ირმა ნადირაშვილის სამუშაო ადგილების, მისი შემოსავლებისა და ნათესავების დასაქმების შესახებ გაზეთ „რეზონანსში" გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა.
სტატიის მიხედვით, 2007-2013 წლებში ირმა ნადირაშვილის ქონებას შეემატა სააგარაკე ნაკვეთი, მასზე აშენებული სახლი, ბინა ბათუმში და ბინა თბილისში.
„იმავე პერიოდში მხოლოდ ნადირაშვილის დეკლარირებულმა შემოსავლებმა შეადგინა 318.7 ათასი ლარი. ხოლო მისი მეუღლის - 280 ათასი ლარი. საერთო ჯამში, მხოლოდ დეკლარირებულმა შემოსავლებმა შეადგინა 600 ათასი ლარი. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოძიებული სკანდალური "თბილისის განვითარების ფონდის" მოღვაწეობა, სადაც ნადირაშვილის მეუღლე გამგეობის წევრი იყო. ეს ის ფონდია, რომელმაც 7 წლის განმავლობაში 300 მილიონი ლარი გახარჯა და სადაც მინიმალური ხელფასი თვეში 4500 ლარს შეადგენდა. ნადირაშვილს თავადაც შეუძლია გაასაჯაროოს დანარჩენი შემოსავლები მედიისთვის, თუ რასაკვირველია ამის სურვილი ექნება"-ნათქვამია სტატიაში.
„რეზონანსი"წერს, რომ 2007 წელს ჟურნალისტი, რომელიც ყოველგვარი გახმაურების გარეშე დაინიშნა ნავთობის და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილედ, ერთდროულად იყო სხვადასხვა ჩინოვნიკი 2 უწყებაში, ჟურნალისტიც და კონსულტანტიც. ნადირაშვილი ხელფასს იღებდა ჯანდაცვის სამინისტროს პრ დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაშიც და ინტერნიუსშიც.
„იმავე 2007 წელს სახელმწიფო სტრუქტურებში აღმოჩნდნენ ირმას დები და სიძე. ერთი და _ "სოციალური მომსახურების სააგენტოში", მეორე და _ "სურსათის ეროვნულ სააგენტოში" ხოლო სიძე _ "სამოქალაქო განვითარების სააგენტოში". რაც შეეხება ირმას მეუღლეს, ის ეროვნულ ბანკში იყო დასაქმებული",- წერს „რეზონანსი".
სტატიის მიხედვით, 2008 წლიდან ირმა ნადირაშვილის სამუშაო ადგილებს რეგიონალურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობაც დაემატა, მისი სიძე კი გადავიდა რუსთავის მუნიციპალიტეტში სადაც 4 წელი დაჰყო. 2009 წელს ნადირაშვილის მეუღლე ეროვნული ბანკიდან სატრანსპორტო ადმინისტრაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზეგადავიდა.
„2010 წელს ირმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ინიშნება. იმავე წელს რჩება ინფრასტრუქტურის სამინისტროში, იმავდროულად იღებს ხელფასებს რუსთავი 2-ში(დეკლარირებული 30 000ლარი), თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში და არასამთავრობო ორგანიზაცია "ნალა"-ში",-აღნიშნავს გამოცემა.
„რეზონანსი" წერს, რომ 2011 წელს,წინა წლისგან განსხვავებით,ადმინისტრაციაში ნადირაშვილის შემოსავალი გაორმაგებულია და წელიწადში 54 ათას ლარს უახლოვდება. ამ თანხას ემატება შემოსავალი ასოციაციიდან 8600 ლარის ფარგლებში და 6000 ლარის სახით "ნალა"-დან. 2011 წელი პროდუქტიული აღმოჩნდა ნადირაშვილის მეუღლისთვისაც, რომელიც სატრანსპორტო ადმინისტრაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსობიდან გადაყვანილ იქნა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ირმა ნადირაშვილი 2012 წლიდან ფიქსირდება, იმავე წლის ოქტომბრიდან კი პარლამენტის წევრია. რამდენი აიღო ნადირაშვილმა ოქტომბრის ბოლოდან 2012 წლის დეკემბრის ბოლომდე, დაფარულია. იმავე 2012 წელს დაწინაურება შეეხო ნადირაშვილის მეუღლესაც, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლად დაინიშნა.2013 წელს ნადირაშვილის შემოსავალები მკვეთრად შემცირდა და წელიწადში მხოლოდ 60 518 ლარს შეადგენდა. თუმცა 2013 წელს ნადირაშვილის მეუღლის ოფიციალური შემოსავალი მერიასა და გამგეობებში _ 84 ათასამდე ლარს შეადგენდა",-ნათქვამია სტატიაში.
(წყარო: რეზონანსი)