მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 11-დან 18 ოქტომბრამდე გაიმართება. ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი პიანისტი ელისო ვირსალაძეა.
ფესტივალის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი გაიმართება, მათგან სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით. ორკესტრი სპეციალურად ფესტივალისთვის დაკომპლექტდა და მასში პროფესიონალი მუსიკოსები უკრავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორკესტრს ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი უხელმძღვანელებს.
წლევანდელი ფესტივალის სოლისტები არიან ლიანა ისაკაძე, ელისო ვირსალაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.
კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში სხვადასხვა სპეციალობის მუსიკოსებისთვის მასტერკლასები გაიმართება.