reportiori.ge - 9 ოქტომბერი ვასო აბაშიძის გარდაცველების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:12
კულტურა
9 ოქტომბერი ვასო აბაშიძის გარდაცველების დღეა
ავტორი:
09 ოქტომბერი, 2014. 12:58


გამოჩენი ქართველი  მსახიობი,   ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საქართველოს სსრ პირველი სახალხო არტისტი ვასო აბაშიძე დაიბადა 1854 წლის 22 ნოემბერს (4 დეკემბერს) დუშეთში.



ვასო აბაშიძის მამა ალექსი, შორაპანის მაზრის სოფელ სავანეს მცხოვრები, მასწავლებლობდა ქალაქ დუშეთში. იგი ფრიად განათლებული ადამიანი ყოფილა. მას ცოლად ჰყოლია ანასტასია შატოვსკაია, წარმოშობით უკრაინელი, ქართული ენის ბრწყინვალე მცოდნე. ქართული წერა-კითხვა პატარა ვასოს სწორედ დედამ შეასწავლა. 1858 წელს მშობლები საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ. საშუალო განათლების მისაღებად ვასო მიაბარეს კეთილშობილთა სასწავლებელში (შემდეგში პირველი გიმნაზია), სადაც სწავლობდნენ ალ. სუმბათაშვილი და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკო. 1869 წელს სამსახურებრივი მოვალეობის გამო ალექსი ქუთაისში გადაიყვანეს, ვასოც სწავლას ქუთაისის გიმნაზიაში აგრძელებს, რომელსაც 1872 წელს ოქროს მედალზე ამთავრებს. ამავე წელსვე იწყებს 18 წლის ჭაბუკი მასწავლებლობას ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. იგი სულ შვიდი წელიწადი მასწავლებლობდა: ქუთაისში (1872-1877), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877-79 წწ.).



ვასოს ძლიერ უყვარდა სცენა. გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ალ. სუმბათაშვილსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩეკოსთან ერთად). 1875-78 წწ-ში ქუთაისში დაარსდა სცენისმოყვარეთა წრე, რომელშიც მუდმივად მართავდა წარმოდგენებს. ამ წარმოდგენებში ვასო აბაშიძეც იღებდა მონაწილეობას 1877 წლამდე. 1877-78 წლებში ვასო აბაშიძე დანიშნეს სამაზრო ქალაქ ყაზახის (ელიზავეტოპოლის გუბერნია) სასწავლებლის ზედამხედველად. მიუხედავად სამსახურისა, ზაფხულობით იგი ჩამოდიოდა თბილისში და მონაწილეობას იღებდა სცენისმოყვარეთა წრეში. პირველი მისი სცენაზე გამოსვლა თბილისში 1877 წელს სახაზინო თეატრში შედგა, სადაც ითამაშა ისაიას როლი გ. სუნდუკიანის პიესა „ხათაბალაში".




1879 წელს ვასო აბაშიძემ თავი დაანება სამსახურს და სამუდამოდ შევიდა ქართულ დასში, სადაც იგი 1923 წლამდე განაგრძობდა მოღვაწეობას. 1879 წელს ვასო აბაშიძე დაქორწინდა ქართული სცენის მშვენებაზე, მარიამ საფაროვაზე. „როცა ქართულ დასში მივიდა მაკო, ვასომ დაცინვა დაუწყო და ბავშვიც უწოდა, მაგრამ მალე მისი სცენაზე პირველი გამოსვლისთანავე შეხედულება შეიცვალა და ამ ხელოვანის თაყვანისმცემელიც გახდა. ერთ დღეს ვასომ მაკოს წინადადება შესთავაზა ოჯახის შექმნაზე,  ქალმა იუარა, ხუმრობა ეგონა... ამასობაში გასტროლებიც დაიწყო. დასი გორში გაემგზავრა და რამდენიმე წარმოდგენა უჩვენა. უჩვეულოდ ცხელი ამინდი იდგა. თეატრის მუშაკები გარეთ გამოვიდნენ. ვასო მაკოს აედევნა და კვლავ სთხოვა ხელი. ქალი მას ცივად შეხვდა. ვასო გამოემშვიდობა და მტკვრისკენ გაემართა. მაკომ იფიქრა, თავს დაიხრჩობსო, ამიტომ გაეკიდა და უთხრა, რომ ის მას ცოლად გაჰყვებოდა" (დ. ჩხეიძე, „მაკო საფაროვა-აბაშიძე", თბ. 1963 წ). ასე მოხდა ქართული თეატრის ორი მშვენების დაქორწინება. ორივენი ბედნიერნი იყვნენ.



ვასო აბაშიძის გმირთა გალერია მოიცავს 500-მდე სხვადასხვა როლს. მნიშვნელოვანი როლებია: კუმუხტი, ტრდატოვი, დაბაღოვი (გ. ერისთავის "დავა", "გაყრა", "ძუნწი"), გეურქა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ცაგარელის, "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!", "ხანუმა", "ციმბირელი", "ბაიყუში", "მათიკო", "ჭკუისა მჭირს"), საქო (გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ზიმზიმოვი, ისაია (სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა"), ბესო (სუმბათაშვილ-იუჟინი "ღალატი"), გრზშნევსკი (რამიშვილის "მეზობლები"). კლასიკური რეპერტუარიდან განასახიერა ფამუსოვის (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ხლესტაკოვის, გოროდნიჩის (გოგოლის "რევიზორი"), ბელოგუბოვის, შმაგის (ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", "უდანაშაულო დამნაშავენი"), სკაპენისა და ორგონის (მოლიერის "სკაპენის ოინები", "ტარტიუფი"), ფიგაროს (ბომარშეს "სევილიელი დალაქი") და სხვა როლები. მონაწილეობდა ოპერეტებში: შ. ლეკოკის "რაინდი უშიშარი და გულმართალი" (ლარგი), უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალალან" (ასკარი) და სხვა.



ვ. აბაშიძე მარტო მსახიობობით როდი კმაყოფილდებოდა, წლების განმავლობაში რეჟისორობდა, ხელმძღვანელობდა დასს. ანტრეპრენიორობის პერიოდში ქართულ სცენაზე ვასომ დადგა: შექსპირის „ჰამლეტი", „მეფე ლირი", „ვენეციელი ვაჭარი", დ. ერისთავის „სამშობლო", ა. ცაგარელის „ხანუმა" და სხვა.



ვასო აბაშიძეს მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა სიცოცხლეშივე. მსახიობის შემოქმედება ხიბლავდა დიდსა და პატარას. ყველაზე სიტყვაძუნწი თეატრალური კრიტიკოსებიც კი ვერ ფარავდნენ აღტაცებას ქართული თეატრის რაინდის ფილიგრანული სასცენო ნამუშევრებით.



1922 წლის 15 იანვარს მთავრობამ მსახიობს 50 წლის იუბილე გადაუხადა. ქართველ მსახიობთაგან პირველს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება: „ხალხი კარგად არჩევს ჭეშმარიტ ნიჭს", - წერდა იმ დროს გაზეთი „კომუნისტი".



1926 წლის შემოდგომაზე ვასო შეუძლოდ გახდა და გაემგზავრა წყალტუბოში სამკურნალოდ. ერთი თვის შემდეგ ის მძიმე ავადმყოფი ჩამოიყვანეს თბილისში და  მოათავსეს ყოფილ ალექსანდრეს საავადმყოფოში. ამის შემდეგ მან კიდევ  19 დღე იცოცხლა  და 1926 წლის 9 ოქტომბერს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.



ვასო აბაშიძის ცხედარი გადაასვენეს ხელოვნების სასახლეში. ყოველ საღამოს იმართებოდა პანაშვიდი, რომელსაც დიდძალი ხალხი ესწრებოდა. ცხედართან დღედაღამ საპატიო ყარაული იდგა. 14 ოქტომბერს ვასო აბაშიძე მთაწმინდაზე, აკაკი წერეთლის გვერდით დაკრძალეს.



 

 

(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016