109-ე მუხლი, ანუ საქმე, რომელმაც საქართველო უნდა შეძრას!
2006 წლის 12 იანვარს თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) თავმჯდომარემ დათა ახალაიამ და მისმა ქილერებმა სამი აჭარელი ახალგაზრდა - შოთა გორგაძე, მარად ართმელიძე და მარად გორგაძე ჩაცხრილეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დათა ახალაიამ, ლევან ქარდავამ და გიორგი მაზმიშვილმა უიარაღო და უდანაშაულო ახალგაზრდების მიმართ საკონტროლო გასროლები განახორციელეს.
ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და შემზარავი დანაშაული, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს.
დიახ „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმე არის კლასიკური მაგალითი და უეჭველი მტკიცებულება, რომ ნაციონალური მოძრაობის სახით საქართველოს 9 წლის განმავლობაში ცივსისხლიანი მკვლელებისა და პირწავარდნილი კრიმინალების ბანდა მართავდა.
ამა წლის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ უმძიმესი და ანტიადამიანური დანაშაულის მონაწილეებს - დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილს განაჩენი უნდა გამოუტანოს!
მანამდე კი ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე პროკურორების დასკვნითი სიტყვა, რომელიც მთელი რიგი მტკიცებულებებითა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებით არის გაჯერებული.
ძვირფასო მკითხველო, პირდაპირ გეტყვით, სახელმწიფო ბრალდების საკმაოდ ვრცელი დასკვნითი სიტყვის წაკითხვამ შემძრა და შემზარა. მასში იმდენად ნათლად არის წარმოჩენილი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე დატრიალებული უბედურება, მოწმეები ისეთ ჩვენებებს იძლევიან და ისე აღწერენ სამი უდანაშაულო ახალგაზრდის უმძიმეს სცენას, რომ, შეუძლებელია, ადამიანს კანკალი და კბილთა ღრჭენა არ დაეწყოს!
და კიდევ, პირადად ჩემთვის და, ალბათ, ყველა ადამიანისათვის, ვინც პროკურატურის დასკვნით სიტყვას გაეცნო, წარმოუდგენელია, რომ „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე სასამართლომ ბრალდებულებს უმკაცრესი განაჩენი არ გამოუტანოს.
იგივე შთაბეჭდილება დაგრჩებათ თქვენც, ძვირფასო მკითხველო, როცა „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის მიერ ჩემთვის მოცემული ექსკლუზიური ინტერვიუს წაკითხვას დაამთავრებთ.
- ბატონო ჯარჯი, გაქვთ თუ არა იმედი, რომ სასამართლო ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და მათ ადეკვატურ სასჯელს მიუსჯის?
- „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მთელი სტრატეგია ჩვენი - პროკურატურის მოწმეებისა და მტკიცებულებების დისკრედიტაციაზე იყო აგებული. დიახ, ბრალდებულთა ადვოკატები აწარმოებდნენ ცილისწამების კამპანიას და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციებს.
„ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში ჩვენ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება შალვა თათუხაშვილის ჩვენება იყო. ბრალდებულთა დაცვის მხარემ პროკურატურა თათუხაშვილის მწამებლად გამოაცხადა. დაგვაბრალეს, რომ თითქოს თათუხაშვილი პროკურატურის მხრიდან წამების შედეგად გარდაიცვალა.
- თქვენ შეძელით ამ ბრალდების გაბათილება?
- რა თქმა უნდა! ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებები რომ სრული სიცრუე იყო, ამაზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მეტყველებს, რომლის მიხედვითაც, თათუხაშვილის სხეულზე დაფიქსირებული უმნიშვნელო დაზიანებები არანაირ კავშირში არ არის მის სიკვდილთან.
დაცვის მხარემ სასამართლოში ვერცერთი მოწმე ვერ მოიყვანა, რომლებიც „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა სასარგებლოდ რამეს იტყოდნენ!
სამაგიეროდ, ჩვენ სასამართლოზე წარვადგინეთ „ნავთლუღის სპეცოპერაციის" თვითმხილველი მოწმეების - ჯონი ჯოხარიძის, ტრისტან წითელაშვილის, გალაქტიონ ჯანელიძის - ჩვენებები!
ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე ერთ-ერთი პირი დავით წიქარიშვილი უშუალოდ შეესწრო, 2006 წლის 12 იანვრის ღამეს, ნავთლუღის ავტოსადგურზე ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა სამი ახალგაზრდა კუთხეში როგორ მიიმწყვდიეს და ჩაცხრილეს.
ამჟამად ეს პიროვნება, - დავით წიქარიშვილი გარდაცვლილია, მაგრამ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა მისმა მეუღლემ ნათელა წიქარიშვილმა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა მეუღლის ნაამბობი, მათ შორის, ისიც, რომ სამი ახალგაზრდა, სანამ მათ ჩაცხრილავდნენ, განწირულად ყვიროდა და შველას ითხოვდა.
გარდა ამისა, სასამართლოში ჩვენ წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა მიხედვითაც, გარდაცვლილებს მიბჯენით აქვთ ნასროლი!
- ანუ ამით რა მტკიცდება?
- ექსპერტიზის დასკვნები გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას და გარდაცვლილების მხრიდან მათი მდევნელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. შეუძლებელია, რომ ორმხრივი სროლის დროს მოწინააღმდეგეს ავტომატის ლულა სხეულზე მიაბჯინო და ისე მოკლა.
ექსპერტიზის დასკვნებით ასევე დავადგინეთ, რომ სამივე ახალგაზრდის სიკვდილი გამოიწვია სწორედ იმ ცეცხლნასროლმა ჭრილობებმა, რომლებიც მათ ჰქონდათ მიყენებული.
შემთხვევის ადგილიდან ხუთი სხვადასხვა იარაღის მასრები იქნა ამოღებული და თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ამ ბიჭებს დაახლოებით ხუთი პიროვნება ესროდა!
მოკლედ, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეომასალით და ყველა იმ მტკიცებულებით, რაც ჩვენ სასამართლოზე წარვადგინეთ, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდება, რომ ეს დანაშაული - უიარაღო ახალგაზრდების მკვლელობა - სწორედ იმ პირებმა ჩაიდინეს, რომლებიც სასამართლოზე ბრალდებულების სახით არიან წარმოდგენილნი.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო ობიექტურად მიუდგება ამ საქმეს, არ მოექცევა დავის მხარის დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ და ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანს განაჩენს, რადგან მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება მარტივი ჭეშმარიტება - ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე კუდ-ის იმჟამინდელმა თანამშრომლებმა სამი უიარაღო ახალგაზრდა დაცხრილეს!
- რა მუხლით არის საქმე აღძრული და რა სასჯელსითვალისწინებს?
- „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე ბრალდებულ პირებს წარდგენილი აქვთ ყველაზე მძიმე ბრალდება, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს - ეს არის 109-ე მუხლი - დამამძიმებელ გარემოებებში ადამიანის მკვლელობა, რომელიც სასჯელის სახედ უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებს!
- თქვენ, ანუ სახელმწიფო ბრალდების მხარე, ბრალდებულებისათვის უვადო პატიმრობის მისჯას მოითხოვთ?
- ახალი საპროცესო კოდექსის თანახმად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, სასჯელის ამა თუ იმ სახის გამოყენება მოვითხოვოთ, ეს მხოლოდ მოსამართლის გადასაწყვეტია!
ჩაცხრილულია სამი უდანაშაულო ახალგაზრდა, დაზარალებულია სამი ოჯახი და ამ ოჯახების ტრაგედიის გათვალისწინებით, მოსამართლემ ბრალდებულებს მკაცრი სასჯელი უნდა განუსაზღვროს!
- კანონის ძალით უფლება რომ გქონდეთ, როგორც პროკურორი, ბრალდებულებისათვის უვადო პატიმრობის მისჯას მოითხოვდით?
- ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ! თუმცა, სრულიად უდანაშაულო, უიარაღო ახალგაზრდები ჩაცხრილეს და ამაზე მძიმე დანაშაული არ არსებობს! უფლება რომ მქონდეს, არ გამოვრიცხავ, ბრალდებულებისათვის თავისუფლების უვადო აღკვეთა მომეთხოვა!
როცა ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ბიჭი ჩაცხრილეს, შეთხზეს ლეგენდა, თითქოს ეს ბიჭები რუსთავის ციხის აღებას აპირებდნენ!
არადა, როცა ერთ-ერთი მოკლულის მამა დავკითხეთ, მან განგვიცხადა, ჩემს შვილს ხელები დაკოჟრილი ჰქონდა და ისე დავასაფლავეო, ანუ ეს ბიჭი მთელი ცხოვრება მიწაზე მუშაობდა, ფიზიკურად შრომობდა და თავად განსაჯეთ, როგორი „ციხის ამღები" და „კრიმინალი" უნდა ყოფილიყო!
- თუ არ ვცდები, ეს ბიჭები იმ ავბედით დღეს, საერთოდ, ცხოვრებაში პირველად ჩამოვიდნენ თბილისში!
- დიახ, მათ არ იცოდნენ თბილისი და 2006 წლის 12 იანვარსაც სრულიად შემთხვევით მოხვდნენ ამ ქალაქში! ძალიან გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ და თურქეთში ფიზიკურად მუშაობდნენ. ისინი კრიმინალები რომ არ ყოფილან, ამაში ეჭვი არც მოსამართლეს ეპარება და არც საზოგადოებას.
- კონკრეტულად ბაჩო ახალაიას რა ბრალდება აქვს წარდგენილი?
- იმ ლეგენდის გასამყარებლად, თითქოს ნავთლუღის ავტოსადგურში ჩაცხრილული ბიჭები რუსთავის ციხის აღებას აპირებდნენ, ბაჩანა ახალაიამ და მეგის ქარდავამ სპეცრაზმის დახმარებით აწამეს რუსთავის ციხის პატიმრები, რათა მათგან მიეღოთ ცრუ „აღიარებითი" ჩვენებები, თითქოს ისინი გაქცევას აპირებდნენ სწორედ იმ ჩაცხრილული ბიჭების დახმარებით!
- ე.ი. ახალგაზრდები მოკლეს დათა ახალაიამ და ლევან ქარდავამ, ხოლო მათი ძმები - ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა შემდეგ ეცადნენ ამ საზარელი დანაშაულის „გაპრავებას"?
- სასამართლოში ჩვენ დავადასტურებთ, რომ კუდ-მა სწორედ ბაჩანა ახალაიასაგან მიიღო ინფორმაცია, თითქოს ეს სამი ახალგაზრდა რუსთავის ციხის აღებას გეგმავდა.
არადა, კუდმ-მა ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ ბიჭებს იარაღი არ ჰქონიათ და არანაირ ციხეზე თავდასხმას არ აპირებდნენ!
- საერთოდ, რა მოტივი და დანიშნულება ჰქონდა ამ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას, რისთვის დადგეს ეს სცენარი და იმ საწყალი ბიჭების ჩახოცვით რისი დემონსტრირება სურდათ?
- ჩვენ დასკვნით სიტყვაში აღვნიშნეთ, რომ „ნავთლუღის სპეცოპერაცია", რომელმაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, ძმების - ბაჩანა და დავით ახალაიების ინიცირებითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა იმისათვის, რომ ხალხის დასანახად, დემონსტრაციულად დასჯილიყვნენ „ციხეზე თავდამსხმელებად" გამოცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო ბიჭები!
ეს სპეცოპერაციად წოდებული დანაშაული, ერთი მხრივ, ძმები ახალაიების ავტორიტეტს დადებითად წარმოაჩენდა რეალობის არმცოდნე საზოგადოების თვალში და ბაჩანა და დავით ახალაიები უმძიმესი კრიმინალის დამმარცხებლებად გამოცხადდებოდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, მათი ეს ქმედება სრულ მორჩილებაში მოიყვანდა პატიმრებს, რომლებიც, სასტიკი მეთოდებით დასჯის შიშით, ვერასოდეს გაბედავდნენ ციხის ადმინისტრაციისათვის არასასურველ ქცევაზე ფიქრს!
- ბატონო ჯარჯი, „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოცხადების მოახლოების დროში ცუდად ხომ არ დაემთხვა საბერძნეთის სასამართლოს მიერ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებაზე უარის თქმა? საბერძნეთის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ქართველ მოსამართლეზე გავლენას ხომ არ იქონიებს?
- მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინათ ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია და ბრალდებულთა დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ ეს რეზოლუცია სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად ყოფილიყო დართული, მაგრამ მოსამართლემ განაცხადა, - მე გადაწყვეტილებას ვიღებ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არა რაღაც პოლიტიკური აქტის საფუძველზეო!
რაც შეეხება საკითხს, საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიას ექსტრადირებას დათანხმდა თუ არა, ეს არანაირ კავშირში არ არის იმასთან, დათა ახალაია „ნეავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში დამნაშავეა თუ უდანაშაულო!
- „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდია სანდრო გიგვლიანის მკვლელებისათვის ციხეში განსაკუთრებული პირობების შექმნა!
- დიახ, ოღონდ სამართლებრივად ზუსტი ფორმულირება რომ მოვახდინოთ, ეს ადამიანები გირგვლიანის გატაცებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისათვის იყვნენ გასამართლებულნი!
- ამ ბრალდების კუთხით რამდენად მყარია თქვენი პოზიციები?
- გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულ პირებს ციხეში პრივილეგიები რომ ჰქონდათ, ეს იმდენად უდავო ფაქტია, ამაზე სატელევიზიო სიუჟტებიც კი გაკეთდა თავის დროზე! ეს არის ფაქტი, რომელსაც სადავოდ არავინ ხდის, მათ შორის, არც თავად ის პირები, რომლებიც ციხეში კომფორტულ პირობებში ისხდნენ!
დიახ, გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული აფციაური და ბიბილურიძე თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ, რომ ციხეში კომფორტულ პირობებში იყვნენ და არ ეხებოდათ ჩხრეკა, დილის დათვალიერება, არ ჰქონდათ აკრძალვა მობილურ ტელეფონზე, ალკოჰოლზე და სექსუალურ მომსახურებასაც თავისუფლად იღებდნენ!
მეტიც, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულმა აფციაურმა და ბიბილურიძემ ჩვენთვის მოცემულ ჩვენებაში განაცხადეს, პირველ დღეს, როცა ორთაჭალის ციხეში გადაგვიყვანეს, იქ ბაჩანა ახალაია გაშლილი სუფრით დაგვხვდა და ვიქეიფეთო!
უდავოდ არის დადგენილი, რომ სწორედ ბაჩანა ახალაიას მეშვეობით შეუქმნეს ციხეში პრივილეგირებული პირობები გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულ პირებს, რათა მათ დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებები არ მიეცათ და არ ეთქვათ, რომ გირგვლიანის გატაცების დამკვეთი სწორედ დათა ახალაია იყო!
ჩვენ გვაქვს ასევე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჩვენებებიც, სადაც ისინი გვიდასტურებენ, რომ მათ სწორედ ბაჩანა ახალაიას დავალება გადასცეს, გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირებისათვის კომფორტის შექმნასთან დაკავშირებით.
რაც მთავარია, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ციხის დირექტორის ტაბაღუას ჩვენება, რომლითაც დადასტურდა, რომ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულ პირებს სწორედ ბაჩანა ახალიას დავალებით შეუქმნეს უკანონო პრივილეგიები.
- ამ დანაშაულისათვის ბაჩანა ახალაიას რა ბრალდება აქვს წარდგენილი?
- ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება!
- გასაგებია! მე მეტი კითხვები აღარ მაქვს და თქვენ თუ გნებავთ რამის დამატება, გისმენთ!
- დავამატებ იმას, რომ ბრალდების მხარემ, საგამოძიებო ორგანოებმა დიდი სამუშაო გასწიეს, რათა „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე სასამართლოს რეალური სურათი დაენახა!
დარწმუნებული ვარ, ყველა მტკიცებულების გათვალისწინებით, სასამართლო მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას და დაზარალებულ ოჯახებს მეტ-ნაკლებად მაინც შეუმსუბუქებს იმ დიდ ტკივილს, რაც მათ შვილების მკვლელობით მიადგათ!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"