reportiori.ge - პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პარლამენტი დაითხოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 07:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პარლამენტი დაითხოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს!
ავტორი:
06 ნოემბერი, 2014. 22:10


„თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოალიცია „ქართული ოცნების" დატოვება ბევრ რამეს რადიკალურად შეცვლის. საპარლამენტო კრიზისი, სავარაუდოდ, სახეზეა და ვნახოთ, როგორ და სადამდე გაღრმავდება ეს კრიზისი. კოალიციის დატოვება თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ალასანიას გუნდი პარლამენტშიც გაემიჯნა ირაკლი ღარიბაშვილის პარტიას. ბოლო მომენტამდე პარლამენტში „ქართულ ოცნებას" უბრალო უმრავლესობა ჰყავდა, ეს კი დეპუტატთა სიითი შემადგენლობის მხოლოდ ნახევარზე მეტს ნიშნავს. მოგეხსენებათ, ჩვენს პარლამენტში 150 დეპუტატია, მათი ნახევარი 75 დეპუტატია და შესაბამისად, 75 პლუს 1, ანუ 76 დეპუტატი სჭირდება უბრალო უმრავლესობას. პრემიერ-მინისტრის გუნდი კოალიცია „ქართული ოცნება" პარლამენტში 6 ფრაქციითა და 83 დეპუტატით იყო წარმოდგენილი („ქართული ოცნება" - 45, „კონსერვატორები" - 6, „ეროვნული ფორუმი" - 6, „მრეწველები" - 6, „თავისუფალი დემოკრატები" - 10, „რესპუბლიკელები" - 9). მოკლედ, „ქართულ ოცნებას" თავი ქუდში ჰქონდა და ნებისმიერ კანონს, გარდა საკონსტიტუციო ცვლილებებისა, უპრობლემოდ იღებდნენ. მეტიც, მთავრობის დამტკიცებასა და ბიუჯეტის მიღებასაც ეს 76 ხმა სჭირდებოდა, მეტი არა. ამიტომ, კოალიციას ხმები სამათხოვროდ არასდროს გახდომია და ოპოზიციურ ძალებთან გარიგებაზე არ წასულა. ახლა კი, ვითარება შეიძლება შეიცვალოს, რადგან დაზუსტებული ინფორმაციები, „თავისუფალი დემოკრატების" რამდენი დეპუტატი დატოვებს კოალიციას, ცნობილი არ არის. თუკი 10 ხმა გამოაკლდა კოალიციას, შესაბამისად, 73 დეპუტატი დარჩება და თუ პარლამენტში უმრავლესობა არ დაიბრუნა, კარგს არაფერს მოუტანს. ამას იურისტი ლევან ალაფიშვილი ასე შიფრავს: 


ეს ნიშნავს, რომ მთავრობას აღარ ექნება პარლამენტის (სიითი შემადგენლობის უმრავლესობის) მხარდაჭერა, პარლამენტში აღარ იარსებებს საპარლამენტო უმრავლესობა (სიითი შემადგენლობის ნახევარი მაინც), პარლამენტის ცალკე აღებული ვერც ერთი ჯგუფი, როგორი მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს, ვერ შეძლებს ორგანული კანონის მიღებას (სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი), პარლამენტის ერთი რომელიმე ჯგუფი ვერ შეძლებს ბიუჯეტის მიღებას (სიითი შემადგენლობის უმრავლესობა), რომელიმე, მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა შეიძლება მოახერხოს კანონის (პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა) მიღება, მაგრამ მანამდე მოუწევთ პლენარული სხდომის უფლებამოსილების კვორუმის მოგროვება, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენს. 


„პრობლემები შეიძლება შეიქმნას ორგანული კანონის მიღების დროს, რადგან ჩვეულებრივი კანონის მიღებას ესაჭიროება დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ კოალიციას გამოვაკლებთ „თავისუფალი დემოკრატების" 10 დეპუტატს, 73 ხმით მაინც არ ექნება უმრავლესობა „ქართულ ოცნებას". 


„თავისუფალი დემოკრატების" პარლამენტის უმრავლესობიდან გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში შეიქმნება პრობლემები ორგანული კანონის მიღების დროს, მაგრამ დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც პარლამენტის წინაშე დგას, არის ბიუჯეტის მიღება, მით უფრო, კალენდარული წელი იწურება და ახალი ბიუჯეტის მიღების დრო მოვიდა. 


„კონსტიტუციის თანახმად, თუ ბიუჯეტი არ იქნა მიღებული პირველ იანვრამდე, მთავრობას კიდევ ეძლევა ორი თვე იმისთვის, რომ წარმოადგინოს ბიუჯეტის ახალი პროექტი და თუ ორი თვის შემდეგაც არ იქნა მიღებული ბიუჯეტი, ეს ჩაითვლება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად და იწყება ახალი მთავრობის ფორმირება, რაც საბოლოო ჯამში, შეიძლება მივიდეს პარლამენტის დაშლამდე", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი


მანვე განმარტა, რომ, თუ პარლამენტი ვერ ჩამოაყალიბებს სასურველ მთავრობას, პრეზიდენტს ეძლევა უფლება, რომ დაითხოვოს პარლამენტი და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. 


ალაფიშვილი კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება საპარლამენტო ხელისუფლებაშიც. უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე რჩება პოსტის გარეშე, რადგან პარლამენტში უმრავლესობა აღარ იარსებებს. უმრავლესობის არარსებობის პირობებში, თავისთავად, აღარ იარსებებს უმცირესობაც, შესაბამისად, სავარძლის გარეშე რჩება უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძეც, უმრავლესობა-უმცირესობის არარსებობის პირობებში კი,  თავისთავად მოხდება საპარლამენტო თანამდებობებისა და კვოტების გადახედვა და ბევრი კომიტეტის თავმჯდომარესა და მოადგილეს მოუწევს თანამდებობის დატოვება. პარლამენტის ხელმძღვანელობის საკითხიც ხელახალი განხილვის საგნად იქცევა - თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერებისა. 


„ნაციონალები" ოცნებობდნენ, რომ ირაკლი ალასანიას დემარშსა და მისი პარტიის ოპოზიციაში გადასვლას, „რესპუბლიკური პარტიაც" შეერთებოდა და „ნაცმოძრაობის" გარშემო ახალი უმრავლესობა შექმნილიყო. მაგრამ ეს გეგმა ჩაეშალათ, რადგან „რესპუბლიკელები" ირაკლი ალასანიას მიერ განხორციელებულ პროვოკაციას არ აჰყვნენ და ამ შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავეს. „ნაციონალებს" პარლამენტში 3 ფრაქცია აქვთ და სულ 55 დეპუტატი ჰყავთ. ამათ „თავისუფალი დემოკრატებიც" რომ დავუმატოთ, 65 კაცი გამოდის და უმრავლესობას - 76 დეპუტატს ვერანაირად ვერ აგროვებენ. ჰა, ჯანდაბას, „რესპუბლიკელებიც" რომ შეერთებოდნენ ირაკლი ალასანიას ავანტიურას თავიანთი 9 დეპუტატით, უმრავლესობას მაინც ვერ მოაგროვებდნენ, რადგანაც 65-ს 9 რომ დავუმატოთ, არის 74 და არა - 76. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, „ნაციონალთა" ოცნების ფრთის შესხმას ბევრი არ დააკლდებოდა. 2 დეპუტატს, „დამოუკიდებელი და მაჟორიტარი დეპუტატების" ფრაქციიდან გადმოიბირებდნენ და უმრავლესობას შექმნიდნენ. ამ ფრაქციაში 4 ყოფილი „ნაციონალია". ამ პარტიის მაჟორიტარებად შევიდნენ პარლამენტში და მერე გაემიჯნენ პარტიას. მოკლედ, იმის თამამად თქმა შეიძლება, რომ „რესპუბლიკელთა" პოზიცია, დარჩენილიყვნენ კოალიცია „ქართულ ოცნებაში". გადამწყვეტი აღმოჩნდა და „ნაციონალებს", ბევრს რომ კაკანებდნენ, საპარლამენტო გადატრიალების გზით ვბრუნდებით ხელისუფლებაშიო, „რესპუბლიკელების" პოზიციის გახმაურების მერე, ხმა ჩაუწყდათ.  


მოვლენებს რომ გავყვეთ, როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის გეგმა ის იყო, რომ საპარლამენტო კრიზისი სამთავრობო კრიზისში გადაეზარდათ, 7 მინისტრი გადამდგარიყო, დღის წესრიგში ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება დამდგარიყო. ეს თავისთავად ნიშნავდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავისი გუნდით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მინისტრთა კაბინეტში, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, 20 მინისტრია. კონსტიტუციით, ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, გადადგეს მინისტრთა საერთო რაოდენობის 1-3, მაგრამ არანაკლებ 7 მინისტრისა. მოკლედ, ირაკლი ალასანიას, როგორც ჩანს, დიდი იმედი ჰქონდა, რომ ამას მიაღწევდა, 7 მინისტრს გამოაცლიდა კაბინეტს. ამის შემდეგ კი, ირაკლი ღარიბაშვილი ავტომატურად ჰაერში აღმოჩნდებოდა, რადგან ახალ მინისტრთა კაბინეტს, პარლამენტი ვეღარ დაამტკიცებდა, რადგან უმრავლესობა აღარ არსებობს პარლამენტში. 


მოდით, ვნახოთ, რა გეგმა ჰქონდა ირაკლი ალასანიას, როგორ აპირებდა იმის განხორციელებას, რაც ზემოთ მოგახსენეთ. თავად ალასანია გადადგა, მას მიჰყვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, მერე - ალასანიას ცოლისდა, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე. ეს უკვე სამი გადამდგარი მინისტრია. „თავისუფალი დემოკრატები", ალბათ, ფიქრობდნენ, რომ გადადგებოდა მათი ყოფილი თანაპარტიელი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ასევე, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პროტეჟეა. თუ კოალიციას „რესპუბლიკელებიც" დატოვებდნენ,   თავისთავად გადადგებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, „რესპუბლიკელი" პაატა ზაქარეიშვილი. მათი გაათვლებით, პოსტი შესაძლოა, კულტურის მინისტრს, მიხეილ  გიორგაძესაც დაეტოვებინა, რადგან ის, გავრცელებული ინფორმაციით, „რესპუბლიკელთა" ლობირებით გახდა მინისტრი. თუმცა, წაღმა დატრიალებული კარუსელი გაჩერდა. ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძესა და ალექსი პეტრიაშვილს, თეა წულუკიანი კი არ მიჰყვა, ის დარჩა მინისტრის პოსტზე. „რესპუბლიკელების" გონივრული პოზიციის შემდეგ, თავისთავად, პოსტები არ დატოვეს პაატა ზაქარეიშვილმა, მიხეილ გიორგაძემ, არც თამარ სანიკიძე გადაჰყოლია თან ირაკლი ალასანიას ამბიციებს. 


შესაძლოა, ეს საკითხი, მხოლოდ დროებით დაიხურა. „რესპუბლიკელებმა" ირაკლი ალასანიას სოლიდარობა გამოუცხადეს, მათ ბევრი საერთო აქვთ და, როგორც ხშირად თავადვე აცხადებდნენ ხოლმე, საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ისიც ცხადია, რომ ირაკლი ალასანია კიდევ გააგრძელებს ამ მიმართულებით ბრძოლას, შესაბამისად, „რესპუბლიკელებთან" მოლაპარაკებებს და არ არის გამორიცხული, ის სცენარი, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ერთ მშვენიერ დღეს მართლა განხორციელდეს. ალასანიას პრეზიდენტი მარგველაშვილიც თანამოაზრედ ეგულება და შესაძლოა, მასთანაც დაიწყოს მისვლა-მოსვლას. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. რეალობა კი ეს არის - ირაკლი ალასანიას პოლიტიკური საბოტაჟი იმით დასრულდა, რომ საქართველოს პარლამენტი, ჯერჯერობით, უმრავლესობის გარეშე დარჩა. მართალია, სამთავრობო კრიზისამდე საქმე ვერ მიიყვანა, მაგრამ „ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით, სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ახლა ირაკლი ალასანია და მისი გუნდი ოპოზიციაში დარჩნენ თავიანთი 3 გადამდგარი მინისტრით. 


მოდით, „რესპუბლიკელების" გარდა, ის მინისტრებიც ვახსენოთ, რომელთა ერთგულებაც კოალიციის მიმართ, ამ აურზაურის პერიოდში, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა: გიორგი კვირიკაშვილი, კახი კალაძე, ელგუჯა ხოკრიშვილი, ნოდარ ხადური, გელა დუმბაძე, დავით შავლიაშვილი, ლევან ყიფიანი, ოთარ დანელია, ალექსანდრე ჭიკაიძე, დავით სერგეენკო, გიორგი მღებრიშვილი და სოზარ სუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ხალხს შეუძლია ბოლომდე დაეყრდნოს, ეს გუშინდელმა მოვლენებმაც დაადასტურა. 


ლოგიკურად, შემდგომი პროცესები ასე უნდა განვითარდეს. თუ კიდევ რაიმე არაორდინალური არ მოხდა ქართულ პოლიტიკაში და პროცესები თვითდინებით განვითარდა, „ქართული ოცნება" მხოლოდ მაშინ შეძლებს პარლამენტში ახალი უმრავლესობის შექმნას, თუ მურმან დუმბაძე, გია გაჩეჩილაძე და კობა დავითაშვილი შემოირიგა, ასევე, უპარტიო მაჟორიტარების ექვსკაციანმა ფრაქციამ მათ მხარი დაუჭირა. მართალია, ამ ფრაქციაში პორტირებული „ნაციონალებიც" არიან, მაგრამ მათ კოალიციის არაერთი კანონპროექტისთვის დაუჭერიათ მხარი ადრე. ეს უკვე 9 დეპუტატია და ბალანსის აღსადგენად, მხოლოდ 1 დეპუტატი სჭირდება „ქართულ ოცნებას" და უმრავლესობასაც დაიბრუნებს. ეს 10 დეპუტატი ჩაენაცვლება კოალიციიდან წასულ „თავისუფალ დემოკრატებს". 


კულუარული ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო „ქართულმა ოცნებამ". თუმცა, შესაძლოა, ამდენი ჯახირი არც დასჭირდეს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან გუშინ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები გელა სამხარაული, ვიქტორ ჯაფარიძე და გედეონ ფოფხაძე არ ტოვებენ კოალიციას და „ქართულ ოცნებაში" რჩებიან. ამ შემთხვევაში, კოალიციას უმრავლესობის დასაბრუნებლად მხოლოდ 7 დეპუტატიღა დასჭირდება. თუ ეს ვერ შეძლეს კოალიციის მესვეურებმა, მაშინ პარლამენტი უმრავლესობის გარეშე რჩება და აქედან გამომდინარე, პარლამენტი ვერ შეძლებს 2015 წლის ბიუჯეტის მიღებას, პრეზიდენტი კი ვალდებული იქნება, პარლამენტი დაითხოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს. შესაძლოა, გაზაფხულისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და ამ არჩევნების შემდეგ, „თავისუფალ დემოკრატებსა" და „ნაციონალებს" ახალ პარლამენტში თითზე ჩამოსათვლელი მანდატები ერგებათ. ირაკლი ალასანია ამ 10-კაციან ფრაქციასაც ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს, იმ ივანიშვილს, რომელთანაც გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში საუბარიც კი არ იკადრა. ივანიშვილმა ზურგზე მოიკიდა ალასანია და მისი გუნდი და ისე შეათრია პარლამენტში. ურეიტინგო „თავისუფალ დემოკრატებზე" აღარაფერს ვიტყვი, ალასანიას წონა და რეიტინგი 2012 წელს, ზუგდიდის მაჟორიტარული არჩევნებისას გამოჩნდა, სადაც ალასანიამ არჩევნები როლანდ ახალაიასთან წააგო. ეს იმ დროს, როცა „ციხის კადრები" უკვე გამოქვეყნებული იყო და როლანდის ვაჟები, ბაჩო და დათა ახალაიები, გასაქცევად ემზადებოდნენ. მერე აკი გაიქცნენ კიდეც საქართველოდან. როლანდ ახალაიამ, პოლიტიკურად გაკოტრებულმა, რომელიც გაძლიერებული დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებოდა ზუგდიდში, სწორედ ირაკლი ალასანია დაამარცხა და დიდი სირცხვილი აჭამა „ქართულ ოცნებას".


ლევან ჯავახიშვილი 

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016