სოფელ ძველ ქანდაში 13 წმინდა ასურელი მამის მონასტერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი მეუფე ილარიონი ეწვია. მან მონასტრის წინამძღვართან, სქიმარქიმანდრიტ სერაფიმესთან ერთად წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც სოფლის მკვიდრები, მართლმადიდებელი ასირიელები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საღვთო ლიტურგია ორ ენაზე - ქართულსა და არამეულზე აღევლინა.
წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მეუფე ილარიონმა მამა სერაფიმეს ღვაწლზე ისაუბრა. მან მონასტრის წინამძღვარს მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისათვის.
„როგორც პიროვნებას, ძალიან დადებითად დავახასიათებ. აღსანიშნავია, რომ ის არის სქიმარქიმანდრიტი. როდესაც შემოვდივართ ამ მონასტერში, ვხედავთ, რამდენი რამაა გაკეთებული. ვფიქრობ, აქ სიცარიელე იქნებოდა... ერთი ტაძარი იყო, მეორეც აშენდა. ეს ყოველივე მიანიშნებს მამა სერაფიმეს დიდ სულიერებასა და ღვაწლზე. მამა სერაფიმე ძალიან უბრალო და უშუალო პიროვნებაა, რაც ყველაზე მეტად არის დასაფასებელი", - ბრძანა მეუფე ილარიონმა.