ხვალ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" ოფისში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია მეწარმეებს შეხვდება. შეხვედრის მთავარი მიზანია მათთვის ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს მიზნებზე, ხედვაზე, სტრუქტურასა და კომპონენტებზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ პროგრამას „აწარმოე საქართველოში". ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოს გაფართოება /გადაიარაღების ხელშეწყობა, ამასთანავე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა, ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საშუალებით.
პროგრამის ფარგლებში უკვე დამტკიცდა 25 პროექტი, რომელიც ჯამში დაახლოებით 37 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას მოიცავს. გიორგი ციკოლია დამსწრებ მეწარმეებს გაუზიარებს ინფორმაციას დამტკიცებულ პროექტების შესახებ და მათ კითხვებს უპასუხებს.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)