ამერიკაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მხატვარმა დევიდ დათუნამ თავისი პროექტის „ჭეშმარიტება" (The Truth) ფარგლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პორტრეტზე დაიწყო მუშაობა.
დევიდ დათუნას განმარტებით, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება იმ ადამიანთა პორტრეტები, რომლებიც საკუთარ თავში ურყევ ჭეშმარიტებას ატარებდნენ და თავიანთი ცხოვრება ხალხს მიუძღვნეს. მათ შორის არიან დალაი-ლამა, იოანე-პავლე II, დედა ტერეზა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და სხვები.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წამოწყება იქნება, რამდენადაც იგი პირადად აკურთხა კათოლიკოს-პატრიარქმა. ვაშინგტონის მუზეუმში გამოფენის შემდეგ პორტრეტს თბილისში წარმოვადგენ, რათა იგი გავუზიარო და ვაჩვენო ქართველ ხალხს", - განაცხადა მხატვარმა.
მისი განცხადებით, მხოლოდ პატრიარქის მიმართ არსებობს საქართველოში ერთიანი მოსაზრება, პატივისცემა და უსაზღვრო სიყვარული. მის გვერდით თავს ყველა ბედნიერად გრძნობს და სწორედ ამ წმინდა ადამიანმა დაანახა მას განსაკუთრებული საქართველო. დაგეგმილია, რომ პატრიარქის პორტრეტი პროექტის ძირითადი ნაწილი იქნება.
დევიდ დათუნა ცნობილი მხატვარი და ხელოვნების ნაწარმოებების კოლექციონერია. დღეს დევიდ დათუნა თანამედროვე არტ-სცენის ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ავტორების რიგში დგას, ხოლო მისი არასტანდარტული გადაწყვეტები და სამყაროს ხედვა „რადიაციის" ეფექტს ახდენს და ცნობიერებას თანამედროვე იდეებით ატყვევებს. დასავლეთის პრესის განცხადებით, დათუნა - ეს ახალი ათასწლეულის მოაზროვნეა, რომლის გამოფენებიც ათეულ ათასობით ადამიანს უყრის თავს. ვაშინგტონის ეროვნული საპორტრეტო გალერეის დირექტორი ნიკ აპოსტოლიდესი აღიარებს, რომ „ხალხის ისეთი რაოდენობა და ინტერესი, როგორიც დევიდ დათუნას გამოფენების დროს არის, ჩვენს მუზეუმში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა".