„Tbilisi Ivent Hall“-ში კინო და ტელეოპერატორების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ გაიხსნა.
ფესტივალი 2009 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ოპარატორების საქმიანობის წახალისებას, მასტერკლასების ჩატარებას, ახალი ტექნიკის გაცნობას და კონკურსს, სადაც ნამუშევრების გაგზავნა ნებისმიერ ოპერატორს შეუძლია.
წელს ფესტივალს ტექნიკის თორმეტი საერთაშორისო კომპანია ესტუმრა. ტექნიკის გამოფენის პარალელურად საკონკურსო ნამუშევრების ჩვენება მიმდინარეობს. დაგეგმილია „სონის“ კამერების გათამაშებაც.
„ფესტივალის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ როგორღაც წავახალისოთ ოპერატორები. ეს ადამიანები ყოველთვის კადრს მიღმა რჩებიან და მათი საქმიანობის სირთულეს ვერავინ იგებს. ჩვენი მიზანია, ჩავატაროთ ისეთი ფესტივალი, სადაც ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ მასტერკლასებს, დაათვალიერონ და გაეცნონ ახალ ტექნიკას, და რაც მთავარია, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ასეთი ფესტივალები თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში ტარდება და საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღებით სარგებლობს. იმედია, მომავალში ჩვენი ფესტივალის მიმართ დაინტერესება უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ზურაბ გეგენავამ, „რეპორტიორთან“ საუბარში.
„ოქროს თვალის“ გამარჯვებული ოპერატორი 18 ოქტომბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე გამოცხადდება.