საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვიპროსზე მიწის ნაკვეთი გადაეცა. მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამონასტრო კომპლექსი აშენდება, რაც ქართველ სასულიერო პირებს საშუალებას მისცემს, კვიპროსში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისთვის საეკლესიო ღვთისმსახურება შეასრულონ.
მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კვიპროსზე ვიზიტი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს მეორის ოფიციალური მიწვევით გაიმართა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, ღალიაში მისულიყვნენ, სადაც მეათე საუკუნიდან ქართული სამონასტრო კომპლექსი არსებობდა ახლა კი - მხოლოდ ნანგრევებია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იქ სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი გადაიხადა.
"კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა, რომელსაც აქვს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, საქართველოს პატრიარქის მიმართ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა მიწის ნაკვეთი, რომელიც ღალიაში მდებარეობს. იქ უნდა აშენდეს სამონასტრო კომპლექსი, რათა ქართულად შესრულდეს წირვა-ლოცვა", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კვიპროსიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)