reportiori.ge - ჰიჩკოკის „ჩიტები“, ბეღურების გადაფრენა და შეღებილი ჯორები... ანუ ღია წერილი ამერიკის ელჩს, რიჩარდ ნორლანდს – უცხოეთის ყველა ელჩისა და კონსულის გასაგონად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 07:25
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ჰიჩკოკის „ჩიტები“, ბეღურების გადაფრენა და შეღებილი ჯორები... ანუ ღია წერილი ამერიკის ელჩს, რიჩარდ ნორლანდს – უცხოეთის ყველა ელჩისა და კონსულის გასაგონად!
ავტორი:
05 ნოემბერი, 2014. 20:35



პატივცემულო ბატონო ელჩო!

მისტერ ნორლანდ!


რაკი თქვენი ქვეყანა (ამერიკის შეერთებული შტატები) წარმართავს დღეს მსოფლიო პოლიტიკას და საქართველოს ბედის გადაწყვეტაშიც დიდ როლს თამაშობს, ამიტომ თქვენ მოგმართავთ ამ წერილით; რატომღაც მიგვაჩნია და გვეჩვენება, რომ თქვენ შეგიძლიათ მოსმენა და იმის გაგება, რაც მავანთათვის ხშირად გაუგებარი რჩება... ამდენად, ვფიქრობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერაც და მოვლენათა შეცვლაც...


თავიდანვე (წინასწარვე) მინდა ასეთი რამ ვთქვა სამარცხვინო სინანულით: საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ნაცების ბელადი სააკაშვილი მიცვალებულებს უმალავდა საკუთარი ოჯახის წევრებს: მშობლებს, შვილებს, და-ძმებს, მეუღლეებს... როდესაც ისინი მიჰყავდა სადღაც სასაკლაოზე და იქვე ტოვებდა ქუჩაში და ორღობეებში დაყრილი ღორების საჭმელად, თავად კი თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა... მან მაშინ საკუთარი მიცვალებულების გვამებზე კონცერტი გამართა და მოილხინა: ასე მხოლოდ მონღოლები მოიქცნენ რუსეთის დაპყრობისას...


***

პატივცემულო მისტერ ნორლანდ!


თქვენ გეხსომებათ ჰიჩკოკის გენიალური ფილმი „ჩიტები", სადაც ბოროტი, „ბარბაროსი" ფრინველები პირდაპირ ანადგურებენ ადამიანთა მოდგმას, მათ ცივილიზაციას. „ჩიტების" ეს მისტიკური იერიში საშინელი კატასტროფით თავდება - ჯოჯოხეთად აქცევენ ქვეყანას...


ნაცების ხროვა სწორედ ჰიჩკოკის ჩიტებივით დაესხნენ ჩვენი ერის საარსებო სივრცეს (სულიერს და მატერიალურს განურჩევლად) და გამოხრეს...


ერთ უცნაურ მაგალითსაც მოვიყვან: როდესაც ჩინეთს ბეღურებმა გადაუფრინეს და მოსავალი გაუნადგურეს, მილიონი ჩინელი გამოვიდა დაფდაფებით: ეს იყო საოცარი აჯანყება ბეღურების წინააღმდეგ, ბეღურებმა ჩამოსაჯდომი ადგილი ვერ ნახეს და გულგახეთქილი დაცვივდნენ მიწაზე!


ჩინელებმა მშვიდად აკრიბეს ბეღურები და გემრიელი კერძები მოამზადეს!..


ახლა ჩვენ როგორ მოვიქცეთ, მისტერ ნორლანდ, როდესაც ჩვენი სიმცირის გამო არც ძალა გვყოფნის და არც რაოდენობა, გნებავთ, „ჰიჩკოკის ჩიტების" და თუნდაც „ბეღურების" მოსაგერიებლად...


და მით უფრო, ჩვენდა სამწუხაროდ, სააკაშვილი და მისი ხროვა არც „ჩიტები" აღმოჩნდნენ და არც ბეღურები. ისინი კაციჭამია ვითრხებად და ფოლკნერის შეღებილ ჯორებად იქცნენ და როდესაც ჩვენ მათი მოგერიება ვცადეთ, საკუთარი მფარველების კალთას (ქოლგებს) შეაფარეს თავი. ანუ ევროპა და ამერიკა გამოდგა ამ გამოყვანილი (კლონირებული) ტირანი ჰიბრიდების პატრონი, საკუთარი ხალხის განადგურება რომ შეუძლიათ!


***

ბოდიშის მოხდით გეტყვით მისტერ ნორლანდ, ჩვენ არა ვართ ის ველური ტომი, საკუთარ მიცვალებულებს ხეებზე რომ კიდებენ „ყვავების" საჯიჯგნად და საკუთარი მკვდრების საფლავებზე როკავენ. სააკაშვილი სწორედ ასე მოიქცა: მან მიატოვა მისივე პროვოცირებულ „ომებში" ჩახოცილი მეომრები და ღორების საჯიჯგნად გაწირა - თქვენ გინახავთ ბრძოლის ველიდან გაქცეული „სარდალი", ჯერ მიწას რომ თხრის ცხვირით, მერე კი საკუთარ მიცვალებულთა გვამებზე კონცერტებს მართავს და რუსეთთან თითქოსდა მოგებული ომის სპექტაკლს (იმიტაციას) დირიჟორობს?! ჩვენ ვნახეთ ეს მწარე, სამარცხვინო სპექტაკლი, რომელიც სააკაშვილმა დადგა. იგი და მისი ხროვა შეეცადა შიმშილში და ციხეებში ჩაეხშო ერის სული და გაუგონარი ძალადობით, საფლავებაკიდებული გაედევნა საკუთარი სამშობლოდან - მან ეს ნაწილობრივ შეძლო კიდეც! - პირველად 5000-წლოვანი ისტორის მანძილზე, აბორიგენი ერი (რომელსაც ფეხი არ მოუცვლია საკუთარი მიწიდან) ლტოლვილად და მოხეტიალე ტომად იქცა... 2 მილიონი ქართველი აყრილია საკუთარი სამშობლოდან...


გვეჩვენება, რომ ეს ურთულესი მოვლენა, რომელიც ბედისწერულია ჩვენი ერისთავის, რატომღაც თქვენი ყურადღების მიღმა რჩება!..


***

მიგვაჩნია, რომ სრულიად დაუცველია ჩვენი ერი და მისი კულტურა: რომელმაც უძველესი დამწერლობა (ანბანი) შექმნა; ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე (III ს. ძვ. წ.), ფარნავაზის დროს ჰქონდა განვითარებული მწიგნობრული სახელმწიფო, ხოლო ადრე შუასაუკუნეთა რენესანსი გენიალური „ვეფხისტყაოსნი" (დედამიწის ზურგზე უბადლო წიგნით) გაასრულა... (დააგვირგვინა).


აქვე ვიტყვით: შეურაცხმყოფელია (უსამართლოა) ქვეყნისთვის და ყველა ჩვენგანისთვის, როდესაც ევროპიდან და ამერიკიდან დემოკრატიის არქონას, ან ტოლერანტობის ნაკლებობას გვიკიჟინებენ!


მიტერ ნორლანდ, თქვენ გყავდათ შესანიშნავი მოღვაწენი (ვაშინგტონი, ლინკოლნი, ჯეფერსონი, რეიგანი და სხვანი და სხვანი), რომელთაც ამერიკის დემოკრატია და დემოკრატიული სახელმწიფო შექმნეს. ჯეფერსონმა დაგიწერათ ბრწყინვალე კონსტიტუცია XIX საუკუნეში.


ჩვენმა მეფემ და დედოფალმა  თამარმა XII საუკუნეში შექმნა პირველი საპარლამენტო დემოკრატიული, ეგალიტარული სახელმწიფო მსოფლიოში!


მანვე გააუქმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა...


კიდევ ქართველთა რამდენიმე ზნეობრივ ქცევაზე უნდა გავამახვილო ყურადღება:


- როდესაც ქართველი ქალი მანდილს აგდებს მოსისხლე-მოშუღართა შორის, ომი მთავრდება - ხომ არის ეს ქალის თაყვანისცემის (გენდერული თანასწორობის) გამოხატულება...


- როდესაც ქართველ მეფეს ასე მიმართავს ქვეშევრდომი (გლეხი, მეომარი): „მეფეო, სამს რომ შენ იტყვი, ერთი ჩემიც გაიგონეო!" - ხომ არის ეს პიროვნების თავისუფლების ზეიმი...


- როდესაც ფხოველი მოხუცი მეომარი თემურ ლენგს ისარს ესვრის (ჟინვალთან) და ეუბნება: ვიცოდი, რომ ვერ მოგკლავდი, რადგანაც მოხუცი და ავადმყოფი ვარ, მაგრამ გაგაფრთხილე, რომ არ დაგნებდებით, ჩვენ სამშობლოს ვიცავთ... მოვა სხვა მეომარი და იმისი ისარი არ აგცდება"! (თემურ ლენგს ეს მოხუცი გაუთავისუფლებია) - ხომ არის ეს სამშობლოს დაცვის (მამულის მოვლის) მისტერია?!.


მაშ, რატომ გვასწავლიან და გვიკითხავენ დემოკრატიის, გენდერული თანასწორობის, ტოლერანტობის ლექციებს ევრო-ამერიკელი სნობები?!


ნუ გვასწავლიან იმაზე მეტს, რაც საჭიროა და იმას, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით. ჩვენ არა ვართ პაპუასები, არც ქხმერები და ფაშისტები, ჩვენს ქვეყანაში არასოდეს უდევნიათ ეთნიკური უმცირესობანი. სწორედ, ახლა ებრაელები ქართველებთან 3000-წლოვანი ურთიერთობის იუბილეს (დღესასწაულს) იხდიან - ეს ყველასთვის სანიმუშო მაგალითი უნდა იყოს!


***

ბატონო ნორლანდ, წეღან ჩინელები და ბეღურები ვახსენეთ, აგრეთვე ფოლკნერის შეღებილი ღორები...


ჩვენ, ქართველები, ჩინელებისგან იმით განვსხვავდებით, რომ არ მივირთმევთ ქვეწარმავლების და მორიელის ხორცს, არც ბეღურას ვკლავთ! მაგრამ ვართ ძალიან ცოტანი - უმცირესნი ჩინელებთან შედარებით! მაგრამ ვიცით ასეთი სიბრძნე: ამოარჩიე, ბევრში ცოტა, ცოტაში - ბევრი; (დიდში მცირე, მცირეში - დიდი). ანუ ჩვენი ერი ფიზიკურ სიმცირეს გადაფარავდა სულიერი ენერგიით და ზნეობრივი სიმკაცრით და ქმნიდა მეომართა ხელოვანების და ტაძართა შენების უნიკალურ ჰარმონიას! გენიალურ პოეზიას და მუსიკას: „ჩაკრულოს" ახლა კოსმოსში უშვებენ ღმერთების მოსასმენად...


რაც შეეხება „ფოლკნერის შეღებილ ჯორს", მისნაირად გამოიყურება ახლა ექსორიაში მყოფი სააკაშვილი, რომელმაც თავი შეაფარა ფოლკნერისავე ქვეყანას.


***

სამწუხაროდ, მისტერ ნორლანდ, ახლა თქვენ ამერიკა და ევროპა აღშფოთებული და შეშფოთებული ბრძანდებით იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სამართლის აღდგენას და სააკაშვილის ტიპის დამნაშავეთა დასჯას ცდილობს!


ქართველი ხალხი კი აღშფოთებული იყო თქვენი დუმილით მაშინ, როდესაც საქართველოს XXI საუკუნის „ჰიქსოსების" ბანდა არბევდა, აწამებდა და აუპატიურებდა, მიტინგებს სისხლში ახშობდა, ტელეკომპანიებს სპეცრაზმებით არბევდა.


თქვენ აღშფოთება არ გამოგითქვამთ არც მაშინ, როდესაც სააკაშვილი საკუთარი მიცვალებულების გვამებზე ცეკვავდა და ნულოვანი ტოლერანტობის ბრძანებებს გასცემდა პირდაპირ ტელევიზიიდან ხალხის ქუჩებში დასახვრეტად!


როდესაც სააკაშვილმა რუსეთთან ომის პროვოცირება შეძლო, დაკარგა ტერიტორიების 2/3 და ქვეყანა რუსეთის საოკუპაციო ჯარების ალყაში მოაქცია; პირწმინდად ჩააბარა ყველა თქვენს მიერ ნაბოძები ტექნიკა და იარაღი, არც მაშინ გამოგიხატავთ დიდი აღშფოთება არც თქვენ და არც იმ „სატელიტ" ტელევიზიებს და არასამთავრობოებს, რომლებიც შიგნიდან ანგრევენ სახელმწიფოს და ჭილყვავებივით შეესივნენ ქვეყანას...


***

ახლა ჩვენი ერი ბიძინა ივანიშვილისა და ხალხის თავგანწირული პროტესტის მეოხებით რამდენადმე გათავისუფლდა ამ რეჟიმისგან, მაგრამ ქვეყანა ლამის მათ მიერ დანატოვარი უმძიმესი მემკვიდრეობის მძევლად იქცა. არაფერია თავის ადგილზე, ქვა ქვაზე არაა დატოვებული მათ მიერ, საკუთრებაჩამორთმეული, ერი აყრილი და განდევნილია საკუთარი სახლ-კარიდან; დაუძლეველია ადამიანთა ფსიქოლოგიური და მორალური სტრესის სიმძიმე - არც ნერონს, არც კალიგულას, არც ჰიტლერს მსგავსი ბარბაროსობა არ ჩაუდენია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ...


ახლა ეს ბოროტმოქმედნი დაუსჯელი დაპარპაშებენ ხელშეუხებლობისა და თქვენს მიერ თავსმოხვეული „კოაბიტაციური" რეჟიმის მეოხებით...


***

ხშირად გამოხატავთ ხოლმე აღშფოთებას ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ არასდროს აღუშფოთებიხართ „ნაცების" ტირაჟირებულ ჭირს, მათ ტელევიზიების პროპაგანდას, პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ კომპანიას, რომლებიც გადატრიალებისკენ მოუწოდებენ ნეგატიურ ძალებს და იმ მრავალ ათეულ არასამთავრობოებს, რომლებიც სახელმწიფოში „სახელმწიფოდ" იქცნენ...


პატივცემულო ელჩო, თქვენი სამართალი თქვენს სამშობლოში დაუშვებს ასეთ დაუსჯელობას და უსამართლობას, „კოაბიტაციის" მსგავს გამოვლენას? არ დაუშვებთ თქვენ ამას! მაშ, რა ექსპერიმენტს გვიტარებთ ჩვენ, როგორც საცდელი კურდღლების ქვეყანას. გარწმუნებთ, რომ არ გამოგადგებით ჩვენ ასეთი ექსპერიმენტისთვის!


***

და მაინც, პატივცემულო ელჩო, ყველაზე სახიფათო ის არის, რომ: საქართველო სააკაშვილმა პირდაპირ „დინოზავრების" ბრძოლის პოლიგონზე შეაგდო - ეს მეტად საბედისწერო თამაშია ჩვენი ქვეყნისთვის... ასეთი პოლიტიკით XXI საუკუნეში შესაძლოა, ისევე გაქრეს კულტურული რასა, როგორც ოდესღაც გენიალური შუმერები...


სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა საცდელი ხარის როლში, რომელსაც „წითელ ნაჭერს" უფრიალებენ, რომ „ტორეადორის" მახვილის მსხვერპლი გახდეს. ამ მზაკვრულ როლს ისევ და ისევ ნაცები ასრულებენ, რომ შემდეგ ყველაფერი ივანიშვილს ან სხვა ვინმეს გადააბრალონ! ჩვენ გვეჩვენება, რომ ეს გარემოებაც თქვენი ყურადღების მიღმა რჩება, ან არ თვლით არსებითად და თქვენთვის ბევრი რამ სულ ერთია?! (ანუ) მაშ, რა განაპირობებს ამ კაციჭამია ვირთხების მხარდაჭერას (რომლებიც არც დემოკრატები არიან და არც „ჰუმანოიდები") ცივილიზებული ამერიკის და ევროპის მხრიდან?


დაბოლოს, არ გვინდა ჩამოგვიყალიბდეს „გონივრული ეჭვი", რომ სააკაშვილი თქვენი „უძღები შვილია" და ცდილობთ მის გადარჩენას ქართველი ერის საზიანოდ. ნუ გვიწყენთ, მისტერ ნორლანდ, თუ გსაყვედურობთ ზოგ რამეს და გამოვთქვამთ ეჭვს: ამას ჩვენი სამშობლოს ბედისწერა და მისი გადარჩენის ინსტინქტი გვკარნახობს!


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი „აღთქმული ქვეყანა" ნაბოძები უფლის მიერ, აქ ვართ დასაბამიდან დღემდე: აქ ვკვდებით და ვიბადებით და აქ ვაპირებთ ყოფნას ჟამთა მოქცევამდე - ჩვენ წინაპართაგან დამკვიდრებულ კულტურულ-ისტორიულ სივრცეში - „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენს ნურვინ შეგვეცილება" - ჩვენი ეს საკრალური დევიზი ყველამ უნდა გააცნობიეროს...


მეჩვენება, რომ თქვენ შიგადაშიგ აქებთ და ამით აქეზებთ ალასანიას, რომელიც მეტად სახიფათო მაპროვოცირებელ განცხადებებს აკეთებს - საქართველოში NATO-ს სამხედრო თუ საწვრთნელი ბაზების და სისტემების განლაგებაზე... შეძლებთ თქვენ, მისტერ ნორლანდ, საქართველოზე (და კავკასიაზე) რუსეთის იერიშის მოგერიებას?


ერთხელ ეს ხომ ვერ შეძელით?!..


P. S მისტერ ნორლანდ, ეს წერილი მოკლეც არის და გრძელიც. გრძელი იმიტომ, რომ ელჩს (შეკუმშული დროის გათვალისწინებით) ათგვერდიანი ქაღალდი არ უნდა მისწერო (10 ფურცელზე შეიძლება ვრცელი რომანი დაეტიოს), მოკლე იმიტომ, რომ მაინც ვერ ვთქვით მთავარი („ბევრში ცოტა ვერ ჩავტიეთ!").


თუმცა ჩვენი მთავარი სურვილი და სათქმელი თქვენს მიმართ ის გახლავთ, რომ ნუ გაახვევთ ჩვენს ქვეყანას XXI საუკუნის აპოკალიფსური ომების ბურუსში - არც რუსეთის, არც NATO-ს და სხვა რომელიმე ქვეყნის ბაზები ჩვენ არ გვჭირდება. გვირჩევნია დავრჩეთ სრულიად უიარაღო - სიყვარულით შემოსილი ჩვენი ტაძრების გარემოცვაში...


კობა არაბული,

მწერალი, ეთნოკულტურათა მკვლევარი


P. S.  წერილის ინგლისური თარგმანი გადაეგზავნება ბატონ რიჩარდ ნორლანდს და საქართველოში აკრედიტირებულ ყველა საელჩოს.


გაზეთი „საერთო გაზეთი" (დანართი „პატრიოტი")


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016