"ქრონიკის" წინა ნომერში მკითხველს უკვე ვაუწყე, რომ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი "ქრონიკას", "ალიასა" და თქვენს მონა-მორჩილს, სასამართლოში გვიჩივის. საქმე ეხება 2014 წლის 23 ივნისს "ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის სათაურია "როგორ იუბილეებს იხდიდნენ "ნაციონალები" და მათი ოჯახის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე". დავით კეზერაშვილი ძალაზეა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ფულით დაბადების დღე არ გადამიხდია, ეს ჩემი პატივისა და ღირსების შელახვააო და ჩვენგან ამ ინფორმაციის უარყოფასა და 2500 ლარს ითხოვს, ამ შელახული ღირსებისა და პატივის აღსადგენად. "ქრონიკის" წინა ნომერში დავით კეზერაშვილის შესახებ საკმაოდ ვრცელი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ამ კაცს არც ღირსება აქვს და არც პატივი. მის შესახებ არაერთი და მართლა სკანდალური და მხილებებით სავსე სტატია დაბეჭდილა ქართულ და უცხოურ მედიაში, მაგრამ რეაქცია საერთოდ არ ჰქონია. კეზერაშვილს სასამართლო და შელახული ღირსება არც ერთხელ არ გახსენებია. შესაბამისად, ლოგიკურად მივდივართ ერთ დასკვნამდე - კეზერაშვილი "ქრონიკასა" და "ალიასთვის" სასამართლოში ჩივილით "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერთა დაკვეთას ასრულებს, აგრძელებს კოტე კუბლაშვილის სასამართლოს მიერ დაწყებულ ტერორს "ალია"-"ქრონიკის" წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი "ნაცმოძრაობის" შურისძიებაა, რადგან ჩვენი ორივე გამოცემა მუდამ ამხელდა და დღესაც ამხელს სააკაშვილისა და მისდი ბანდის ავკაცობას, მათ მიერ წლების მანძილზე ჩადენილ სისხლიან დანაშაულებს. მკითხველს შევპირდი, რომ ვიდრე სასამართლოში შევხვდები ინტერპოლის მიერ ძებნილი კეზერაშვილის წარმომადგენელს, მანამდე შევახსენებ მის წარსულ საქმიანობას, ვინ იყო, რას წარმოადგენდა, ნარკომანი და ძველი ბიჭი როგორ იქცა მიშა სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ საყრდენ ფიგურად, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი, 4 წელიწადში, როგორ გახდა ოფიციალური მილიონერი. მოდით, ამჯერად დავით კეზერაშვილის ბიზნესსაქმიანობა გავიხსენოთ.
თავშივე ვიტყვი, რომ ხელისუფლებიდან ბიზნესში გადაბარგებულ კეზერაშვილს, თავად სააკაშვილი მფარველობდა და სასათბურე პირობებს უქმნიდა. კეზერაშვილი დამოუკიდებელი ბიზნესმენი არასდროს ყოფილა, მისი ბიზნესიდან ლომის წილი "ნაცმოძრაობას" ეკუთვნოდა და ამიტომაც იყო, რომ ასე აჯეჯილებდნენ.
დავით კეზერაშვილი ზემომგებიან, ნავთობპროდუქტების ბიზნესს დღესაც აკონტროლებს საქართველოში. ის კომპანია "გალფ-ჯორჯიას" მეწილეა, რომელიც ამერიკულ კომპანია "გალფს" წარმოადგენს საქართველოში. სხვათა შორის, "გალფის" საქართველოში შემოსვლისთანავე, კომპანია "ლუკოილმა" მას 65 ავტოგასამართი სადგური მიჰყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა, უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, "ლუკოილი" სახელისუფლებო ბერკეტების საშუალებით გააძევა ბაზრიდან. დამაჯერებელი ვერსიაა: "ლუკოილი" 14 წელი ოპერირებდა ქართულ ბაზარზე, წარმატებული კომპანია იყო, 2010 წელს ის ყველაზე წარმატებულ ნავთობკომპანიად დაასახელეს, იმავე 2010 წელს, ბიუჯეტში 70 მილიონი ლარი შეიტანა - ყველაზე მეტი საქართველოს ნავთობკომპანიებიდან. და, აი, ასეთი კომპანიის მესვეურნი "გალფის" ქართულ ბაზარზე შემოსვლისთანავე, 65-ვე ავტოგასამართ სადგურს ყიდიან (მათ "გალფი" ყიდულობს) - აწყობილ ბიზნესს, რომელიც დიდ მოგებას იძლევა, ყიდიან და ბაზრიდან საერთოდ მიდიან, თანაც იმ ბაზრიდან, რომლის 20 პროცენტს აკონტროლებდნენ.
"გალფის" საქართველოში გამოჩენისთანავე, რატომღაც, მის ხელში გადავიდა სამი კომპანიის - "სენტას", "მაგნატისა" და "ეკოს" ავტოგასამართი სადგურები, მათი მფლობელები კეზერაშვილმა და მისმა პარტნიორებმა, უბრალოდ, აიძულეს, დაბალ, არასაბაზრო ფასად დაეთმოთ მათთვის ბიზნესი და საწადელსაც მიაღწიეს. თუმცა, ამის შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ მოგითხრობთ.
დავით კეზერაშვილი პარალელურად ფლობს ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია "უნიგრუპს". ეს კომპანია მისი ცოლისძმის, დიმიტრი ჩიქოვანის სახელზეა გაფორმებული. "უნიგრუპმა" 3 წლის მანძილზე არაერთი სახელმწიფო ტენდერი მოიგო. ეს კომპანია სახელმწიფო დაწესებულებებს საბაზრო ფასზე მაღალ ფასში აწვდიდა ნავთობპროდუქტს, მაგრამ დღემდე ამ უკანონობაზე სამართლებრივი რეაქცია ახალი ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა, ეს საქმე არავის გამოუძიებია.
დავით კეზერაშვილის ცოლის, სოფო ჩიქოვანის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ოფშორში ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის "ბლექ-სთაილის" წარმომადგენელი გახდა საქართველოში. კომპანია მალევე გახდა საქართველოში გარე რეკლამის მონოპოლისტი. მისი დაფუძნებულია კომპანია "აუტდოორ.გე", სადაც 70%-იანი წილის მფლობელია. თვის მხრივ, ამ კომპანიის დაფუძნებულია კომპანია "აუთდორ მონიტორსი", სადაც 100%-იანი წილის მფლობელია. ეს უკანასკნელი აფუძნებს "აუთდორ ლიფტს", სადაც 50%-ს ფლობს, რომლის მეწილე კეზერაშვილის მეგობარი კახა ნინუა, ბოკერიას ქვისლია. "აუთდორ ლიფტის" დაფუძნებულია "აუთდორ ტრანსპორტი", რომელიც 50%-იანი წილით "აუთდორ ტრანსპორტ ედვერთაიზინგს" აფუძნებს. გარდა ამისა, "აუტდოორ.გე" 20%-იანი წილის მფლობელია კომპანია "სამკუთხედში", რომლის დირექტორიც დიმიტრი ჩიქოვანია, დამფუძნებელი კი "რუსთავი 2"-ის მაშინდელი დირექტორი გოგი გეგეშიძე. "ბლექ სთაილის" დაფუძნებულია ასევე კომპანია "აუთდორ ტოპოგრაფი", სადაც 75%-იანი წილის მეპატრონე გოგი გეგეშიძე იყო. კეზერაშვილის ცოლისძმის კომპანია ასევე მეწილეა (70%-ით) კომპანია "ვაით დისთრიბიუშენში". ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია აფუძნებს ასევე "ბიესემ-ჯორჯიას". სულ 11 კომპანიაა, რომელთა უკან კეზერაშვილი დგას.
"აუტდორ.გე" დღესაც სრული მონოპოლისტია ე.წ. გარე რეკლამის ბაზარზე. ცხადია, რეალურად ეს კომპანიაც დავით კეზერაშვილის საკუთრებაა. ამ კომპანიის მონოპოლისტობას თბილისის მერია, დავით ნარმანიაც ადასტურებს. 1 თვის წინ, მან კომპანიის დირექტორი კონსტანტინე ჭავჭანიძე და სხვა წარმომადგენლები მერიაში დაიბარეს, ნარმანიამ თითი უქნია - "აუტდორ.გე"-ს მესვეურთ და გიგი უგულავასთან გარიგებასა და ბაზრის მონოპოლისტობაში ოფიციალურად დასდო ბრალი, მაგრამ ვნახოთ, შეძლებს სარეკლამო ბაზრიდან ხელოვნურად გაქსუებული კომპანიის გაძევებას? ჩვენი ხელისუფალნი ბევრს იმუქრებიან ამ ბოლო დროს, "ნაციონალთა" ბიზნესკომპანიებს ხშირად უქნევენ თითებსაც და მუშტებსაც, მაგრამ ვერც ვერაფერს აკლებენ. ამის დასტურად გათავხედებული "სითი პარკი" გამოდგება. ცალკე მერია, ცალკე საკრებულო ებრძვის ამ კომპანიას, მაგრამ ჯერ ვერაფერი დააკლეს. მეტიც, "სითი პარკი" უფრო მეტი ცინიზმით ექცევა თბილისელ ავტომფლობელებს და სრულიად უსაფუძვლო ჯარიმების უწერს. "სითი პარკის" ოფიციალურ მფლობელად ებრაელი ბიზნესმენები სახელდებიან, თუმცა, ეჭვი აღარავის აპარება, რომ მისი ერთ-ერთი მეპატრონე გიგი უგულავაა, ცხადია, არაფორმალურად. გავრცელებული ინფორმაციით, "სითი პარკის" უკან დავით კეზერაშვილიც დგას, ამბობენ, რომ სწორედ მან დააკავშირა ებრაელ ბიზნესმენებთან გიგი უგულავა და მამუკა ახვლედიანი და "სითი პარკი" კეზერაშვილს, არაოფიციალურად, საკუთარ წილს დღესაც აძლევს. როგორ და რანაირად, ამ დეტალების დაზუსტებასაც შევეცდებით.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩეკილი ბიზნესმენი, დავით კეზერაშვილი სატელევიზიო კომპანიებსაც ფლობდა. კეზერაშვილი "რუსთავი 2"-ისა და "მზეს" 40-40%-ის მფლობელი იყო. "რუსთავი 2"-ში თავდაცვის ყოფილი მინისტრი კომპანია "მედია ჯორჯიათი" იყო წარმოდგენილი, "მზეში" - "ჯორჯიან მედია კომპანიით". კეზერაშვილმა მერე ეს წილები ტელეკომპანიებში მიხეილ სააკაშვილის კურსელ ლევან ყარამანიშვილისგან შეიძინა. "რუსთავი 2"-ის წილში კეზერაშვილმა 500 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო "მზის" ანალოგიური 40%-იანი წილი - 250 000 დოლარი დაჯდა. თუმცა, 2 თვეში კეზერაშვილმა ეს წილები ისევ ყარამანაშვილებს მიჰყიდა.
დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება თბილისისა და ნატახტარის სასაკლაოები. ქართული მედიის მტკიცებით, კეზერაშვილი თელეთის სასაკლაოს თანამეწილეა, ვანო მერაბიშვილთან ერთად, ხოლო ნატახტარის სასაკლაოს წილში ის და ცეზარ ჩოჩელი არიან.
მედიით არაერთგზის დადასტურებული ფაქტია, რომ დავით კეზერაშვილი აკონტროლებს გაზის გასამართ სადგურებს. ის საქართველოში გაზგასამართი სადგურებისთვის ბუნებრივი აირის ერთპიროვნული მიმწოდებელია, ანუ ამ პროდუქტის ერთადერთი იმპორტიორია. ამას კომპანია "სანპეტროლიუმ ჯორჯია" ახორციელებს. ამ ეტაპზე "სანპეტროლიუმ ჯორჯია" საქართველოში აკონტროლებს ბუნებრივი აირის გაზგასამართი სადგურების 40%-ს.
დავით კეზერაშვილის სახელი ე.წ. პრესის ჯიხურებსაც უკავშირდება. მედიით არაერთხელ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესით გიგი უგულავამ და დავით კეზერაშვილმა სოლიდური თანხა იშოვეს ამ საქმიდან.
დაბოლოს, "საქართველოს ლატარიის კომპანია" - იმით დავასრულოთ, რომლითაც კეზერაშვილმა ბიზნესი დაიწყო. "საქართველოს ლატარიის კომპანიამ" კანონდარღვევით მიიღო 2009 წელს ყველა სახის ლატარიის გათამაშების უფლება და ბაზრიდან ლატარიის ყველა კომპანია "მოტეხა". ამ კომპანიამ ლატარიის გათამაშების გარდა, საფოსტო ბაზარზე მონოპოლისტობაც მოინდომა და "საქართველოს ფოსტის" 70% იყიდა. ცხადია, ჩვეული გეგმით, სახელისუფლებო სტრუქტურების დახმარებით, საფოსტო გადაზიდვების ბაზარზე ყველა სხვა კომპანიას ალაგმავდა კეზერაშვილი და ამ სფეროს მონოპოლისტიც გახდებოდა, პრინციპში, პროცესი უკვე დაწყებული იყო, კანონები, რომელიც "საქართველოს ფოსტის" მონოპოლისტობას უზრუნველყოფდა, მიღებულია. თუმცა, პარპაში აღარ დასცალდა კეზერაშვილს - 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა.
ქართული მედიის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი მილიარდერია. ის საკუთარი ბიზნესიდან 25%-ს "ნაციონალურ მოძრაობას" სწირავდა - პარტიულ "ობშიაკში" რიცხავდა, 25% კი კონკრეტულ ჩინოვნიკებზე ნაწილდებოდა. დავით კეზერაშვილმა ეს ქონება სახელმწიფოს ხარჯზე იშოვა. მისი კომპანიები ნებისმიერ ტენდერს იგებდნენ და საჭირო შემთხვევაში, ხელისუფლება მათ გადასახადებისგანაც ათავისუფლებდა და ბაზარზე მონოპოლისტობას კანონითაც უმტკიცებდა.
დავით კეზერაშვილმა სხვადასხვა სახის ბიზნესი ძალადობითა და შანტაჟით ჩაიგდო ხელთ. ის ყველა სახელისუფლებო ბერკეტს იყენებდა იმისთვის, რომ კონკრეტული ბიზნესმენებისთვის ქონება წაერთვა და თავად დაპატრონებოდა მას. მაგალითისთვის, კომპანია "სენტა პეტროლიუმის" წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობაც გამოდგება.
დავით კეზერაშვილი "სენტა პეტროლიუმის" 80-მილიონიანი ბიზნესით 2010 წელს დაინტერესდა, რომელმაც კომპანიის მეპატრონეები, დავით მიმინოშვილი და ზაალ იაკობიძე "პიქსელის" შენობაში დაიბარა. დავით კეზერაშვილმა, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სახელით, "სენტა პეტროლიუმს" 24-საათიანი ულტიმატუმი წარუდგინა. კომპანიას ეძლეოდა ორი არჩევანი - ან 80-მილიონიანი "სენტა" უნდა დაეთმოთ მეოთხედ ფასში, ან ციხეში წავიდოდნენ, საიდანაც უფასოდ დათმობდნენ კომპანიას, ხოლო 24-საათიანი ულტიმატუმის გასვლის შემდეგ, მეოთხედ ფასს ყოველ 24 საათში მოაკლდებოდა 5 მილიონი. კეზერაშვილის თქმით, გადაწყვეტილება საბოლოო იყო, რადგან ამ ბიზნესს უკვე ჰყავდა მყიდველი.
გარიგების შედეგად, კეზერაშვილს რჩებოდა 160 მილიონი აშშ დოლარის მოგება, რაც შეთანხმებული იყო კეზერაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან. ბიზნესმენები აიძულეს, ულტიმატუმს დასთანხმებოდნენ, თუმცა მათ უარი თქვეს, ხელი მოეწერათ პირობაზე, რომ არასდროს დაბრუნდებოდნენ ნავთობის ბიზნესში(???). საბოლოო ჯამში, "სენტა პეტროლიუმის" მეპატრონეებს 80-მილიონიან ქონებაში მხოლოდ 6 მილიონი გადაუხადეს, თუმცა, კეზერაშვილმა ეს თანხაც უკან ამოიღო.
2012 წლის დასაწყისში "სენტა პეტროლიუმის" მეპატრონეებს უეცრად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი. პატიმრებს კი, გლდანის ციხეში შუაღამისას, პროკურატურის გამომძიებელმა მგელაძემ მიაკითხა, რომელმაც მათ ახალი ულტიმატუმი წარუდგინა - გადაეხადათ 6 მილიონი, საიდანაც 4 მილიონი უნდა გადარიცხულიყო გირაოსთვის, ხოლო 2 მილიონით უნდა შეესყიდათ 121 კვადრატული მიწა ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში. სიტყვიერი განმარტებისას გაირკვა, რომ ამ თანხას "მერაბიშვილის ფონდი" რაბათს მოახმარდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ულტიმატუმს არ დასთანხმდებოდნენ, კომპანიის მეპატრონეებს 15-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ, მათი ქონება კი აუქციონზე გაიყიდებოდა. დავით მიმინოშვილი და ზაალ იაკობაძე ამ ულტიმატუმს დასთანხმდნენ. აი, ასე ჩაიგდო ბაზრის 20% ხელში დავით კეზერაშვილის "გალფმა", თუმცა, ეს არ იყო საკმარისი და ახლა "მაგნატს" მიადგნენ.
კომპანია "მაგნატი" ბაზრის 15%-ს ფლობდა, მისი მეპატრონე ჯემალ ლეონიძე მოგონილი ბრალდებით ციხეში ჩასვეს, საბანკო და სხვა სახის მაქინაციების წყალობით, 42 ავტოგასამართი სადგური და 4 ნავთობბაზა წაართვეს. ამ საქმის ყველა დეტალს კეზერაშვილი ადგენდა და ახორციელებდა, ცხადია, ზემონახსენები და ნავთობბიზნესთან დაკავშირებული "მაგნატის" სხვა აქტივებიც, მოგვიანებით "გალფის" ხელში აღმოჩნდა.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ბიზნესისა, რასაც დავით კეზერაშვილი საქართველოში, გავრცელებული ინფორმაციით, დღესაც ფლობს. უბედურება ის არის, რომ ეს ძარცვა-გლეჯით წართმეული მთელი ბიზნესი ისევ შეუფერხებლად მუშაობს, ისევ უზარმაზარი მოგება მოაქვს თავად კეზერაშვილისა და "ნაცმოძრაობისთვის", მაგრამ სამართლიანობის აღდგენას საშველი არ დაადგა. კეზერაშვილს ბიზნესის წართმევაში არაერთი ადამიანი ადანაშაულებს, პროკურატურაში მრავალი განცხადებაა შესული და მათ შორის, "სენტასა" და "მაგნატის" ყოფილი მფლობელებისაც, მაგრამ საშველი არ დაადგა ამ საქმეების გამოძიებას, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი დღესავით ნათელია, დავით კეზერაშვილისა და "ნაცმოძრაობის" სხვა მაღალჩინოსანთა უშუალო მონაწილეობა მათთვის ბიზნესის ყაჩაღობრივი გზით წართმევაში, ფაქტებით დასტურდება. ფაქტია, დავით კეზერაშვილს ხელს აფარებენ სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელები, მეტადრე, საქართველოს მთავარი პროკურატურა. მათ არც სამართლიანობის აღდგენა სურთ და არც "ნაცმოძრაობის" იმდენად დასუსტება, რომ ეს პარტია ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად აღარ ჩაითვალოს. ამისთვის მარტივი რამ არის საჭირო, პროფესიონალმა გამომძიებლებმა უნდა მიაგნონ იმ ოფშორულ საბანკო ანგარიშებს, სადაც ბიზნესმენთათვის წართმეული, ბიუჯეტიდან მოპარული უზარმაზარი ფულია შენახული და რომელსაც დავით კეზერაშვილი პატრონობს. ამ ფინანსურ საყრდენს რომ გამოაცლიან "ნაცმოძრაობას", მერე ეს დამნაშავე პარტია ერთ, უბრალო და უპრეტენზიო პარტიად გადაიქცევა, რომლის მსგავსიც საქართველოში დაახლოებით ორასია. კეზერაშვილი "ნაცმოძრაობის" მთავარი დამფინანსებელი რომ არის, ამის აფიშირებას ერთხანს ერიდებოდნენ ამ პარტიის ლიდერები, მაგრამ როცა "კეზერა" საფრანგეთში დაიჭირეს, მაშინ ყველაფერი გაშიფრეს. გეხსომებათ, ცალკე მიხეილ სააკაშვილმა, ცალკე "ნაცმოძრაობამ" წერილი აფრინეს საფრანგეთის უმაღლეს სასამართლოში და მოსთქვამდნენ, კეზერაშვილი პარტიის მთავარი დამფინანსებელია და ეგ რომ დაიჭიროთ, "ნაცმოძრაობა" დაფინანსების გარეშე დარჩებაო. არა, მე მგონი, მართლა არ აწყობს "ქართულ ოცნებას", რომ "ნაცმოძრაობას" ბრძოლის მთავარი იარაღი - ოფშორებში გადამალული, უკანონო ფული წაართვას ხელიდან, თორემ კეზერაშვილი ვინ არის, ისეთი მაფიოზების ოფშორული ანგარიშებისთვის მიუგნიათ სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავებს, მათ შორის, საქართველოზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისასაც.
უნდა რცხვენოდეთ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ინტერპოლით ძებნილი დავით კეზერაშვილი საქართველოში მრავალი სახის ბიზნესს ისევ აკონტროლებს! წილებს ამ ბიზნესკომპანიებიდან მას ოფშორულ ზონებში ურიცხავენ, მერე კი ამ ფულით "ნაცმოძრაობა" ფინანსდება და "ქართულ ოცნებას" ფინანსურად წელში გამართული ებრძვის! აი, ეს არის რეალობა.
ჩვენ ოფიციალურად, ჩვენი ტრიბუნიდან მივმართავთ ხელისუფლებას და შესაბამის ძალოვან სტრუქტურებს, რომ სასწრაფოდ გამოიძიონ კეზერაშვილის უკანონო ბიზნესწილები და მას მთავარი სასუნთქი არხი გადაუკეტონ - ჩამოართვან უკანონო ბიზნესები, გადაუკეტონ ყველა უკანონო (კანონიერი მას არაფერი გააჩნია!) ფინანსური არხი და იმ ერთადერთ მთავარ მტკივნეულ წერტილზე დაარტყან, რაც მას და მის ნაციონალ პატრონებს ადარდებთ. ფული! ფული უნდა შეუწყვიტოთ და მერე უნდა ნახოთ, ვირთხებივით რომ დაერევიან ერთმანეთს. ამათ მხოლოდ ეს ენა ესმით. თქვენ კი კანონით მოგეთხოვებათ ამ ყველა უკანონო ბიზნესსაქმიანობისა და ფულის გადინების გამოძიება! ეს ჩვენი თხოვნა კი არა, მოთხოვნაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამყარდება ის ეჭვი, რომ ამას შეგნებულად არ აკეთებთ და ძალიანაც გაწყობთ, რომ "კასირი" "კეზერა" ისევ წელგამართული მილიარდერი იყოს და შესაბამისად, სააკაშვილს, რომელიც აშკარაა, დღეს თუ ხვალ თავს დაგვიკრავს, მეწველი ძროხის ფუნქცია უკისროს! თუ ჩვენს ამ ფორმით მოთხოვნას არ გაითვალისწინებთ, "ქრონიკა" ოფიციალურადაც მოგმართავთ და გაიძულებთ, სამართლიანობა აღადგინოთ და წურბელა კეზერაშვილს ნაშოვნი და საშოვნი მილიონები ყელში ამოანთხიოთ!
(გაზეთი "კვირის ქრონიკა", ლევან ჯავახიშვილი)