საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობი დოდო (თამარი) ჭიჭინაძე ქუთაისში 1926 წლის 28 დეკემბერს დაიბადა და 85 წლის ასაკში, 2009 წლის 3 ნოემბერს, თბილისში, გამთენიისას გარდაიცვალა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მას საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი უწოდა.
1944-45 წლებში დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია. 1950 წლიდან კი კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. 1960 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს არტისტის წოდება მიენიჭა.
დოდო ჭიჭინაძემ ოცდაათამდე თეატრალური და არაერთი საინტერესო კინოროლი განასახიერა, რომლებიც ქართველმა მაყურებელმა შეიყვარა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი კინოროლები ფილმებიდან: „ბაში-აჩუკი", „დავით გურამიშვილი", „ჭრიჭინა", „ნინო", „ცისკარა" და სხვა.
40-60-იან წლებში და მას შემდგომაც დოდო ჭიჭინაძის განსაცვიფრებელ გარეგნობაზე თითქმის ლეგენდები დადიოდა და ეს მაშინ, როცა თბილისს მისი მეგობრების მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას ხიბლი მოსავდა, როცა საქართველოს ჰყავდა ნატო ვაჩნაძე, თამარ ციციშვილი და სხვა მრავალი მშვენიერი ქალბატონი.
გამოჩენილ მსახიობს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2009 წლის 10 ოქტომბერს, კინოთეატრ „რუსთაველის" წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, რაც მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთგვარი შეჯამება იყო.