თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით ხვალ, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, "ისთერნ პრომოუშენსის" დირექტორი გიორგი კერესელიძე და "თიბისი ბანკის" საგარეო ურთიერთობათა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე დაესწრებიან.
თბილისის რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალში მოწვეულნი არიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად, ფესტივალში ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებიც მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ სტენლი კლარკი, მუსიკოს ბექა გოჩიაშვილთან ერთად, ევროტურს საქართველოში, სწორედ ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში იწყებს. დევიდ ფიუზინსკისთან ერთად დაუკრავს პიანისტი გიორგი მიქაძე. ნიუ-იორკიდან სპეციალურად თბილისის ჯაზ-ფესტივალისთვის ჩამოდის ასევე ქართველი ჯაზ-შემსრულებელი გიორგი მელიქიშვილი (George Mel), რომელიც 20 წლის შემდეგ თავის კვარტეტთან ერთად პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.
წელს პირველად, ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში ქართველი მხატვრის, დავით მჭედლიშვილის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით "All That Jazz" გაიმართება, ეროვნული გალერეა კი ფრანგი ფოტოგრაფის, კრისტიან როზეს ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
ღონისძიების დასასრულს, კომპანია "ისთერნ პრომოუშენსა" და "სოლიდარობის ფონდს" შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც მხარეები საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფიული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის სათანადო ალტერნატიული რესურსების შექმნას დაუჭერენ მხარს და ნებაყოფლობით საწყისებზე, სათანადო რესურსების მობილიზაციას უზრუნველყოფენ.