ჯაკარტაში მდებარე, სალიჰარას ხელოვნების ცენტრი 13 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, უკვე მეხუთედ, გრანდიოზულ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც ხელოვნების არაერთ დარგს აერთიანებს. ფესტივალის ფარგლებში ცეკვის, თეატრალური წარმოდგენების, ჯაზ-კონცერტების, ლიტერატურული კითხვისა და განხილვების, გამოფენების, კინოჩვენებებისა და ვორქშოფების სახით ასამდე ივენთი იგეგმება.
წელს, ფესტივალში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობას იღებს ჩრდილების სახელმწიფო თეატრი, რომელიც უცხოელი მაყურებლის წინაშე სალიჰარას თეატრში, ორი სპექტაკლით წარდგება. მაყურებელი იხილავს სპექტაკლებს „წელიწადის ოთხი დრო,“ და „რა საოცარი დღეა?!“ დაგეგმილია მასტერკლასები ჯაკარტას უნივერსიტეტში და სკოლებში, ქალაგ ჯოგუასა და კუნძულ ბალიზე.
ჩრდილების სახელმწიფო თეატრი, ინდონეზიაში საქართველოს ელჩის, ზურაბ ალექსიძის თხოვნით, მონაწილილეობას მიიღებს ტურიზმის დღეებში, რომლის ფარგლებშიც მსახიობები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორს გააჟღერებენ.
ინდონეზიიდან დასი ტაილანდში, ბანკოგში გაემგზავრება, სადაც 1-10 ნოემბრის ჩათვლით, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური, თოჯინების კარნავალი გაიმართება. ფესტივალში მსოფლიოს მასშტაბით 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, შვეიცარია, დანია, ამერიკა, უკრაინა..
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)