სულხან-საბა ორბელიანი 1658 წლის 4 ნოემბერს ქვემო ქართლში, ბოლნისის მახლობლად სოფელ ტანძიაში დაიბადა, სადაც თავისი ბავშვობა და ყრმობის წლები გაატარა.
სულხან-საბა აღორძინების ხანის დიდი მოღვაწე, შესანიშნავი იგავთვმწერი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი, დიპლომატი და მეცნიერი იყო.
შთამომავლობით სულხან-საბა გახლდათ დიდგვაროვანი ფეოდალი. მამა, ვახტანგ ორბელიანი ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო, ხოლო დედა, თამარი - ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სულხან-საბა ხშირად სტუმრობდა სამეფო კარს, სადაც თავის უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის ვაჟებთან ერთად იზრდებოდა.
გიორგი XI-ის სამეფო კარზე აღზრდილმა სასახლის უდიდესი ბიბლიოთეკის წყალობით ენციკლოპედიური განათლება მიიღო როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. მომავალში მასვე დაევალა ტახტის მემკვიდრის, ლევანის ძის ვახტანგ VI-ის აღზრდა.
მან 20-25 წლის ასაკში დაწერა იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე სიცრუისა", რომელიც ცხოვრებაზე ღრმა დაკვირვების ნაყოფია. მან არაჩვეულებრივი ქართული ენითა და იუმორით გადმოსცა თავისი დროის მოწინავე იდეები და ზნეობრივი იდეალები. ორბელიანის მოღვაწეობა მწერლობის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი" - „სიტყვის კონა", რომელიც უძვირფასესი საუნჯეა და გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხმობით. მის კალამს ეკუთვნის ასევე პროზაული ნაწარმოებები „სწავლანი" და „მოგზაურობა ევროპაში". მხატვრული პროზის უბადლო ოსტატს დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე ქართული პოეზიის წინაშე. მას წილად ხვდა, დაემუშავებინა მსოფლიო ლიტერატურის ისეთი ჩინებული ძეგლი, როგორიც არის „ქილილა და დამანა".
სულხან-საბა ორბელიანი ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის აღმზრდელი იყო. სახელგანთქმული პოეტი და სწავლული ვახტანგ VI, საქართველოს სულიერი აღორძინებისათვის დაწყებული დიდი მოძრაობის თავკაცი იყო. კულტურულ სფეროში მათ არაერთ საშვილიშვილო საქმეს ჩაუყარეს საფუძველი. 1709 წელს მათი ძალისხმევით გაიხსნა პირველი სტამბა, სადაც პირველად დაიბეჭდა სახარება, შემდეგ კი „ვეფხისტაოსანი". ამ პერიოდში მოხდა ქართული მატიანეების თავმოყრა და შევსება, რაც საფუძვლად დაედო ქართულ ისტორიოგრაფიას. სულხან-საბა ორბელიანს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში ვხედავთ ვახტანგ VI- სთან ერთად. ბერის სამოსით შემოსილი ეძებდა გზებს ქვეყნის ოსმალეთისგან გასათავისუფლებლად (სულხანი 1698 წელს ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის მონასტერში . ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად).
ორბელიანი გახლდათ არა მარტო პოეტი და პროზაიკოსი, არამედ აქტიური საზოგადო მოღვაწე. იგი დიპლომატიური მისიით მოგზაურობდა ევროპაში და ცდილობდა, საქართველო დაეხსნა ირან-ოსმალეთის ტყვეობიდან. ამ მიზნით იგი შეხვდა საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს, რომელმაც ცივი უარით გამოისტუმრა ქართველი დიპლომატი. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში.
1724 წელს ვახტანგ VI-მ გადაწყვიტა რუსეთში გადახვეწა. მან წინასწარი მოლაპარაკებისთვის მოსკოვში სულხან-საბა ორბელიანი გაგზავნა. ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში 1725 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვსესვიატსკოვში.
ტანძიაში დღესაც შემორჩენილია ძველი სასახლის ნანგრევები, მისი პატარა ეკლესია, რომელმაც წლების ქარტეხილებს გაუძლო და დღესაც ელოდება მნახველს.
სულხან-საბა ორბელიანმა დიდი კვალი დატოვა ქართულ მწერლობასა და მეცნიერებაში. თანამედროვეთა შორის მის დიდ ავტორიტეტს მშვენივრად ესადაგება ფრანგი მისიონერის ჟან რიშარის სიტყვები: „იგი მთელ საქართველოს მამად მიაჩნია".