reportiori.ge - 6 ნოემბერი ალექსანდრე ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:04
კულტურა
6 ნოემბერი ალექსანდრე ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეა
06 ნოემბერი, 2014. 12:07


ქართული რომანტიზმის პირველი წარმომადგენელი ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე 1786 წელს, რუსეთში, ქალაქ პეტერბურგში დაიბადა.


ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. დიდი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო ლირიკასაც.


ალექსანდრეს მამა - გარსევან (დავით) პაატას ძე ჭავჭავაძე (1757-1811) გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და საიმპერატორო კართან დაახლოებული პირი იყო. დედა - მარიამ ივანეს ასული ავალიშვილი, მწერალ გიორგი ავალიშვილის და იყო. იგი სილამაზით, კეთილგონიერებით, სათნოებით და ოჯახისადმი ერთგულებით გამორჩეული ქალბატონი იყო.


ალექსანდრე ჭავჭავაძე ეკატერინე II-მ და დიდმა მთავარმა ალექსანდრემ, შემდეგში იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მონათლეს. მაყვლისფერი ხავერდის ბალიში, რომელზედაც ამოიყვანა ემბაზიდან ნათლია იმპერატრიცამ ალექსანდრე ჭავჭავაძე, დღესაც ინახება მის შთამომავლებში. უკანასკნელად ამ ბალიშზე მონათლა განსვენებულმა იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სამეგრელოს თავადის შვილები, რომელნიც ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილისშვილის შვილები არიან. ამგვარმა დიდებულმა ნათლიებმა კიდევ უფრო გააუმჯობესეს ის პირობა, რომელშიაც პოეტი გაიზარდა. ის იმპერატორის კარზე იზრდებოდა. ბავშვობიდანვე შეისწავლა რუსული, ფრანგული, გერმანული ენები. ქართულ ენასა და ლიტერატურას პირველად დედამ აზიარა.


1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII-ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.


1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.


1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი ფარნაოზ ბატონიშვილთან გაიქცა და მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.


მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშვეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. გადასახლებაში შვილს გარსევანიც გაჰყვა. მისი მეცადინეობით (იმპერატორს თხოვნით მიმართა - მაჩუქეთ შვილი, შეიწყალეთ, სიყმაწვილით მოუვიდაო), 1806 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძეს დანაშაული აპატიეს და ტამბოვის გადასახლებისაგან გაანთავისუფლეს. 1807 წ. დამდეგს ალექსანდრე პაჟთა კორპუსში ჩარიცხეს. სწორედ ამ პერიოდში თარგმნა პოეტმა ახლოით განჩხრეკილი კაცი", რომელიც ფარნაოზ ბატონიშვილს მიუძღვნა.


1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა. პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს.


ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. მის სახლში გამუდმებით იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეეები, იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, დისკუსიები საზოგადოებრივ საკითხებზე, შეკრებილნი კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს.


ალ. ჭავჭავაძემ 1810 წელს შეირთო სარდალ იონა ორბელიანის ასული სალომე ორბელიანი. ალ. ჭავჭავაძესა და მის მეუღლე სალომე ორბელიანს 4 შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ჰყავდათ. უფროსი ქალი ნინო (1812-1857) ცნობილი რუსი მწერლის გრიბოედოვის მეუღლე იყო; მეორე ქალი ეკატერინე (1816-1882) - სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე; მესამე შვილი გენერალ-მაიორი დავითი (1818-1884); მეოთხე ქალი სოფიო (1833-1891) - კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი ბარონ ნიკოლაის მეუღლე.


პოეტის ულამაზესი ასულები ნინო და ეკატერინე არაერთი პოეტის შთაგონების წყაროდ ქცეულან. მათ ლექსებს უძღვნიდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი და გრიგოლ ორბელიანი. სწორედ ეკატერინე ჭავჭავაძემ გადასცა ილია ჭავჭავაძეს ცარსკოე სელოში ყოფნის დროს ბარათაშვილის პოემის ბედი ქართლისას", „მერანის" და სხვა ლექსების ხელნაწერი რვეული.


ალექსანდრე ჭავჭავაძე სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. 1846 წლის 6 ნოემბერს პოეტი ვორონცოვის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ნადიმზე იყო მიწვეული. დღის პირველ საათზე სახლიდან ახალგამოსული, საპარადოდ გამოწყობილი ეტლით მიემგზავრებოდა ვორონცოვთან. გზად მიმავალს, ახლანდელი ალ. ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, ეტლში შებმული ცხენი დაუფრთხო ბინიდან გადმოღვრილმა წყალმა. პოეტი შეეცადა, მეეტლეს მიშველებოდა. ალექსანდრე წამოდგა, უნდოდა, აღვირს სწვდომოდა, მაგრამ შინელის კალთა ბორბალმა ჩაიხვია, ეტლიდან გადმოვარდა და თავით ფილაქანზე დაეცა. გონწასული პოეტი მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალა საკუთარ სახლში.


მესამე დღეს მთელმა თბილისმა პოეტის ნეშტი კახეთში გააცილა. შუამთის მონასტერში - საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს, სადაც დამარხულია დედამისიც.


მის საფლავზე ძევს ქვა, რომელსაც აწერია: მარად უვიწყოსა სიმამრისა სამარესა დავსდე ფიქალი ესე მთავარმა დავით დადიანმან".


საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან".


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016