CineDoc-Tbilisi კავკასიაში პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია, რომლის ფოკუსშია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები.
ფესტივალის მეორე გამოშვება თბილისში 2014 წლის 14-19 ოქტომბერს ჩატარდება. 5 დღის მანძილზე მაყურებელი სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს გაეცნობა, რომლებიც ქართული რეალობისთვის აქტუალურ თემებს შეეხება.
წელს ფესტივალი 50-მდე დოკუმენტურ ფილმსა და მათ ავტორებს უმასპინძლებს: ისრაელიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, კვიპროსიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ბრაზილიიდან, დანიიდან.
მაყურებელი ფესტივალის სხვადასხვა სექციაში სამი ქართველი რეჟისორის კინონამუშევარს იხილავს. წარდგენილი იქნება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი „Another City", ასევე შალვა შენგელის ნამუშევარი „The Ruler" და ანა ციმინტიას დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ბიბლიოთეკა".
ფესტივალი შედგება 3 სექციისგან:
- საერთაშორისოსა კონკურსო პროგრამა
- Focus Caucasus
- CineDoc -Young
საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა CineDoc-Tbilisi-ს ძირითად სექციას წარმოადგენს. არჩეულ 9 ფილმს მაყურებელი და საერთაშორისო ჟიური კინოფესტივალზე შეაფასებს.
საკონკურსო ფილმები ერთმანეთს შეეჯიბრებიან მთავარი ჯილდოს მოპოვებისთვის. გამარჯვებულ ფილმს დოკუმენტური კინოს ექსპერტებით, ფილმის კრიტიკოსებითა და რეჟისორებით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. 2014 წელს საერთშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტური კინოფესტივალის Vision de Reel-ის დირექტორი ლუჩიანო ბარისონე შვეიცარიიდან, სიმონე ბაუმანი გერმანიიდან.
Focus Caucasus - სექცია ეძღვნება კავკასიის რეგიონის დოკუმენტურ კინოს და მოიცავს როგორც კავკასიელი კინემატოგრაფისტების ნამუშევრებს, ასევე ფილმებს, რომლებიც თემატურად ამ რეგიონს ეხება. აღნიშნული სექციისთვის შერჩეულია 9 ფილმი, ფოკუსით - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და მეზობელი ქვეყნები - რუსეთი, თურქეთი. ჟიურის წევრებს წარმოადგენენ: გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი დოქტორი შტეფან ვაკვიცი, უკრაინის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი დარია ბაზელი, საერთაშორისო ფესტივალის Movies that Matter-ის (MTM) ორგანიზატორი ერიკ ფანხისენი.
CineDoc-Tbilisi-ს მესამე სექციას წარმოადგენს CineDoc Young-ი, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები, რომლებიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის: მოზარდთა პორტრეტები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გენდერი, ეკოლოგია და სხვა. საფესტივალო ჯგუფი წინასწარ ესტუმრება სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო ცენტრებს. კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც წარუძღვებიან ბავშვთა ფსიქოლოგები, მასწავლებლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ასევე, უფროსკლასელები. მოზარდები შეხვდებიან ფილმების ავტორებს, გაესაუბრებიან მათ, მაყურებელი ბავშვები ხმის მიცემის წესით გამოავლენენ გამარჯვებულ ფილმს და რეჟისორს თავად გადასცემენ პრიზსს.
CineDoc-Tbilisi -ს ფესტივალს გასული წლის მსგავსად წელსაც კინოთეატრები „ამირანი" და „რუსთაველი" უმასპინძლებენ.
14 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანის" მთავარ დარბაზში შედგება კინოფესტივალის გახსნა. 18 ოქტომბერს კონკურსში მონაწილე ფილმების დაჯილდოება მოხდება. დასწრება შეეძლებათ მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს. ფესტივალის ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ მაყურებელს საშუალება ექნება, წარდგენილი ფილმის რეჟისორს უშუალოდ დაუსვას კითხვები და მისთვის საინტერესო ინფორმაცია მისგან პირადად მიიღოს.
CineDoc-Tbilisi-ს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები. მათ შორის სიმონე ბაუმანის მასტერკლასი, რომელიც ევროპაში თანამედროვე კოპროდუქციას შეეხება.
CineDoc-Tbilisi-ის ფესტივალს პარტნიორობას წელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფესტივალი IDFA უწევს, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს ამსტერდამში ნოემბრის თვეში იმართება. გარდა ამისა CineDoc-Tbilisi-ის პარტნიორები არიან: Movies that Matter, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, დოკუმენტური ფილმების სტუდია.
ფესტივალის სატელევიზიო მხარდაჭერას უზრუნველყოფს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი", „პალიტრა TV", „არტარეა TV" , „Georgian News TV" (პირველი ინგლისურენოვანი ინტერნეტტელევიზია).
ფესტივალის მთავარი რადიოპარტნიორები არიან: „რადიო პალიტრა" (FM 103.9), „პირველი რადიო" (FM 106.4), რადიო „შოკოლადი" (FM 98.5), რადიო „იმედი"(FM 105.9).
ფესტივალის მედიაპარტნიორები არიან: გაზეთები „კვირის პალიტრა" და „Georgian Journal", საინფორმაციო სააგენტო IPN.GE („ინტერპრესნიუსი") და ჟურნალი „ლიბერალი".
Cinedoc Tbilisi-ს პარტნიორები არიან წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი" და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", საფესტივალო კაფე Divan.
უცხოელი სტუმრების დელეგაციებს მასპინძლობს სასტუმრო „Roons" რუსთაველზე, ასევე სასტუმრო „River Side".
დაინტერესებულ პირებს მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებგვერდზე www.cinedoc-tbilisi.com/?page_id=373 და „facebook"-ის გვერდზე: http//www.facebool.com/CinedocTbilisi?fref=ts
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)