„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" რეფორმირების და გარდაქმნის პროცესი დაიწყო. 2015 წლიდან „საზმაუწყებელი" ახალი სტრატეგიით იხელმძღვანელებს, რომლის მომზადებაზეც ქართველ კონსულტანტებთან ერთად ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლებიც მუშაობენ.
16 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს ინიციატივით, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სატელევიზიო ბაზრის კვლევაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა ACT Research-მა მოიგო. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს, 15 ოქტომბერს გაფორმდა. ACT Research-მა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს. კვლევა ფართომასშტაბიანი იქნება და მთელ საქართველოს მოიცავს (შესაბამისი შერჩევის პრინციპით 18 წლის ზევით მოქალაქეები გამოიკითხებიან). კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი) მოსახლეობის ტელეაუდიტორიის პრეფერენციების შესწავლა. სატელევიზიო ბაზრის კვლევამ დედაქალაქთან ერთად მაქსიმალურად უნდა მოიცვას საქართველოს რეგიონები; როგორც ქალაქების, ასევე სოფლის მოსახლეობა. კვლევა შეეხება როგორც სატელევიზო, ასევე რადიოს და ონლაინ პლატფორმის აუდიტორიას. კვლევის მონაცემების საფუძველზე გაირკვევა, ჟანრობრივ-თემატური თვალსაზრისით რა ტიპის გადაცემებს მოელის მოსახლეობა „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან" და ტელემაყურებელთა დამოკიდებულება საინფორმაციო გადაცემების და სხვა სატელევიზიო გადაცემების მიმართ სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. კვლევის შედეგები წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
(მოამზადა თამარ საკანდელიამ)