ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი) დაიბადა 1856 წლის 22 მაისს (3 ივნისი), სოფელ კოდაში (ახლანდელი თეთრიწყაროს რაიონი), დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში.
ვასილ ბარნოვმა განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში. ის ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელია. მისთვის ისტორიული მოვლენების ასახვა თვითმიზანი არ იყო, მწერლის ყურადღების ცენტრში ზოგადსაკაცობრიო პრობლემები იყო.
ბარნოვის ფილოსოფიური შეხედულებები ეფუძნება, ერთი მხრივ, ქართულ მითოლოგიას, მეორე მხრივ, იდეალისტურ მსოფლაღქმას. ის თითქმის ზუსტად იცავს ისტორიის სინამდვილეს, მაგრამ ფაქტების საკუთარი ინტერპრეტაციის მისაღწევად მიმართავს მხატვრულ გამონაგონსაც.
მწერლის იდეური ჩანაფიქრი მის რომანებში დიდ ისტორიულ ძვრებს ან შემთხვევით ისტორიულ ცნობებს ემყარება.
ბარნოვი ავტორია მრავალი მოთხრობისა, რომლებიც მიძღვნილია ფილოსოფიური, სოციალური, პედაგოგიკური და სხვა პრობლემებისადმი. მისი პროზის რიტმულობა,რამდენადმე ხელოვნური სინტაქსური წყობა, ძველი ქართული მწელობისა და ხალხური მეტყველების მარაგით გამდიდრებული ლექსიკა განუმეორებელ ელფერს ანიჭებს მის სამწერლო სტილს.
ბარნოვმა ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკას; თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი ქართული ხალხური სიტყვიერების კურსს კითხულობდა. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები. მან შეადგინა არსენა ოძელაშვილის სრული ბიოგრაფია (1919) ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1880-1910 წ.წ.), თუმცა არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას. იმავდროულად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად (რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს).
ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წლის 4 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი მწერლის სიცოცხლეშივე მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.