reportiori.ge - რა სპეცდავალებებს ასრულებენ განათლების სამინისტროში მომუშავე „ნაციონალი“ „ზონდერები“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:42
პრეს-დაიჯესტი
რა სპეცდავალებებს ასრულებენ განათლების სამინისტროში მომუშავე „ნაციონალი“ „ზონდერები“?
ავტორი:
25 ოქტომბერი, 2014. 19:23


„ალიას" ესაუბრება „მასწავლებელთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ფერაძე:


- სულ მეუბნებიან, ზოგადად ლაპარაკობო, ამიტომ კონკრეტული ფაქტებით ვისაუბრებ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებობს წამყვანი ბირთვი, რომელიც, ფაქტობრივად, ჟანდარმერიაა და მას ჰქვია შიდააუდიტის სამსახური. ასე იყო შაშკინის დროს და ისე, რომ არც კი მოდერნიზებულა ეს სისტემა, ახალ მთავრობაშიც პრაქტიკულად იგივე დარჩა.


- რატომ ამახვილებთ ამ სამსახურზე ასეთ ყურადღებას?

 

- შიდა აუდიტი სამინისტროს წარმმართველი ძალაა, ამ დროს კი აქ დატოვებული არიან ძველი კადრები, ან გადმოყვანილები არიან სხვა სამინისტროდან, სადაც „ნაციონალების" დროსაც წარმმართველი ძალა იყვნენ. დავიწყებ ალექსანდრე ონოფრიშვილით, რომელიც არის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. კეზერაშვილი რომ ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, მაშინ ონოფრიშვილი მუშაობდა ფინანსურ პოლიციაში, თბილისის III განყოფილების უფროსად, დავით კეზერაშვილთან ძალზე იყო დაახლოებული და დღეს ეს ადამიანი შიდა აუდიტის დეპარტამენტის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ამ მთავრობის პერიოდში მოხდა მცირე გადანაცვლება: ვინც იყო შაშკინის დროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი უფროსი, ეს არის გიორგი ქოჩიშვილი, ის დანიშნულია ონოფრიშვილის მოადგილედ. აუდიტის წარმომადგენლები ცხადია, მანამდეც აჭარბებდნენ უფლებამოსილებას. მაგალითად, ჩემს მიერ დასახელებული ქოჩიშვილი „ნაციონალების" დროს ორგანიზატორობდა ხალხის მობილიზაციას რომელიმე აქციისთვის. შიდა აუდიტის დეპარტამენტს აქვს თავისი სამმართველო, რომლის უფროსი არის თეონა გაბიჩვაძე, რომელიც თავის დროზე შაშკინმა დანიშნა ამ თანამდებობაზე. რომ ვახსენე ქოჩიშვილის ფუნქცია „ნაციონალების" შეკრებისა, თეონაც ერთ-ერთი თანაშემწე იყო ქოჩიშვილის ამ საქმეში. გარდა ამისა, ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამ თეონა გაბიჩვაძის ნებართვით წყდებოდა არასასურველი თანამშრომლების, იგივე დირექტორების განთავისუფლება სამსახურებიდან. ასევე, ჩემი ინფორმაციით, გაბიჩვაძე ხელმძღვანელობდა შემდეგ საკითხს: 2012 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში გაბიჩვაძე იბარებდა სამინისტროს თანამშრომლებს და თითოეულ მათგანს ავალებდა „ფეისბუკზე"  5-5 გვერდის შექმნას. უნდა გითხრათ, რომ ეს ქალბატონი შემდეგ აკონტროლებდა, შეიქმნა თუ არა ეს გვერდი.


- და რისთვის სჭირდებოდათ სოციალურ ქსელში ამდენი გვერდი?

 

- ყალბი სახელებით შექმნილი გვერდები იყო საინტერესო იმით, რომ აქ მიმდინარეობდა გაქანებული გინება ივანიშვილისა და საერთოდ, „ქართული ოცნების", სამაგიეროდ მიდიოდა პიარი სააკაშვილისა და სოციალურ ქსელში ამდენ გინებას რომ დადებ, სერიოზული პიარტექნოლოგიაა. სამინისტროში ამის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ გაბიჩვაძე დღეს ისევ თანამდებობაზეა.


განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ასევე არის ირმა გელანტია-ახვლედიანი, რომელიც 2012 წლიდან იყო დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ის იმ სამინისტროდან არაპროფესიონალიზმის ბრალდებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან უკვე ამ მთავრობის პერიოდში და მიუხედავად ამისა, მან მონაწილეობა მიიღო 2013 წელს განათლების სამინისტროში ჩატარებულ კონკურსში, სადაც მიმდინარეობდა თანამდებობის პირთა შერჩევა, ეს კონკურსები წარმატებით გატიარა. ეს კონკურსიც ისევე მკაცრად მიმდინარეობდა, როგორც „რესურსცენტრის" უფროსებისა და, როგორც დირექტორთა შესარჩევი კონკურსი, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მფარველი და ეს იყო დავით მოდებაძე. სწორედ დავით მოდებაძის მფარველობით გახდა ამ სამინისტროს თანამშრომელი.


- და ვინ არის დავით მოდებაძე?

 

- ამას ახლავე გეტყვით, მანამდე უნდა ვთქვა, რომ აქ ერთი მომენტია: მე პირადად ვეცადე, მაგრამ ვერ გავარკვიე, რას ნიშნავს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შტატგარეშე მოადგილე, არადა, სწორედ ამ პოზიციაზეა დავით მოდებაძე, რომლის მეგობარიც არის, როგორც გითხარით, ირმა გელანტია. ეს დავით მოდებაძე „ნაციონალების" დროს იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ანუ იქაც მაღალ თანამდებობაზე მყოფი, ოღონდ განათლების სამინისტროში ჯერ კიდევ „ნაციონალების" დროს არის მოხვედრილი. როგორ მითხრეს, კიდევ არის ერთი შტატგარეშე თანამშრომელი თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე, ოღონდ მას აქვს ძალიან საინტერესო სახელი - „გამაძღე", სინამდვილეში ნამდვილი სახელი და გვარია მამუკა აბაშიშვილი.


- მანამდე სად მუშაობდა ასეთი უცნაური მეტსახელის პატრონი?

 

- ეს ადამიანი ჯერ კიდევ „ნაციონალების" დროს მუშაობდა ქარელის გამგებლის მოადგილედ, ხოლო შემდეგ მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ამ „გამაძღემ" სამინისტროში იმუშავა, რამდენიმე სკოლის დირექტორს დაუდო დასკვნა, დაწინაურდა და ახლა არის გადაყვანილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ. აი, ასეთი მაღალჩინოსნები ქმნიან პოლიტიკურ ამინდს განათლების სისტემაში, მათ ეყრდნობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სანიკიძე, სხვა გუნდი ამ ადამიანს არ გააჩნია. აი, ბატონო კონკრეტიკა, აქამდე რომ მთხოვდნენ.


- დღეს უკვე რა ევალებათ ამ ადამიანებს სამინისტროში?

 

- ახლა გეტყვით, რას აკეთებს შიდა აუდიტი: თუ ვინმე რამეს იტყვის სამინისტროსთვის მიუღებელს, მასწავლებელი ან დირექტორი, ინფორმაცია მიდის სამინისტროში. იყო შემთხვევები, რომ დირექტორებს ასეთი მასწავლებლებისთვის მიზეზის მოძებნას და სამსახურიდან გაშვებას ავალებდნენ ან გაჩუმებას. ამის გარდა, მინისტრს უდებენ არასასურველი დირექტორების სიას. პირველი ეტაპი რომ ჩატარდა დირექტორების შერჩევისა, ეს სია გამოიყენა მინისტრმა. ეს იყო 2014 წლის დასაწყისში, ამათ კი დანიშნეს თავიანთი დირექტორები, მაგრამ მათ ბოლომდე ხომ მაინც არ ენდობიან და თუ ვინმეს შეცვლა დასჭირდებათ, ისევ იგივეს გააკეთებენ.


- არასასურველი მასწავლებელი ან დირექტორი რას ნიშნავს, ვინც რამეს ამბობს მინისტრის საწინააღმდეგოს?

 

- 116-ე სკოლას თუ განვიხილავთ, სადაც აქტიური პედაგოგი ვიყავი, სწორედ გენინსპექცია გამოგზავნეს ჩემს შესამოწმებლად, რომელმაც ვერაფერი აღმომიჩინა, მაგრამ ზოგიერთ სკოლაში ისეთი სიტუაციაა, იქ უბრალოდ, აღარ უნდათ ძველი დირექტორი და უნდათ საკუთარი კადრის მოყვანა და ერთი ხელის დაკვრით ხომ ვერ მოხსნიან ძველ დირექტორს? ამიტომაც ჩაუჯდება შიდა აუდიტი, რომელსაც ხელში უკავია გამადიდებელი შუშა, აკვირდება დოკუმენტაციას, ჯერ ერთ საყვედურს მისცემენ, შემდეგ მეორეს, და მესამეზე უშვებენ ადგილიდან. ეს არის სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სამსახური და, ვიმეორებ, ეს არის სადამსჯელო ჯგუფი. თუ ნათესავი ჰყავს  სანიკიძეს დასასაქმებელი, ამგვარი ქმედებით რომელიმე დირექტორს ნამდვილად ჩაანაცვლებენ. ამ ქალმა ხომ ნეპოტიზმი სახელმწიფო რანგში აიყვანა? ჰოდა, ამისთვის ეს საშუალება ძალზე ადვილია. როგორც უკვე გითხარით, ეს ადამიანები იყვნენ „ნაცების" დროსაც და მაშინაც იგივეს აკეთებდნენ, თუნდაც ლია გიგაურის ამბავი რომ გავიხსენოთ: თავის დროზე ლია გიგაურს, მინისტრის დღევანდელ მოადგილეს, ვინ დაუდო დარღვევებზე დასკვნა? იმ ადამიანებმა, ვინც, დღესაც იქ არიან. ნახეთ, რა საინტერესო მომენტის წინაშე ვდგავართ.


- კი მაგრამ, ის აუდიტი დღეს თუ თავის ადგილზეა, გიგაური მინისტრის მოადგილე როგორაა?

 

- ზუსტად ეგ არის საინტერესო, ამ აუდიტის მიერ დაწუნებულ ლია გიგაურს,  თავის დროზე, პრაქტიკულად, დანაშაულში დასდეს ბრალი, იმის შემდეგ ქალბატონი გიგაური არ გამართლებულა და მაშინდელი შიდა აუდიტის დასკვნა დღემდე არ არის ბათილად ცნობილი და რა მივიღეთ? როგორც აღნიშნეთ, სამინისტროში დღეს გიგაურია მინისტრის მოაგდილე, შიდა აუდიტში კი ეს ადამიანები არიან უცვლელად და რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ? ის, რომ სამინისტროში ეს ადამიანები კიდევ სჭირდებათ. მაგრამ თუ აუდიტის მიერ თავის დროზე გიგაურზე დადებული დასკვნა გაბათილდება, მაშინ აუდიტის სამსახურის პროფესიონალიზმში შეეპარებათ ეჭვი და ისინი უნდა გაუშვან სამსახურიდან, არა? ამიტომ არც საქმე ბათილდება და არც ამათ ათავისუფლებენ სამსახურიდან.



ბრალდებები საკმაოდ სერიოზულია და ამიტომ ვუკავშირდებით განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ნატა ასათიანს:


- რას გვეტყვით აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებზე, ისინი თამარ სანიკიძის დროს დაინიშნენ ამ თანამდებობაზე?

 

- რასაც დავით ფერაძე აცხადებს, სისულელეებია, მაგრამ არ დავიწყებ ამის სწორებას, რადგანაც ეს შორს წაგვიყვანს. ერთადერთი ვიტყვი, რომ ესაა სერიოზული ბრალდებები და თუ მას აქვს ამის დამამტკიცებელი ფაქტები, აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს.


- ეს ადამიანები დაინიშნენ თუ არა სანიკიძის დროს?

 

- გიორგი ქოჩიშვილი წლებია, იქ მუშაობს, ონოფრიშვილი კი, მოგვიანებით მოვიდა, მაგრამ რა მოხდა, ვერ გავიგე? ვინც მაშინ მუშაობდნენ ახლა არ უნდა მუშაობდნენ?


- კი, მაგრამ კეზერაშვილთან მუშაობდა თურმე ონოფრიშვილი და არაფერი?

 

- აქვს ამის დამადასტურებელი საბუთი? მეც ვიტყვი, რომ ფერაძეც მუშაობდა, მაგრამ ამის საბუთი ხომ უნდა მქონდეს?



ვუკავშირდებით ადამიანს, რომელიც თავად მსახურობდა შიდა აუდიტის სამსახურში. ესაა ლევან ხვედელიძე:


- საქმე უფრო მძიმედაა, ვიდრე იყო შაშკინის დროს და უფრო დიდი განუკითხაობაა, „ნაციონალების" ბუდეა, „ნაციონალებს" მანდ აწინაურებენ და „ქართული ოცნების" წევრებს სამსახურიდან უშვებენ. წესიერი ხალხი მანდ არ უნდათ. მაგათ უნდათ, რასაც გეტყვიან, თავდახრილად რომ გააკეთო.


- მართალია, რომ ხდება სამინისტროსთვის არასასურველი ადამიანების სკოლებიდან დათხოვა?

 

- ხდება და სანიკიძის მოყანილია შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ონოფრიშვილი, რომლის მარჯვენა ხელია აბაშიშვილი. საერთოდ მანდ არიან ან „ნაციონალების" ყოფილი წევრები, ან მაშინდელი უფროსები. ჩვენ პრემიერს მივწერეთ ამის შესახებ, მაგრამ ეტყობა, ენდობიან სანიკიძეს.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016