შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში 27 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული პრემიის - „ერთგულება" ლაურეატები გამოვლინდნენ.
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო ინკორპორაცია - ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრ „ამირანის" საქართველოს წარმომადგენლობამ დააფუძნა.
ჟიურის წევრების მიერ შერჩეული 10 საუკეთესო მინიატურიდან 3 მინიატურის ავტორს სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცათ, ხოლო დანარჩენმა 7-მა მონაწილემ გამომცემლობებისგან საჩუქრად წიგნები მიიღო.
პირველი და მეორე საპრიზო ადგილი ერთმა და იმავე ადამიანმა დაიკავა. გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული პრემიის საუკეთესო მინიატურისათვის პრიზისა და მეორე ადგილის ჯილდოს მფლობელი ნათია როსტიაშვილი გახდა. მესამე ადგილი კი ლია ლიქოკელმა დაიკავა.
„რეპორტიორი" ნათია როსტიაშვილს ესაუბრა:
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსში დავიკავე საპრიზო ადგილი. თანაც არა ერთი, არამედ - ორი. მაგრამ ეს ადგილები რომც არ დამეკავებინა და გამარჯვებულის ტიტული არ მიმეღო, მაინც ასეთი გახარებული ვიქნებოდი. ეს გამარჯვებები დამატებითი სიხარულია ჩემთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს, მადლობა ჟიურის და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულწრფელად გაუხარდა ჩემი გამარჯვება", - განაცხადა ნათია როსტიაშვილმა.
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება.