შემოდგომა თბილისში ფესტივალების პერიოდია. მთელი წლის განმავლობაში მაყურებელი განსაკუთრებით თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფესტივალს - „საჩუქარს" ელოდება, რომელიც რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ თეატრალური სამყაროს მოყვარულთათვის გასულ წელს დაბრუნდა.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და სტუმრებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.
„საჩუქარი" 17 ოქტომბერს ამერიკელი რეჟისორის, ენ ბოგარტის სპექტაკლით „რადიო მაკბეტი" გაიხსნა.
სპექტაკლში მოქმედება მიტოვებული თეატრის შენობაში ხდება. თავიდან მაყურებელი ვერც ხვდება, რომ ეს „მაკბეტია" - მსახიობები 30-იანი წლების კოსტიუმებში არიან გამოწყობილი და რადიოდადგმისთვის რეპეტიციას გადიან. თანდათან ეს ყველაფერი მაგიურ სამყაროში გარდაიქმნება, თითოეული მსახიობი ერთდროულად რამდენიმე როლს ირგებს და მაყურებელიც მთლიანად ეფლობა მსახიობების ემოციებში. ეს არ არის ის წარმოდგენა, სადაც მსახიობებისა და მაყურებლის ემოციები ცალკეა, პირიქით, დარბაზის ორივე ნაწილი ერთიანდება და მთლიან სამყაროს ჰქმნის.
როგორც ენ ბოგარტი ამბობს, ამ პიესის დადგმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ დღევანდელ რეალობაში ძალადობა და ძალაუფლებისკენ სწრაფვა ისევ უდიდესი პრობლემებია. ენი დადგმას თავის საყვარელ რეჟისორს, ორსონ უელსს უძღვნის. სწორედ ორსონ უელსის რადიოდადგმამ „მარსიანელები" უბიძგა „მაკბეტის" რადიოდადგმად გათამაშების იდეისკენ. ცნობილი ისტორიაა, რომ ორსონ უელსის ამ დადგმამ ამერიკელებში სრული პანიკა გამოიწვია, მათ მართლაც ეგონათ, რომ დედამიწას მარსიანელები ესტუმრნენ.
„- როდესაც ეს სპექტაკლი ვნახე, ვერაფერი გავიგე, -ამბობს ენ ბოგარტი, -მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ამ საოცარი სამყაროს მდევარი გავხდებოდი... მჯერა, რომ თეატრში წარმოდგენის მსვლელობისას აუდიტორია და მისი აღქმის უნარია გადამწყვეტი. და არა ის, რაც სცენაზე ხდება."
სპექტაკლის შემდეგ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის „ხელოვნებაში სრულყოფისთვის" ლაურეატები დააჯილდოვეს. ლაურეატების სია გრძელი და განსაკუთრებულია: ენ ბოგარტი, გურანდა გაბუნია,ანზორ ერქომაიშვილი, სერგეი მაკოვეცკი, მიხეილ მარმარინოსი, ნინო და ილიკო სუხიშვილები, რიმას ტუმინასი, ზურა ყიფშიძე, ელდარ შენგელაია.
„საჩუქარის" მომდევნო სპექტაკლია ალექსანდრ ოსტროვსკის „ო-ი, გვიანო სიყვარულო," სადაც რეჟისორი გაუფასურებული ღირებულებებითა და სრული უიმედობით მოცულ მკაცრ სამყაროს გვიჩვენებს. ამ სამყაროში არავის აქვს ვინმეს იმედი და ადამიანები ერთმანეთს დაუფიქრებლად სწირავენ. და რა შეიძლება მოხდეს მოულოდნელად? -სიყვარული. სრულიდ შეუფერებელ გარემოში იბადება სიყვარული და მაყურებელს ისტორიის საინტერესოდ განვითარების იმედს აძლევს.
ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბრიტანელი რეჟისორის, გაი მასტერსონის სპექტაკლს „ცხოველების ფერმა," რომელიც თუმანიშვილის თეატრში ქართველი მსახიობების მონაწილეობით დაიდგა. ჯორჯ ორუელის ძირეული ტექსტის პარალელურად დადგმაში უხვადაა გამოყენებული ქართული ფოლკლორისა და ცეკვის ელემენტები. რეჟისორის თქმით, მას ძალიან უნდოდა, რომ სპექტაკლი ქართული გამოსულიყო. დადგმის მუსიკის ავტორი გოგი ძოძუაშვილია, მხატვარი კი სიმონ მაჩაბელი.
გაი მასტერსონი რეალურად გვარად მასტროიანია, მამამისი მარჩელო მასტროიანის ბიძაშვილად ეკუთვნოდა. მასტერსონს საკუთარი დასი ჰყავს, რომელთან ერთადაც უკვე 150 დადგმა აქვს განხორციელებული და მსოფლიო თეატრალურ სამყაროში დიდი გავლენით სარგებლობს.
მაყურებელის დიდ ყურადღებას იმსახურებს ანდრეი კონჩალოვსკის სპექტაკლი „სამი და." ჩეხოვის ცნობილი ნაწარმოები კონჩალოვსკის დადგმაში დღევანდელ კონტექსტშია განხილული. მაყურებელი ცნობილ ამბავს ახლებურად აღიქვამს და ხელახლა განიცდის მათ ტრაგედიას.
„საჩუქარის" განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ სპექტაკლების გარდა პროგრამა სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს. მსოფლიოში ცნობილი დასების წარმოდგენების პარალელურად დაგეგმილია ვალერი პლოტნიკოვის სურათების გამოფენა და მანანა მენაბდის საღამო.
განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდება 25-26 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე მისულ მაყურებელს, რადგან მათ საშუალება ექნებათ იხილონ „La Compagnie des Quedams"-ის ულამაზესი ქუჩის წარმოდგენა „ჰერბერტის სიზმარი." უზარმაზარი ფიგურების საზეიმო მსვლელობა აბანოთუბანში დაიწყება და მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედანზე დასრულდება.
„ჰერბერტის სიზმარი" ქუჩის წარმოდგენაა, სადაც უზარმაზარი თეთრი ფიგურები უცებ ვეებერთელა ღრუბლებად იშლებიან და მთვარის საძებნელად მთელ ქალაქს ეძახიან. წარმოდგენის ბოლოს მუსიკის ფონზე ხუთი ფიგურა ცაში გაუჩინარდება.
17 ოქტომბერს დაწყებული ფესტივალი ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და ქართველ მაყურებელს წინ სასიამოვნო მოულოდნელობებით დატვირთული თეატრალური ცხოვრება ელის.