reportiori.ge - დღეს წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:54
რელიგია
დღეს წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეა
11 ნოემბერი, 2014. 13:42



11 ნოემბერს სამცხეში ზარზმის მონასტრის დამაარსებელის და პირველი წინამძღვარის, საქართველოს ეკლესიის წმინდანის, წმინდა სერაპიონ ზარზმელის (IXს.) ხსენების დღეა.


წმ. სერაპიონ ზარზმელი წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ. მას ორი ძმა ჰყავდა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა და ძმები მარტო დარჩნენ.


სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. ღირსი სერაპიონი მცირეწლოვან იოანესთან ერთად ოპიზის მონასტერში, მიქაელ პარეხელთან მივიდა და ბერად შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებით მღვდლად ეკურთხა. უფროსი ძმა კი სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა - უცხოთა და გლახაკთა" მსახურებით ცხოვრობდა.


ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქაელმა იხილა მღვდელშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ".


ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე, ძალიან მოეწონათ ერთი მთა, დაათვალიერეს იქაურობა, და გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი".


იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.


ძმებმა ეკლესიისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ". მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში - იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.


ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი".


სერაპიონი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ზარზმის მონასტერში.


ნეტარმა სერაპიონმა წინასწარ იგრძნო, რომ მისი ამსოფლიდან გასვლის ჟამი ახლოვდებოდა, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და წინამძღვრად განუწესა მღვდელ-მონაზონი გიორგი, კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა".


რამდენიმე დღის შემდეგ დასნეულებული სერაპიონი წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, ემთხვია წმიდა ტრაპეზსა და მაცხოვრის ხატს, ეზიარა, ძმებს სთხოვა, ელოცათ მისთვის,მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა".


წმინდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმინდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა".


წმინდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა სერაპიონის წმინდა ნაწილები ღვთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016