მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე გოდერძი ჩოხელის სახელობის პრემიის დაწესებას ეხმაურება. მსახიობი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ მწერლის სახელობის კონკურსი ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს და ისეთივე მნიშვნელობა შეიძინოს, როგორიც გოდერძის შემოქმედებას აქვს.
„კონკურსი ატარებს გოდერძი ჩოხელის სახელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და შექმნილია სწორედ პატარა მინიატურების სახით. კონკურსის ხიბლი იყო ის, რომ გამარჯვებულების ვინაობა (მათი სახელი და გვარი) ჟიურის წევრებმაც კი არ იცოდნენ. ვფიქრობ, კონკურსი ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს და ისეთივე მნიშვნელოვანი და დღეგრძელი იყოს, როგორიც გოდერძის შემოქმედებაა", - განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
შეგახსენებთ, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო ინკორპორაცია-ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრ „ამირანის" საქართველოს წარმომადგენლობამ დააფუძნა.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში 27 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.