reportiori.ge - ამათ უნდა ჩაუგდონ ხელში „გასაღები“?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 07:34
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ამათ უნდა ჩაუგდონ ხელში „გასაღები“?!
ავტორი:
04 ნოემბერი, 2014. 20:53


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ძალოვანი უწყებების მიერ პარლამენტში შეტანილ და პარლამენტის მიერ 30 ოქტომბერს მიღებულ კანონს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ", ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განმარტა, რომ მას კარგად ახსოვს საბჭოთა კავშირი და ის პერიოდი, როცა ყველას უსმენდნენ და აღარ მინდა, ისევ ძველ დროში დავბრუნდეთო - ამით ახსნა თავისი ვეტო. ისე, ვიდრე თავისი ბავშვობა-სტუდენტობის პერიოდს გაიხსენებდა გიორგი მარგველაშვილი, ურიგო არ იქნებოდა, რომ აგერ, 2 წლის წინანდელი ამბავიც გაეხსენებინა, „ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდი, როცა მართლა ყველას უსმენდნენ. საბჭოთა კავშირის დროს სად იყო იმდენი ტექნიკური საშუალება, რომ ყველა მოქალაქისთვის მოესმინათ? ეს მერე, „ნაციონალებმა" გააკეთეს, უსმედნენ ყველას, დამნაშავესა და უდანაშაულოს, დიდსა და პატარას, პოლიტიურ ოპონენტებს და თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარ თანაგუნდელებსა და მათი ოჯახის წევრებსაც კი. მოკლედ, მომავალი წლის 28 თებერვლის ნაცვლად, 2014 წლის 1-ელ დეკემბრამდე ექნება შსს-ს კანონიერი ფარული მიყურადების უფლება. ამ 1 თვეში კი ახალი კანონი უნდა მიიღოს პარლამენტმა, რომელიც, სავარაუდოდ,, ძალოვანებს ამ უფლებას წაართმევს და 2 გასაღების პრინციპს დანერგავს. არასამთავრობო სექტორისა და ხაზგასასმელია, ასევე, „ნაცმოძრაობის" საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, მხარს უჭერენ იმ ვარიანტს, რომ ეს ორი გასაღების პრინციპი დარჩეს და ერთი გასაღები მობილურ ოპერატორებს ჰქონდეთ. ვინ არიან დღეს საქართველოში ეს მობილური ოპერატორები? რუსული „ბილაინი", ამერიკული „მაგთი" და შვედური „თელიასონერა", რომელიც საქართველოში „ჯეოსელის" სახით არის წარმოდგენილი. ეს „ნაცები" და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოები, მიტინგს მიტინგზე მართავენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ და ამ დროს, დიდი გულმოდგინებით უჭერენ მხარს იმ ვარიანტს, რომ რუსულ „ბილაინას" ჰქონდეს მოსმენებზე უფლების გაცემა. კი, მაგრამ, ეს ჩემის გადარეულები, იმას რატომ არ ფიქრობენ, რომ „ბილაინში" რუსული სპეცსამსახურები, როცა მოესურვებათ, მაშინ ჩანერგავენ თავიანთ ხალხს და კომპანიის მენეჯმენტი აზრზე რომ არ იქნება, ისე მოუსმენენ ჩვენს მოქალაქეებს? ან იქნებ უკვე ჩანერგილებიც ჰყავთ? ამ „ბილაინის" სათავო ოფისი მოსკოვში რომ არის და ამ კომპანიის მფლობელები კრემლთან და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან, ამაზე რატომ არ ფიქრობენ? ვისით დაინტერესდება რუსეთის ხელისუფლება? ცხადია, იმ ადამიანებით, ვისაც სახელმწიფო საიდუმლოსა და ასეთი საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. მე, პირადად, ორმოცდაათამდე ასეთი დეპუტატი და მაღალჩინოსანი ვიცი, ვინც „ბილაინის" მომსახურებით სარგებლობს, მათ ნაწილს ნამდვილად მოუწვდება ხელი, მინიმუმ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებზე და ვინ რას და როდის იტყვის ამის შესახებ ტელეფონში, კაცმა არ იცის... ამერიკასა და შვედეთს, ჯერჯერობით, საქართველოსთან არ უომიათ და არც ტერიტორიები წაურთმევიათ ჩვენთვის, მაგრამ „თელიასონერაც", ანუ „ჯეოსელი" და „მაგთიც" უცხოური კომპანიები არიან. არც მათ უნდა დაუკანონდეთ მოსმენების უფლება, გასაღები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავცეთ უცხოელ ოპერატორებს... რათა, შვილო, სახლაფორთოდ და საგინებლად რატომ იხდით თავს? კი, კანონში ასე არ ჩაიწერება, რომ მათ, ვისაც მოესურვებათ, მას უსმინონ, მაგრამ ეს გასაღები რომ ექნებათ, ცდუნებას გაუძლებენ? მაინც უცხოელები არიან, მაინც კერძო კომპანიები და სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება? რომ მოუსმინონ მაღალი თანამდებობის პირებს, მოიპოვონ უმნიშვნელოვანესი საიდუმლო ინფორმაცია და მიჰყიდონ საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურებს, თუნდაც, რუსეთისას, მერე სად მიდიხართ, არ მითხრათ, ახლა, ამერიკელი და შვედი ბიზნესმენები ამას არ იკადრებენო.


არასამთავრობოები აცხადებენ, ჩვენ ხელისუფლებას არ ვენდობით და ამიტომ მეტი კონტროლი გვინდა მოსმენებზე, რომ ისევ ის დრო არ დაბრუნდეს, როცა „ნაციონალები" ყველას გვისმენდნენო. ამას აცხადებენ კახა კოჟორიძე, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და არ ვიცი, არაერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი. ჯერ ერთი, ახლა რომ გაგახსენდათ, ეს ფარული მოსმენები რომ ასეთი ცუდი რამაა, რატომ იმ „ნაციონალების" მმართველობისას არ ხმაურობდით ამდენს და მაშინ არ ითხოვდით კანონის შეცვლას, მიშას ძალოვნებისთვის მოსმენის უფლების ჩამორთმევას. გეშინოდათ და აღიარეთ! დღეს რომ ყველა ტელევიზორში ხართ გამოჭიმულები და „ჰონორით" ელაპარაკებით ხელისუფლებას, ეს სწორედ ამ ხელისუფლების დამსახურება, თორემ ჯერ ხმას ვინ გაღებინებდათ 2 წლის წინათ და თუ ამოიკნავლებდით, ვინ გისმენდათ? თქვენ სიტყვას კაპიკის ფასი არ ჰქონდა და ფასი დაგედოთ. იმას არ გეუბნებით, რომ ვინმეს მადლობა უთხრათ-მეთქი, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღე და ღამ იმ ხალხის ლანძღვაში მაინც ნუ ხართ, ვინც ცოტა მოგაფერიანათ, ფუნქცია შეგძინათ და რაღაცად ჩაგაგდოთ. „ცხვარი გასუქდა და მგლის შეჭმა მოინდომაო" - აი, ზუსტად ეგრეა თქვენი საქმე. არ მინდა, ამ ხელისუფლების ადვოკატი გამოვიდე, მაგრამ აი, ეგეთ დაუნახავ ხალხს ვერ ვიტან, რა, სააკაშვილის დროს მრავალი ვიდეო და აუდიოჩანაწერი ვრცელდებოდა, მაგრამ ერთხელ არ დაინტერესებულხართ, რამდენად კანონიერად იყო ეს ჩანაწერები მოპოვებული თუ გაკეთებული? რატომ მაშინ არ გამოხატეთ პროტესტი, როცა „მუხროვანის ამბოხთან" დაკავშირებით ვინმე ღვალაძისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების დადგმული სპექტაკლი აჩვენა ხელისუფლებამ ხალხს, რომელშიც სახელმწიფოს ძალისმიერი დამხობის გეგმაზე იყო საუბარი და ეს ამბოხი ამით „გააპრავა"? რატომ მაშინ არ დადექით სიმართლის მხარეს, დღეს თავი რომ წაგვჭამეთ - სიმართლის სადარაჯოზე ვდგავართო? რა ვიცი, კიდევ ძალიან ბევრი რამის გახსენება შეიძლება თქვენი უუნარობის დასტურად.


არადა, შესაძლოა, მოხდეს დანაშაული და ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდეს ეჭვმიტანილისა თუ ეჭვმიტანილთა სატელეფონო საუბრების მოსმენა. ადრე, ამის უფლება პოლიციას კანონით ჰქონდა, ოპერატიულ მოსმენას ახორციელებდნენ და შემდეგ სასამართლოში აკანონებდნენ თავის ნამოქმედარს (ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და კოტე კუბლაშვილი როგორ იყენებდნენ ამ ნდობას, ეს სხვა საქმეა). ახლა კი ეს უფლება პოლიციას აღარ ექნება - ოპერატიულად ვეღარავის ვერ მოუსმენს, ჯერ სასამართლოში უნდა წავიდეს  სანქციის ასაღებად მოსამართლესთან, მერე მოსამართლემ უნდა მიმართოს მობილურ ოპერატორს და ამის შემდეგ, ერთობლივად მისცემენ პოლიციელს მოსენის უფლებას.  წარმოიდგინეთ ახლა, რამდენი დრო დაიკარგება ამასობაში? ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" კონკრეტული ფაქტიც მოიყვანა, როცა პოლიციამ სწორედ სატელეფონო მოსმენების საშუალებით გახსნა გატაცებული იოსებ გიორხელიძის საქმე, გამტაცებელთა კვალზე გამოძიება მოსმენების შედეგად გავიდა და ამის შემდეგ იმ ბინასაც მიაგნო, სადაც გიორხელიძე ჰყავდათ გამტაცებლებს. მოკლედ, როცა გამოძიება დაწყებული იქნება - კოტე კუბლაშვილის მოსამართლეებისა და ოპერატორების ნებაზე იქნება დამოკიდებული, მისცემს თუ არა პოლიციასა და პროკურატურას მოსმენის უფლებას. არა, ძალიან ბევრ ქვეყანაში, რაღა თქმა უნდა, სწორედ სასამართლო იძლევა სანქციას ფარულ მოსმენებზე, მაგრამ ეს ნორმალური სასამართლო ხელისუფლების პირობებში. კოტე კუბლაშვილი და მისი „ზონდერმოსამართლეები" ტყუილად არ მიხსენებია. ერთ ამბავს გავიხსენებ. შარშან „ქრონიკა" მთავარი პროკურატურის ინფორმაციის საფუძველზე წერდა, როგორ უშლიდნენ გამოძიებას ხელს მოსამართლეები, რა საბოტაჟს ეწეოდნენ ისინი. როცა პროკურატურა შედიოდა სასამართლოში „ნაცმოძრაობის" ეჭვმტანილი ლიდერების და მათი ყოფილი ჩინოვნიკების სატელეფონო მოსმენების ნებართვის მოთხოვნით, მოსამართლეები ნებართვას კი გასცემდნენ, მაგრამ მანამდე იმ სატელეფონო ნომრებზე, რომლებიც მოსასმენთა სიაში იყო, ურეკავდნენ ერთი, კონკრეტული ნომრიდან, რომელიც კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის სახელზე იყო გაფორმებული, აფრთხილებდნენ, რომ მათი ტელეფონების მოსმენაზე პროკურატურა სასამართლოს სანქციას სახოვდა და მხოლოდ ამის შემდეგ იძლეოდნენ ამ სანქციას. პროკურატურა კი იღებდა ნებართვას მოსმენებზე, მაგრამ რაღაში სჭირდებოდა?


ხელისუფლება რომ უნდა აკონტროლო, ეს გასაგებია. ისიც მესმის, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით სარფთხილო ძალოვანი უწყებები არიან, არტახები მაგათ ნამდვილად არ აწყენთ, მაგრამ იქნებ იმდენი ჭკუა მაინც გეყოთ რომ პოლიციას ოპერატიული და გადაუდებელი აუცილებლობის დროს მაინც დარჩეს მოსმენის უფლება და ამ ქვეყანას მართლა კრიმინალებს ნუ ჩაუგდებთ ხელში.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016