საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, კარგია, საქართველოს პრეზიდენტი თუ მიხვდა, რომ უნდა განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები და მიიღოს საკანონმდებლო პროცესში აქტიური მონაწილეობა, იმ თვალსაზრისით, რომ ვეტო დაადოს იმ კანონპროექტებს, რომლებსაც არ ეთანხმება.
„ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ შეთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს გზავნილი აქვთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე პრეზიდენტისა და პარლამენტის უმცირესობის დეპუტატების მხრიდანაც. ვითარების ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. თავისთავად, ვეტოს დადების შემდეგ, საკითხი ისევ პარლამენტში იხილება და პარლამენტმა რომ დაძლიოს ეს ვეტო, უმრავლესობას დაჭირდება მთელი ძალების მოკრება, რაც დღევანდელი განლაგებით არ აქვთ. შესაბამისად, თუკი ვეტო არ იქნება დაძლეული, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ექნება მონაცემების შეგროვების საშუალება. შემდგომი ნაბიჯი იქნება ის, რომ პარლამენტმა უნდა დაარეგულიროს და შეცვალოს ის სისტემა, რომელიც პოლიციას აძლევს შეუფერხებლად ადამიანების მოსმენის შესაძლებლობას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.