ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის რეზიდენციას დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ჟანა დიდებაშვილის განცხადებით, ეპარქიის დავალიანება 4 000 ლარამდეა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან დავალიანების რესტრუქტურიზაცია მოახდინონ.
„ეპისკოპოსის რეზიდენციის დავალიანება 1 300 ლარია. მთლიანად ეპარქიის კი 4 000 ლარამდე. ეპისკოპოსის რეზიდენციისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა სპონტანურად არ მომხდარა, ეპარქიის წარმომადგენლები საქმის კურსში იყვნენ. დიდი მოწიწებით სთხოვდა ჩვენი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, რომ დავალიანება დაეფარათ. ძალიან ვწუხვართ, რომ ასე მოხდა და რეზიდენციისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მოგვიხდა. თუ ეპარქია გამოთქვამს სურვილს, შეგვიძლია ვალის რესტრუქტურიზაცია მოვახდინოთ და დავალიანება 6 თვეზე გავანაწილოთ. კომპანია მზად არის, ეპარქიასთან შესაბამისი აქტი გააფორმოს და ელექტროენერგიის მიწოდება დაუყოვნებლივ აღადგინოს. როგორც წესი, ვალის რესტრუქტურიზაცია საყოფაცხოვრებო ტიპის აბონენტებზე ხდება და არა კომერციულებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისს დავუშვებთ. ეკლესიების თემა ძალიან სათუთია, წლების განმავლობაში „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" თანამშრომლები ყოველთვიურად, ეკლესიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, დაახლოებით 700 ლარს ვიხდიდით, მაგრამ მოგეხსენებათ, კომპანიაც გაკოტრების რეჟიმშია და ქველმოქმედების შესაძლებლობა არ გვაქვს, თორემ ამ თემაზე ეკლესიას არ შევაწუხებდით", - განუცხადა „კახეთის საინფორმაციო ცენტრს" ჟანა დიდებაშვილმა.