reportiori.ge - 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:50
კულტურა
13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა
ავტორი:
13 ოქტომბერი, 2014. 11:02


საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში.



მისი მშობლები ივანე და ოლღა განათლებული, კულტურული ადამიანები იყვნენ. ბაბუა კი, ვლადიმერ დემურია - ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე) ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. მისი თავისუფლებისმოყვარე იდეები ბავშვობიდან აყალიბებდა მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად.



1946 წელს მერაბი შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით. მეგობართა წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მუდამ შემართული იყო მათ დახმარებასა და თანადგომაში.



მერაბს კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა და მე-9 კლასიდან სწავლას გააგრძელა ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. მას შეეძლო, ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო: კარგად უკრავდა, მღეროდა, წერდა ლექსებს, მაგრამ ბავშვობიდან მისი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.



ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან იწყება მერაბ კოსტავას პოლიტიკური მოღვაწეობა. სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. იგი ზვიად გამსახურდიასთან და რამდენიმე თანატოლთან ერთად აარსებს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პირველ პატრიოტულ არალეგალურ ორგანიზაციას „გორგასლიანი".



1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: „ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო საიდუმლო ორგანიზაცია „გორგასლიანის" წევრები დაიჭირეს. ასე მოხვდნენ სკოლის მერხიდან საპყრობილეში იმდროინდელი თბილისის ელიტური ოჯახების შვილები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე, გურამ დოჩანაშვილი... მერაბ კოსტავა მაშინ მეათე კლასის მოსწავლე იყო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.



1958 წელს მერაბ კოსტავა ამთავრებს ათწლედს და წარმატებით აბარებს მისაღებ გამოცდებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. პროფესორი ლადო დონაძე, რომელიც მერაბის სადიპლომო ნამუშევრის - „ბაირონი დასავლურევროპულ სიმფონიურ მუსიკაში" ხელმძღვანელი იყო, ამბობდა: „არც მერაბ კოსტავამდე და არც მას შემდეგ კონსერვატორიაში დიპლომი ასე არავის დაუცავსო!" კონსერვატორიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა წლებში მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად რუსთავისა და თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში.



1967 წლიდან იწყებს მუშაობას რედაქტორად ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში". აქვეყნებს მთელ რიგ წერილებს ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე.



1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. უშიშროების კომიტეტი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც უმალ ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: „მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისათვის.



1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის" გამოცემა იყო.


1980 წელს გადასახლებულ იქნა ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში. გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც „ხულიგანს" და ციმბირში ქ. ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა შეურიგებლად იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ის ზედმეტი ხუთი წელი სწორედ ამ შეურიგებლობის საზღაური გახდა. უცნაურია, მაგრამ სუკ-შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც.



ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნის პერიოდს მერაბი ასე იხსენებს: „პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარე. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს „გასატანად" მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: „პრივეტ, ბრატცი!"



1978 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე. იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა - 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.



პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, გაეთავისუფლებინა მერაბ კოსტავა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში დაბრუნდა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მას არაერთი „თბილი" თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ასწავლიდა ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში.



მერაბ კოსტავას საქართველოში დაბრუნებას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა.



1987 წლის 26 მაისს, ჯავახიშვილის N1-ში (ამჟამად ზანდუკელის ქუჩა), მერაბის ეზოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორია.



მერაბ კოსტავა ზვიადთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო" შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა.



1989 წლის 9 აპრილს მ. კოსტავას კვლავ აპატიმრებენ მიტინგის ორგანიზებისათვის. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 9-ში დატრიალებული ტრაგედიის გამო დანაღვლიანებული და იმავდროულად გაკვირვებული იყო, ხალხი ვერ იცნო - „ასე მოკლე დროში, ასეთი მეტამორფოზა, ძალიან იშვიათად ხალხმა განიცადოსო".



9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, ის პასუხობდა: „მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებ".



1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია - ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. შემდგომში იქვე დაკრძალეს ზვიად გამსახურდიაც.



მერაბ კოსტავა იშვიათი მუსიკალური მონაცემების მქონე, ნიჭიერი მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და პედაგოგი იყო. მერაბ კოსტავას კალამს ეკუთვნის ნაწარმოებები: „ფიქრები საქართველოს მისიაზე"; „ფიქრები ქართულ კულტურაზე" და ა.შ. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მიენიჭა დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის პრემიები.



1993 წლის სექტემბერში ქ. ზუგდიდში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.




(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016