ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გრიგოლ რობაქიძე დაიბადა სოფელ სვირში (ზესტაფონის რაიონი), 1880 წლის 28 ოქტომბერს.
მამა, ტიტე რობაქიძე, ჩხარში მღვდლად მსახურობდა; დედა - ქეთევან ბოჭორიშვილი - სვირელი შეძლებული გლეხის ასული იყო. ორ წელს სვირის სკოლაში სწავლობდა გრიგოლი. მერე კი, როცა მთელი ოჯახი ჩხარში გადავიდა საცხოვრებლად, სწავლა იქ განაგრძო.
1890 წელს გრიგოლი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, 5 წლის შემდეგ სწავლა სასულიერო სემინარიაში განაგრძო, სადაც ორჯერ ექსტერნად ჩააბარა მომდევნო კლასების გამოცდები და ორი წლით ადრე დაამთავრა სწავლა.
ამ დროიდან მფარველობდნენ მას კიტა აბაშიძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და გიორგი ზდანევიჩი. ისინი ხელს უწყობდნენ ნიჭიერ ახალგაზრდას სწავლის გაგრძელებაში მაშინაც კი, როცა ამის წინააღმდეგი თავად გრიგოლის მამა იყო.
ტიტე რობაქიძეს სურდა, შვილი სემინარიის დამთავრების შემდეგ მღვდლად ეკურთხებინა, მაგრამ გრიგოლი სასტიკად უარობდა.
1901 წელს ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა იმავე წლის დეკემბერში გარიცხეს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო (მამა ფიქრობდა, რომ მატერიალური დახმარების გარეშე გრიგოლი სწავლას ვეღარ გააგრძელებდა და საბოლოოდ დაბრუნდებოდა შინ, ნაწილობრივ ასეც მოხდა - გრიგოლი გარიცხეს, მაგრამ შინ არ დაბრუნებულა).
1902 წელს მან სწავლა განაგრძო ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. ტარტუს უნივერსიტეტში აღდგენა თავად არ ისურვა. 4 წლის შემდეგ, უნივერსიტეტის დამთავრების მერე, ორი წლით დარჩა საზღვარგარეთ და სხვადასხვა უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს.
1908 წელს დაბრუნდა საქართველოში. დაიწყო ლექციების კითხვა ქართულ და რუსულ ენებზე. პირველად მან გაბედა საჯაროდ ქართულ ენაზე ლექციების კითხვა (და მასზე თქვა სწორედ აკაკი წერეთელმა თავისი ცნობილი სიტყვები - ვხედავ ამ ქართველ ინტელიგენტს, რომელზეც მთელი ცხოვრების მანძილზე ვოცნებობდიო).
სამშობლოში დაბრუნებულმა გრ. რობაქიძემ ცოლად შეირთო ნინო დომენსკია. ამ ქორწინებიდან მათ ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ მეუღლის დაუდევრობის გამო ორივე ერთდროულად დაიღუპა, ამის შემდეგ იგი ცოლს გაეყარა. რამდენიმე წლის მერე დაქორწინდა ლენა ფიალნიკაზე, მაგრამ მემკვიდრე აღარ შესძენია.
1931 წლამდე გრიგოლ რობაქიძე საქართველოში ცხოვრობდა. შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა და იქვე ემიგრაციაში დარჩა. 1945 წელს გერმანიიდან შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, გადასახლდა. სამშობლოდან გადახვეწის მიზეზი, მისივე თქმით, ბოლშევიკური დიქტატურა იყო. ერთ-ერთ რადიოგამოსვლაში მწერალმა განაცხადა: - „ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? - არავინ. საბჭოეთში კაცს შიშით მოსვენებით ვერც კი დაუძინია. ეშინია, სიზმარში ბოდვით არ წამოსცდეს გულნადები აზრი რაიმე".
ბერლინში ყოფნის დროს გამოაქვეყნა გრიგოლ რობაქიძემ „ჩაკლული სული", „ქალღმერთის ძახილი", 1937 წელს გამოვიდა რომანი „გრაალის მცველნი". ევროპულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები.
გრ. რობაქიძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ემიგრანტთა შორის. იგი ყოველივე ქართულის, ეროვნულის ქომაგი, დიდი პატრიოტი იყო, „რომლის ყურადღების მიღმა არ რჩებოდა არცერთი მეტ-ნაკლები მნიშვნელობის მქონე ეროვნული საკითხი". მწერალი შეუძრავს 1924 წლის აგვისტოში საქართველოში დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიას. „წამებულმა ქართველმა ისეთი სიმძლავრით გაიღვიძა ჩემში, რომ ქვეშეცნეულ მოვინდომე, „ლამარა" მიმეხალა მტარვალთა მიმართ, ვითარ ტრაგიკული მარჯი დამარცხებულთა".
რობაქიძისთვის გერმანიაში წასვლისთანავე არ ჩამოურთმევიათ საბჭოთა მოქალაქეობა. ეს მოხდა მხოლოდ 1935 წელს, როცა ხელისუფლებას გადაეწურა მისი დაბრუნების იმედი.
საბჭოთა ხელისუფლებამ მწერლის წინააღმდეგ სასტიკი და უზნეო კამპანია წამოიწყო. გაზეთ „კომუნისტსა" და „მნათობში" გამოქვეყნდა მწერალთა მიმართვა სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმისადმი: „არავითარი დანდობა კლასობრივ მტრებს", რომელიც მიმართული იყო გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ. წერილში ნათქვამი იყო, რომ რობაქიძე თვალთმაქცობდა, ატყუებდა ხელისუფლებას, მწერლობას, საზოგადოებას.... რომ ის ფაშისტთა ბანაკში გადავიდა, იყო „სოციალისტური სამშობლოს" მოღალატე და ა. შ.
მხოლოდ რამდენიმე მწერალს ეყო გამბედაობა, გამოსარჩლებოდა გრიგოლ რობაქიძეს; მათ შორის იყო მიხეილ ჯავახიშვილი.
... მაგრამ მწერალს ვეღარაფერმა უშველა და მისი სახელი და შემოქმედება აიკრძალა საბჭოთა საქართველოში.
ემიგრაციაში მყოფ გრიგოლ რობაქიძეს არც მატერიალურად და არც სულიერად არ ულხინდა. მის მდგომარეობას ამძიმებდა მეუღლის ავადმყოფობა. წლების მანძილზე უვლიდა გრიგოლ რობაქიძე დამბლის გამო ლოგინს მიჯაჭვულ მეუღლეს.
მწერალი 1962 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების - ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს. უმემკვიდრეოდ გადაგებული მწერლის ბინა პოლიციამ დალუქა. ბერლინში არსებულ მწერლის არქივს საჯარო ლიკვიდაციაც დაუპირეს, მაგრამ იგი გადარჩა გრიგოლ რობაქიძის შვეიცარიელი მეგობრის ძალისხმევით.
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)