reportiori.ge - უპატრონოდ მიტოვებული სამართლიანობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 07:40
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
უპატრონოდ მიტოვებული სამართლიანობა
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2014. 17:39


განვლილმა ათწლეულმა დაგვიტოვა გაუკუღმართებული ურთიერთობები,  ბევრი ტკივილი და იარა, რომელთა დაამება-მოშუშებას იქნებ მომავალი ათი წელიც არ ეყოს. არანაირი ძალუფლების ხიბლი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად და როდესაც საუბარია ათეულობით მოკლულზე, ასეულობით დანგრეულ-გაპარტახებულ ოჯახზე, ათასობით ადამიანის შერყვნილ სულიერ სამყაროზე, ეს იმის მანიშნებელია, რომ საქმე გვაქვს შეგნებულად ორგანიზებულ სისტემურ დანაშაულთან. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, ბევრი ისეთი სიავეც გაცხადდა, რომელიც აქამდე საგულდაგულოდ იყო მიჩუმათებული.


ამ ჩვენი ძალათმაცხონე ნაციონალების გადამკიდე რამე სიბოროტე თუ გამაკვირვებდა აღარ მეგონა, მაგრამ თურმე ზნედაცემულობის ფარდა ჯერაც ბოლომდე არ არის ახდილი.


2011 წლის 27 იანვარს მოსკოვში დააპატიმრეს ქართველი ბიზნესმენი თემურ ყორშია, რომელზეც საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, საქმეში გარკვევის შემდეგ რუსმა სამართალდამცველებმა ყორშიას ადვოკატებს განუცხადეს, რომ მას უახლოეს მომავალში გაათავისუფლებდნენ, მაგრამ... 2011 წლის 25 მარტს ის საკანში „გაურკვეველ გარემოებებში" გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა თემურ ყორშიას ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს და სათანადო სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარეს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მიცვალებულს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ანუ არანაირი ეჭვი არ არსებობდა, რომ ეს „გაურკვეველი გარემოებები" სასტიკი წამება გახლდათ. ლოგიკურად ჩნდება კითხვები:  რა ინტერესი  ამოძრავებდათ რუსებს და რატომ აწამეს ქართველი კაცი, რომელსაც მათ ქვეყანაში არაფერი დაუშავებია? ვის დაკვეთას ასრულებდნენ მკვლელები და ვის ინტერესებში იყო თემურ ყორშიას სიკვდილი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად რამდენიმე წლით უკან დაბრუნება მოგვიწევს.


ბიზნესმენმა თემურ ყორშიამ ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე", ზუგდიდში წამოიწყო საქმიანობა: იყო „კოკა-კოლასა" და „ბორჯომის" დისტრიბუტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. უნარიანად წარმართული საქმიანობის შედეგად მალე მისი ბიზნესი გაფართოვდა, ყორშიამ სახელმწიფოსგან გამოისყიდა ზუგდიდის პოლიციის ყოფილი შენობა, სადაც ელიტარული საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავდა, შეიძინა სავაჭრო ცენტრი და ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი, აამუშავა პურის ქარხანა და რამდენიმე მცირე საწარმო.


„ნაციონალების" მოსვლის შემდეგ, წარმატებული ბიზნესმენი ადგილობრივ ხელისუფალთა თვალთახედვის არეში მოხვდა და როგორც სჩვეოდათ საფუძვლიანად „მოჰკიდეს ხელი"; თავდაპირველად დაუყვავეს და წაახალისეს (რა თქმა უნდა მხოლოდ სიტყვიერად), თავი მეგობრებად მოაჩვენს, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ უკვე საკმარისად მოძლიერებული თემურ ყორშია და მისი ფინანსები, დრო იყო „ნაციონალური მოძრაობის" სამსახურში ჩამდგარიყვნენ. დაიწყო ერთჯერადი თხოვნებით, რომლებსაც შემდეგ როგორც წესი, ქონების გადაფორმების მოთხოვნა მოჰყვებოდა.


თემურ ყორშიას ზუგდიდში ყველა იცნობდა, უამრავი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და არც უანგარო დახმარება და  ქველმოქმედება იყო მისთვის უცხო. ახლობელ-მეგობარიც ბევრი ჰყავდა და მისი სიკეთის მადლიერიც, მაგრამ სახელისუფლებო ბოროტების მანქანის წინააღმდეგ ეს ყველაფერი უძლურია. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც: თემურ ყორშიას დაუპირისპირდა ზუგდიდის გამგებელი  ალექსანდრე ქობალია, სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურორი როლანდ ახალაია და თითქოს ეს არ კმაროდა, მისი მტრების ბანაკში გადაინაცვლეს, მანამდე  ბიზნესპარტნიორებმა, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას დებმა. თემურ ყორშიას მეთოდურად დაათმობინეს უძრავ-მოძრავი ქონება, მაგრამ ესეც არ აკმარეს, სამშობლოს მოღალატეობა დასწამეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოცხადდა. მიზეზად კი მოიტანეს, 2008 წელს ზუგდიდში მყოფ რუსის ჯარს პურითა და პროდუქტით ამარაგებდიო. სინამდვილეში კი ის პური და პროდუქტი თემურ ყორშიამ ტყეში უპატრონოდ მიტოვებულ რეზერვისტებს გაუგზავნა, რომ ახალგაზრდები შიმშილით არ დახოცილიყვნენ. თუმცა სამართლის მაკრატელი ნაციონალების ხელში იყო და ქობალია-ახალაია-თოდუებიც ისე ჭრიდნენ და კერავდნენ, როგორც მათ აწყობდათ.


ქონებაწართმეული და შერისხული თემურ ყორშია იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, ჯერ უკრაინაში გადავიდა, იქიდან კი რუსეთში და ეცადა პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო;  თითქოს მიაღწია კიდეც საწადელს და როდესაც უთხრეს, თქვენი საბუთები მზად არის, შეგიძლიათ მობრძანდეთ და წაიღოთო, სწორედ მაშინ დააპატიმრეს იმ მოტივით, რომ საქართველოში თქვენზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრულიო. ეჭვი არ არის, „ნაცმოძრაობის" საცეცები მოსკოვშიც მისწვდა და შემდეგ, როდესაც რუსები მის უდანაშაულობაში დარწმუნდნენ და გათავისუფლება დაუპირეს, კარდინალური ზომებიც მიიღეს,რომ ქართველ ბიზნესმ- ენს ციხე ცოცხალს არ დაეტოვებინა.


ამ ამბიდან მესამე წელი იწურება. ოჯახის წევრებმა მიმართეს პროკურატურას, ძიებაც თითქოს დაიწყო, მაგრამ მკვდარი წერტილიდან დღემდე არ დაძრულა. თემურ ყორშიას ოჯახის უბედურებამ დააინტერესა ქართული მედიასაშუალებები. ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება, გამოქვეყნდა სტატიები, სადაც დეტალურად არის აღწერილი ქობალია-ახალაიას კლანების ყველა დანაშაული. თუმცა, როგორც ეტყობა, საქმე იმ შემთხვევასთან გვაქვს, როცა ორივე ყური გახსნილია: ერთიდან შედის ინფორმაცია, მეორედან უგზო-უკვლოდ გაედინება.


ასეთი საქმეები ათასობით დევს საქართველოს პროკურატურაში, თითქოს იძიებენ, მაგრამ დღემდე არც ერთი (!!!) შემთხვევა არ გამოძიებულა, სქელ საქაღალდეებს მტვერი ედება და თუ ასე გაგრძელდა, მალე ყველა მათგანი ისტორიის საკუთრება გახდება.


არა მგონია პროკურატურის თუ დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში იყოს ასეთი ტოტალური წაყრუება. გონივრული ეჭვით თუ ვიხელმძღვანელებთ, აქ ისევ სახელისუფლებო სტრუქტურებში მრავლად შემორჩენილი „ნაციონალების" შავი საცეცების კვალი იკვეთება, რომელთა წარმომადგენლებიც ბოლო ხანს საშიშრად გააქტიურდნენ, თავი წამოყვეს, გაღმა შეედავეს პრინციპით აქეთ გვიკიჟინებენ, გვმოძღვრავენ და წარმოიდგინეთ, გვემუქრებიან კიდეც.


თუ „ქართული ოცნება" „ნაციონალების" დანაშაულების მიმართ წაყრუების პოლიტიკას განზე არ გადადებს და სამართლიანობის აღდგენას რეალურად არ დაიწყებს, ვშიშობ უმართავი პროცესები არც ისე შორსაა. ცალკე ხელისუფლების უმოქმედობით გაყოყოჩებული „ნაციონალური" კლანები და ცალკე თემურ ყორშიას მსგავსი ბედის გამზიარებელი, უკვე უპოვარებად ქცეული, ათასობით ადამიანი.სასწორის ერთ პინაზე ძალაუფლებადაკარგული, მაგრამ ისევ ძლიერი (ფინანსურადაც) „ნაცები" და მეორე პინაზე იმედგადაწურული განხრისხებული ხალხი, ხოლო შუაში თვალებახვეული, დაყრუებულ-დამუნჯებული სამართლიანობა.




თემურ აფაქიძე


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016