reportiori.ge - 90-იანი წლების ქართული ტელევიზიის ვარსკვლავების სკანდალები, წარმატება და ტრაგიკული აღსასრული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:29
პრეს-დაიჯესტი
90-იანი წლების ქართული ტელევიზიის ვარსკვლავების სკანდალები, წარმატება და ტრაგიკული აღსასრული
ავტორი:
05 ნოემბერი, 2014. 20:21


დამოუკიდებელი ქართული ტელევიზიის განვითარება სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს. მართალია, მაშინ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო შექმნილი, თუმცა საეთერო სივრცე პოლიტიკურთან ერთად, გასართობ, შემეცნებით და მხატვრულ პროგრამებსაც ეთმობოდა. 


ჯულიეტა ვაშაყმაძის, მარკ რივკინის, ლია მიქაძის, ნუგზარ ჯუღელის და სხვა ცნობილი დიქტორების პარალელურად, მაშინდელ ტელესივრცეს ახალგაზრდა სახეებიც ჰყავდა. რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თიკა კანდელაკის კარიერაც სწორედ 90-იანი წლების ქართულ ტელესივრცეში, კერძოდ მეორე არხზე დაიწყო.



როგორც ამბობენ, პატარა გოგონა მუდმივად მუშაობდა საკუთარ თავზე, ბევრს კითხულობდა და სარკესთან მეცადინეობდა. შემდეგ კი მოსკოვში წავიდა საცხოვრებლად, სადაც წარმატებული კარიერა აიწყო.



თიკა კანდელაკთან ერთად მეორე არხის გამორჩეული სახეები იყვნენ გია გუმბერიძე, სერგი გვარჯალაძე, ნინო დარასელი, ბაკურ ბაკურაძე და სხვები.



სერგი გვარჯალაძის გადაცემამ, "მეორე არხზე", შეიძლება ითქვას, გადატრიალება მოახდინა. ფრაზა, "ეს მეორე არხია, მე ვარ სერგი გვარჯალაძე", დღემდე ახსოვს მაყურებელს. მის გადაცემაში გასულმა კლიპებმა და ახალ-ახალმა ამბებმა გადაცემას დიდი წარმატება მოუტანა. კლიპებს ეთერში გასაშვებად მეგობრის ძმა უგზავნიდა გერმანიიდან, რომელიც "MTV"-ს ჩანაწერები იყო. 



ახალგაზრდულ არხად გადაკეთებულ სიხშირეზე ოფიციოზი არ არსებობდა. ეთერში სერგი გვარჯალაძე იჯდა, რომლის ლეგენდარული ფრაზა პაროლი იყო; პაროლი - საოპერატოროსთვის, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი კლიპი უნდა გაეშვათ. 



მერე იყო რევოლუცია - პირდაპირ ეთერში პრეზერვატივი გამოჩნდა. ეს ისე, უბრალოდ მოხდა. წამყვანმა ყველაფერი, რაც ჯიბეში ედო, ამოიღო და სხვებსაც აჩვენა, თუმცა ეს მაშინ ნამდვილი სკანდალი იყო...



დღევანდელ ტელევიზიას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ყველაფერი, რაც ეთერში გადის, ზედმეტად პოლიტიზებულია. ზოგიერთი ამას იმით ხსნის, რომ ეს ნორმალურია ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიის გზას ადგას. 90-იანი წლების ქართული ტელესივრცის ჟურნალისტების და ოპერატორების შესახებ ლეგენდები დღემდე დადის. ბევრმა მათგანმა თავი აფხაზეთის ომს შესწირა. 



საშკა იოსელიანის და დათო ბოლქვაძის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი მთელმა ქვეყანამ იცის.



"აფხაზეთში რომ ომი დაიწყო, მაშინვე წავიდა, არც მანამდე დაჰკლებია რამეს, სამაჩაბლოდანაც აკეთებდა რეპორტაჟებს. აფხაზეთში ფრონტის ხაზზე იღებდა, პირდაპირ ცეცხლში იყო შევარდნილი. ქართველი იყო და უნდა გაეკეთებინა. სხვანაირად მას არ შეეძლო. ის აკეთებდა იმას, რაც უნდა გააკეთოს ნორმალურმა მოქალაქემ, როცა სამშობლოს უჭირს", - იხსენებს მისი და, ხათუნა იოსელიანი. 


დავით ბოლქვაძე ლოთი ქობალიამ დახვრიტა ხობში და მასთან ერთად ორი ადამიანი სასტიკად აწამა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დავით ბოლქვაძე ყვიროდა, არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარო, თუმცა ლოთი ქობალიამ ის სწორედ საკუთარი პროფესიის გამო დახვრიტა და მერე გარშემო მყოფებს დაუბარა, დავით ბოლქვაძისთვის და ორი პირისთვის, ვინც მასთან ერთად დახვრიტა, ხელი არ ეხლოთ. როდესაც ლოთი მანქანაში ჯდებოდა, მეგრულად დაიყვირა, - ხელი არ ახლოთ, ღორებმა შეჭამონო...,- იხსენებს თვითმხილველი ეთერ ბიწაძე ჩანაწერებში.



სირთულეების მიუხედავად, მაშინდელი ტელევიზიის სახეები და მესვეურები ცდილობდნენ, საკუთარ საქმეში პოზიტივიც ჩაერთოთ. შეიქმნა სატელევიზიო ფესტივალი "მანა", ალბათ ქართული ტელევიზიის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა... სატელევიზიო ფესტივალი "მანა" პირველად 1994 წელს ჩატარდა. მისი ფუნქცია ძალიან მარტივი იყო - ქართულ ტელესივრცეში მოღვაწე ხალხის ერთად შეკრება და მათი დამსახურებების რაღაც ფორმით აღნიშვნა. ფესტივალი 1995 წელსაც ჩატარდა. 1996-ში მან უკვე საერთაშორისო სახე მიიღო, 1996 წლის "მანა" უკანასკნელი იყო, ფესტივალის ორგანიზატორი ზაზა შენგელია იყო. 



90-იანი წლების გამორჩეული საეთერო სახეები დღეს უკვე ტელეეკრანზე ნაკლებად ჩნდებიან, ზოგიერთი მათგანი უცხო ქვეყანაში წავიდა, ზოგმა პროფესია შეიცვალა და ა.შ. ამერიკაში ცხოვრობს ქეთევან მითაიშვილი, 10 წელზე მეტია წამყვანობას თავი დაანება საშკა იოსელიანის მეუღლემ ანა რატიანმა, რომელიც ყველაზე მომხიბვლელ ტელეწამყვანად ითვლებოდა.



პოლიტიკაში წავიდა ირმა ინაშვილი, ზაზა შენგელიამ კი მუსიკალურ სფეროში გადაინაცვლა, სატელევიზიო სივრცეს ჩამოშორდნენ დონარა კინწურაშვილი, ლია მიქაძე, მარკ რივკინი, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ლალი მოროშკინა, პა-სეანსის მსახიობები და სხვები. ზოგიერთმა კი კადრს მიღმა გადაინაცვლა. 





(წყარო: ამბები.გე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016