ქართველი პოეტი ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს, თბილისში, გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში.
დედა - ეფემია, გრიგოლ ორბელიანის და, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მისი მამის, მელიტონ ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ" უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.
ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად, წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა, კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა" და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.
1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს - იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლის ასაკში, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა.
ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ი. ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლურ (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.
„ბედი ქართლისა" ბარათაშვილმა 22 წლისამ (1839) დაწერა. სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტორიული მოვლენა - აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს თბილისის აღება, რამაც ფაქტობრივად, საქართველოს მომავალი ბედი განაპირობა; მაგრამ „ბედი ქართლისა", როგორც რომანტიკული პოემა, შორს დგას ისტორიზმის მყარი პრინციპებისაგან. პოემაში წარმოსახული მოვლენები სიმბოლურ განზომილებასაც შეიცავს. ერეკლე II-ის სახე და მოქმედება ბარათაშვილისთვის გაცნობიერებული აუცილებლობის განსახიერებაა.
ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს(1833-1845), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო.
ბარათაშვილის გენიის პირველი მხატვრულად სრულფასოვანი გამოვლინებაა ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზე" (1833-1836). აქ მთავარია რომანტიკული ამაღლება, მიწიერი ტვირთისაგან გათავისუფლებისა და სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებთან შეხმიანების ცდა.
მის შემოქმედებას ეკუთვნის სატრფიალო პოეზია: „აღმოხდა მნათი"(1840); „არ უკიჟინო, სატრფოო"(1841); „რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო"(1842); „შევიშრობ ცრემლსა"(1843); „სული ობოლი"(1839); „სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი"(1840).
სულიერი კატასტროფის განცდა გადმოცემულია ეფემერული წმინდა ტაძრის დამხობაში („ვპოვე ტაძარი", 1841). პოეტის რომანტიკული გატაცების საგანი ეკეტერინე ჭავჭავაძე ზოგიერთი ლექსის უშუალო ადრესატიც არის („თავადის ჭ... ძის ასულს, ეკ....ნას", 1839; „საყურე", 1839; „...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი", 1839).
ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ბარათაშვილის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 ჟურნალ „ცისკარში" გამოქვეყნდა.
ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიღუპა 1845 წლის 21 ოქტომბერს. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938 წლიდან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)