ოლივერ და მარჯორი უორდროპებისადმი მიძღვნილი გამოფენა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დღეს გაიხსნება. გამოფენა ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
გამოფენაზე დამთვარიელებელს საშუალება ექნება, ბრიტანელი დიპლომატისა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, სერ ოლივერ უორდროპის უნიკალური და აქამდე უცნობი საარქივო მასალები დაათვალიეროს, რომელიც მუზეუმის ხელმძღვანელობამ ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოიტანა.
ოლივერის და მისი დის, მარჯორის სახელი ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილია, რადგან მათი დიდი დამსახურება აქვთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს ისტორიიისა და კულტურის პოპულარიზაციაში. 1894 წელს ლონდონში ოლივერ უორდროპის ავტორობით გამოიცა წიგნი „საქართველოს სამეფო", 1894 წელს კი გამოვიდა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას" ინგლისური თარგმანი. მარჯორი უორდროპს გამოცემული აქვს „ვეფხისტყაოსნის" პროზაული თარგმანი, „ქართული ხალხური ზღაპრები." ასევე ოლივერს ნათარგმნი აქვს გიორგი ბრწყინვალეს „ძეგლისდება", „ვისრამიანი", „წმინდა იაკობის ცხოვრება".
უორდროპებმა თავიანთი ცხოვრება მთლიანად საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს. მათ ეკუთვნით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე პეტიციის შედგენის ინიცირება. ეს პეტიცია შემდგომში მეფისნაცვალს გაეგზავნა კავკასიაში. ასევე მათ ეკუთვნით ევროპაში ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის შექმნის იდეა.
ღონისძიებას დაესწრებიან ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და ბრიტანეთის საბჭოს წევრი ზაზა ფურცელაძე.
25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი გაიხსნება.