reportiori.ge - ახალაია-მერაბიშვილის საიდუმლო მიმოწერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 07:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ახალაია-მერაბიშვილის საიდუმლო მიმოწერა
ავტორი:
27 ოქტომბერი, 2014. 20:14


სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რამაც ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთხელ აალაპარაკა პოლიტიკურ დევნასა და მოწამეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. თუმცა ამ შემთხვევაში მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველი, არა იმდენად ბრალდების მოწმეები, რამდენადაც მისივე ხელმოწერილი გრიფით „საიდუმლო" დოკუმენტი გახდა.


როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გირგვლიანის მკვლელობიდან მეორე დღეს, თბილისის შს მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის, მერაბ ბაღათურიას მიერ მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმირება, როგორც „შარდენბარის" სუფრის წევრების შემადგენლობის, ასევე გირგვლიანის გამტაცებლების, „კუდ"-ის თანამშრომლების ვინაობის თაობაზე. შესაბამისად, ბრალდების მხარის მტკიცებით, მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო დათა ახალაია, ხოლო შელაპარაკების ადგილას - „შარდენბარში" იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი. იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტის გამოაშკარავებით მერაბიშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება და თანამდებობის დატოვება მოუწევდა, „ის დათა ახალაიასთან ერთად შეუდგა საქმის გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვას".


წინასწარი შეთანხმებით, შედგა დავით ახალაიას „საიდუმლო" წერილი ვანო მერაბიშვილისადმი, თავის მხრივ, მერაბიშვილის „საიდუმლო" წერილი საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისადმი, რომ თითქოს დავით ახალაიას ძალისხმევის შედეგად გამოაშკარავებულ იქნენ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა, რომლებიც 2006 წლის 6 მარტს მიეცნენ ბრალდებულად პასუხისგებაში.


„ხსენებულ პირებს, სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, დავით ახალაიას ორგანიზატორების არგათქმის სანაცვლოდ, ივანე მერაბიშვილმა და დავით ახალაიამ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისგან ვადაზე ადრე განთავისუფლება, რითაც ხელი დააფარეს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და გააყალბეს საქმის გამოძიება", - განმარტეს პროკურატურაში.


ახალაია-მერაბიშვილ-ადეიშვილის საიდუმლო მიმოწერაში აღწერილია გირგვლიანის საქმის ის სცენარი, რომელიც თავის დროზე მერაბიშვილის უწყებამ შემოგვთავაზა. საიდუმლო წერილში შს მინისტრი გენერალურ პროკურორს ატყობინებს, რომ უგზავნის კუდ-ის უფროსის ინფორმაციას თან დართული 29-გვერდიანი მასალებით. ამ მასალებში მთლიანად გამქრალია მინისტრის მეუღლის სახელი. დოკუმენტში წერია, რომ მოპოვებული ინფორმაციების მიხედვით, 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე 30-40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ „შარდენბარში", საიდანაც გამოვიდნენ დაახლოებით 2 საათზე და ფეხით გაემართნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით.


„ლესელიძის ქუჩაზე დასახელებული პირები შეაჩერა სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლებმაც ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჩასვეს ვერცხლისფერ „მერსედეს მლ"-ის მარკის ავტომობილში და მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით წაიყვანეს სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოსთან. აღნიშნულ ადგილას ბოროტმოქმედებს შეუერთდა კიდევ ერთი პირი, რის შემდეგაც მათ სანდრო გირგვლიანსა და ლევან ბუხაიძეს მიაყენეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ჯანმრთელობისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანებები. ინციდენტის დროს სანდრო გირგვლიანმა მოახერხა გაქცევა, ხოლო ლევან ბუხაიძემ დამნაშავეთა მიმალვისთანავე თავი შეაფარა იქვე მდებარე ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც მომხდარის შესახებ მხოლოდ რადენიმე საათის შემდეგ შეატყობინა საპატრულო პოლიციას. მოგვიანებით შემთხვევის ადგილიდან გაქცეული სანდრო გირგვლიანის გვამი აღმოჩენილ იქნა სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სხეულზე მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებების კვალით", - წერია ჯერ მერაბიშვილისადმი, შემდეგ კი ადეიშვილისადმი გადაგზავნლ პატაკში. იქვე აღნიშნულია, რომ დამნაშავეები არ დადევნებიან გაქცეულ სანდრო გირგვლიანს, რის გამოც, ბოლომდე დაუზუსტებელია, კონკრეტულად რამ გამოიწვია სასიკვდილო შედეგი.


პატაკში დათა ახალაია „შარდენბარში", ვასილ სანოძის დაბადების დღის აღნიშვნასაც ეხმაურება:


„როგორც თქვენთვის ცნობილია, დანაშაულის ჩადენის დღეს, ანუ 2006 წლის 28 იანვარს დაახლოებით 3:30 საათამდე, ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, ვიმყოფებოდი ზემოთ მითითებულ „შარდენბარში", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, სადაც ამ უკანასკნელის მიწვევით უნდა მოსულიყო, ასევე, კუდ-ის პირველი სამმართველოს უფროსი გია (გერონტი) ალანია. მე რამდენჯერმე ვესაუბრე მას მობილური ტელეფონით, რა დროსაც ის დაბეჯითებით მარწმუნებდა, რომ მოემართებოდა „შარდენბარში". დაახლოებით 3:00 საათზე მან შემატყობინა, რომ ვერ შეძლებდა მოსვლას, რადგან პირად საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შეხვედროდა თავის მეგობარს, რომლის ვინაობაც არ დაუსახელებია. 2006 წლის 2 თებერვალს ტელეფონით დამიკავშირდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი კონსტანტინე არჩაია და მომახსენა, რომ გია ალანიას თხოვნით მას შსს-ს მე-2 ადმინისტრაციული შენობის (მოდულის შენობა) ეზოდან უნდა გაეყვანა სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული „მერსედეს მლ"-ის მარკის ავტომობილი. მე დავინტერესდი ავტომობილის ფერით, რაზეც მან მიპასუხა, რომ „ის იყო ვერცხლისფერი", - წერს დათა ახალაია.


საიდუმლო პატაკში აღნიშნულია, რომ დროის ამ მონაკვეთში მოდულის შენობიდან მართლაც გავიდა ვერცხლისფერი „მერსედეს მლ", რომლითაც კუდ-ის ოპერატიული მუშაკი, ავთანდილ აფციაური სარგებლობდა და სადაც ისხდნენ გია ალანია და კუდ-ის თანამშრომელი ალექსანდრე ღაჭავა.


„ოპერატიული საშუალებებით მოპოვებული და გაანალიზებული იქნა გამოსაკვლევ პერიოდში, ანუ 2006 წლის 28 იანვარს 2 საათიდან 4 საათამდე გია ალანიას მიერ განხორციელებულ სატელეფონო საუბრების ამსახველი დეტალური მონაცემები, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, აღდგენილ იქნა ამ უკანასკნელის მოძრაობის სავარაუდო მარშრუტი. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, 2006 წლის 28 ივანვარს დანაშაულის ჩადენის პერიოდში ის იმყოფებოდა შპს „ჯეოსელის" იმ ანძის მომსახურების არეალში, რომელიც ფარავს სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიას. ამასთანავე, გია ალანია თავისი მობილური ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა კუდ-ის ოპერატიულ თანამშრომელს, მიხეილ ბიბილურიძეს, რომელიც, თავის მხრივ, ამავე პერიოდში იმყოფებოდა მითითებული ანძის დაფარვის ზონაში. ამრიგად, ერთი მხრივ, გია ალანიასა და კუდ-ის ზემოდასახელებული სხვა მუშაკების და, მეორე მხრივ, სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მონაწილე პირების გადაადგილების მარშრუტი, ფაქტობრივად, იდენტურია. საყურადღებოა ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის წინ მე შესაბამისი ლეგენდით ვკითხე გია ალანიას, ხომ არ იმყოფებოდა ის დანაშაულის ჩადენის დღეს სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან ჰყავდა თუ არა გაყვანილი „მერსედეს მლ"-ის მარკის ავტომანქანა, რაც მან საკმაოდ დაბნეულმა და აღელვებულმა უარყო, - წერს დათა ახალაია.


ამავე წერილში კუდ-ის დირექტორი ვანო მერაბიშვილისგან ითხოვს თანხმობას აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ვინაიდან მოპოვებული მონაცემები „იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებშიმონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაკები".


როგორც ჩანს, დათა ახალაიამ ამ საიდუმლო პატაკის შემდეგ ვანო მერაბიშვილისგან სრული ნდობა მიიღო საქმის გამოძიების მიზნით, ვინაიდან, თავის მხრივ, მერაბიშვილმა საიდუმლო წერილი მისწერა ზურაბ ადეიშვილს და მთელი ეს ინფორმაცია მას გადააბარა.


მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016