელებას. ვიცით, როგორ უნდა გამოვავლინოთ ასეთი დაავადებების შემთხვევები და როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში. პრაქტიკულად ეპიდემიის გავრცელების საფრთხე საქართველოს არ ემუქრება, მაგრამ თეორიული რისკი არსებობს. ამიტომ გვაქვს ინფორმაცია დასავლეთ აფრიკიდან შემოსულებზე, ვიცით მათი განლაგების ადგილები, ტელეფონის ნომრები და ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ არიან მთელი საინკუბაციო პერიოდის, 21 დღის განმავლობაში. მზადყოფნაში არიან კლინიკები, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება ასეთი პაციენტის მიღება.  ეპიდაფეთქების ადგილებიდან ჩამოსულებს ურიგდებათ სამახსოვრო ბროშურები, სადაც ყველა იმ კლინიკის დასახელება და მისამართებია, რომლებსაც სიცხის ან სხვა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ.   საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისას განხორციელდება შემზღუდავი ღონისძიებები და პაციენტი ჰოსპიტალში მოთავსდება.



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016